გაერთიანებული სამეფოს გზით სვლა შეცდომაა

გაერთიანებული სამეფოს გზით სვლა შეცდომაა


ზოგჯერ ამბობენ, რომ ცუდი ამბავი სამ ნაწილად მოდის. ეს ზუსტად შეესაბამება გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებულ სიტუაციას ზაფხულის განმავლობაში.

გვიან ივლისში აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტის კრიზისმა იფეთქა, რომელსაც აგვისტოს დასაწყისში ამერიკის საკრედიტო რეიტინგის შემცირება მოჰყვა შ&P-ს მიერ. ამან კვლავ გაამძაფრა ფინანსური ბაზრების მღელვარება მაღალ დეფიციტთან და ევროზონაში ვალებთან დაკავშირებით. 

ცუდი ეკონომიკური ამბების მაუწყებლის უკან დგას საერთო თემა. ეს არის ლიდერობის მარცხი. აშშ-ს პოლიტიკოსები უუნარონი აღმოჩნდნენ შეედგინათ დეფიციტის შემცირების გეგმა. როგორც ჩანს, ასეთივე გამოუვალი მდგომარეობა არსებობს ევროზონაშიც. 

თუმცა, ჯერ-ჯერობით ეკონომიკური პროგნოზები საშინელებებს არ წინასწარმეტყველებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2011-სა და 2012 წლებში 4 %-იან ზრდას პროგნოზირებს. თუმცა, ჩნდება ეჭვები, რომ რაღაც შავბნელი და რთული რამ მოსდევს ამ წინასწარმეტყველებებს. 

რა საშუალებებით შეიძლება ამ ყველაფრის დარეგულირება? პირველ რიგში თხრილიდან თავის დასაღწევად, თხრას უნდა შეეშვა. თუ მსოფლიო ლიდერებსა და პოლიტიკოსებს არაფერი პოზიტიური არ აქვთ სათქმელი მსოფლიო ეკონომიკაზე, არც არაფერი უნდა თქვან. 

მეორე ნაბიჯი არის პოზიტიური საფუძვლის შექმნა G20 სამიტისთვის, რომელიც ნოემბერში ჩატარდება. პოლიტიკა, რომელიც ახლა ჩვენ გვჭირდება, არ უნდა იყოს 2008/9 წლების გამეორება, რომელიც გულისხმობდა ძირითად აქცენტს მასტიმულირებელ პოლიტიკაზე, რათა შეეჩერებინათ სპირალური მოთხოვნის შემცირება და წარმოება. ამის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება ფოკუსირება ისეთ პოლიტიკაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება სიტუაციის გაჯანსაღებაზე. 

ეს მოითხოვს იმის აღიარებას, რომ 21-ე საუკუნის მსოფლიო ეკონომიკაში მთავარი მამოძრავებელი აზიის რეგიონი იქნება, თავისი მზარდი საბაზრო ეკონომიკით. ევროპასა და აშშ-ს მოუწევთ შეეგუონ ეკონომიკის 2 პროცენტიან ზრდას საშუალოვადიან პერიოდში (თუ ამასაც მიაღწევენ) და ფოკუსირება მოახდინონ დასაქმების მაღალი დონის შენარჩუნებაზე. 

დასავლეთის ეკონომიკის მთავარი პოლიტიკა იქნება არა მოთხოვნის ზრდაზე ორიენტირებული, არამედ სტრუქტურულ ცვლილებებს მორგებული: უნდა მოახდინონ შრომის ბაზრების მოქნილობა; ბიზნესკლიმატი არ უნდა იყოს გადატვირთული გადაჭარბებული რეგულირებებით; საგადასახადო განაკვეთები რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს; და საგადასახადო სისტემა უნდა იყოს ეფექტური და მეწარმეებისათვის მისაღები.
მესამე ინგრედიენტი არის ის, რომ ცენტრალურმა ბანკებმა უნდა შეწყვიტონ თავის წარმოჩენა ისე, თითქოს მათ შეუძლიათ ეკონომიკაში ყველანაირი დეფიციტების აღმოფხვრა. ისტორიული მაგალითები გვიჩვენებს, რომ მუდმივი ჩარევა მოთხოვნის სტიმულირებისთვის, რათა მცირე ზრდა იქნეს მიღწეული, იწვევს მუდმივ ინფლაციასა და ფინანსურ არასტაბილურობას. 

ცენტრალური ბანკები იქცეოდნენ საკმაოდ თამამად და სწორადაც კი, 2008/9 წლების პერიოდში, რათა მოეხდინათ ეკონომიკური სიტუაციების სტაბილიზება, მაშინ როდესაც მოთხოვნა და მიწოდება საოცარი სისწრაფით ეცემოდა. მაგრამ ახლა, მათ უფრო სწორად უნდა გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციის რისკს შეხვდნენ პოლიტიკის გამკაცრებით, მაშინ, როდესაც ეს საჭიროა, ასევე, მზად უნდა იყვნენ სარელაქსაციო პოლიტიკის გასატარებლად რისკების შემცირების შესაბამისად. 

წინა წლის მეორე ნახევარში დიდ ბრიტანეთში გაუშვეს შანსი, რათა შეჩერებულიყო მონეტარული სტიმულირების პოლიტიკა., ამერიკამაც წამოიწყო QE2 პროგრამა. ამ პოლიტიკამ ვერ გამოიწვია ზრდა. სამაგიეროდ, ამან გმოიწვია მაღალი ინფლაცია. დღესაც უფრო მეტი სტიმულირება იგივეს გამოიწვევს და ეს ზრდას ვერ შეუწყობს ხელს. 

რაც ახლა დასავლურ ეკონომიკას სჭირდება, არის არა უფრო მეტი სტიმულირება, არამედ საშუალება მიიღოს ახალი პოსტ-ფინანსური კრიზისის რეალობა. და მათ სჭირდებათ უფრო ძლიერი სიგნალები პოლიტიკოსებისგან, რომ ისინი მზად არიან განახორციელონ გამჭრიახი ეკონომიკური პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში. ჩვენ ეკონომიკური პოლიტიკის გატარების მკაცრ და ცუდ პერიოდში ვართ, რთული პერიოდია მთავრობებისთვისა და ცენტრალური ბანკებისთვის. მაგრამ თუ პოლიტიკოსები ვერ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებებს ამჟამინდელი კლიმატის შესაბამისად, უარეს წინააღმდეგობებს შეხვდებიან მომავალში. წინა თვეების გამოცდილებამ ეს ყველაფერი ნათლად დაგვანახა.