გვანცა ჯანჯალაშვილი "ბანკები და ფინანსები"
"თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს” შ.პ.ს "საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს, რომლის მიზანია თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლა ახალი სარკინიგზო ტრასის საშუალებით.
პროექტი ითვალისწინებს თბილისის შემოვლითი 27კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი ელექტრიფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. ახალი სარკინიგზო ხაზი არსებულ ხაზსს გამოეყოფა ზაჰესთან, გაივლის ავჭალისა და გლდანის ტერიტორიებს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობს და შეუერთდება კახეთის არსებულ რკინიგზის ხაზს სადგურ ლილოსთან. შემოვლითი რკინიგზის პროექტი ასევე ითვალისწინებს 12 ხიდის (980მ), 5 გვირაბის გაყვანას (საერთო სიგრძით 3520მ) და სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობის მშენებლობას.
გათვალისწინებულია კახეთის არსებული რკინიგზის ხაზის ათ კილომეტრიანი მონაკვეთის-სადგურ ლილოსთან შეერთების წერტილიდან თბილისის მიმართულებით-გადაკეთება ორლიანდაგიან სარკინიგზო ხაზად არსებული ხაზის რეაბილიტაციისა და ახალი ხაზის დამატების გზით.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება თბილისის ცენტრალურ ნაწილში-სადგურ დიდუბესა და სადგურ ნავთლუღს შორის-არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი.
გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა უბანი შეიქმნება და, სავარაუდოდ, თბილისი-სიტი დაერქმევა. ყოველი 20 ჰექტარ მონაკვეთში 5 ჰექტარი მაინც იქნება გამწვანებული. თბილისში ელისეს მინდვრების მაგვარი ბულვარი გვექნება, საველოსიპედო გზებითურთ.
შ.პ.ს. `საქართველოს რკინიგზის” იურიდიული სამსახურის უფროსის ნინო ფხაკაძის თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ამ პროექტით ყველა კმაყოფილი დარჩენილიყო. თუმცა უკმაყოფილოთა რიცხვი არც თუ ისე მცირეა. ის, ვინც კომპენსაცია აიღო, კმაყოფილია. მათ სახლები უკვე იყიდეს, მაგრამ დარჩენილები შიშობენ, რომ რკინიგზის ხაზის მშენებლობის დასრულებისა და მისი სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ისინი აღნიშნული ტერიტორიიდან გადასახლებას ითხოვენ.
არსებობს მოსახლეობა, რომელთა სახლებიც შემოვლითი რკინიგზის ხაზიდან 20-25 მეტრში დგას, ნგრევაში არ მოყვა და, შესაბამისად, კომპენსაციაც არ მიუღიათ.
"ჩემი სახლი მაქსიმუმ 25 მეტრის სიშორეზე დგას. არადა, როგორც ვიცით, რკინიგზის ხაზიდან სახლი მინიმუმ 50 მეტრის სიშორეზე უნდა იდგეს. არ ვიცი რა მოუვა, როდესაც აქ მატარებლები დაიწყებენ სიარულს. გაუძლებს ის მატარებლის გადაადგილებას? ჩვენ რომ შესაძლებლობა გვქონდეს, საერთოდაც საცხოვრებლად სხვაგან გადავიდოდით", - განაცხადეს ჭრებალოს ქუჩაზე მცხოვრებმა ხუგაშვილებმა.
"რკინიგზის ხაზთან სულ რაღაც 35-38 მეტრი მაშორებს და გასახლება არ შემეხო. ჩემთვის გასახლება უია, გაუსახლებლობა-ვაი! გვირაბამდე გზა 16 მეტრით უნდა ამაღლდეს, გვერდით უნდა იყოს მიწაყრილი, ტერასები და მერე ჩვენი სახლი. აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ხმაურს რომ თავი დავანებოთ, ამ შემაღლებული მიწაყრილის გამო მუდმივად უჰაერობა, ნავთობისა და რკინის სუნი იქნება. სამი ავარია უკვე მოხდა რკინიგზაზე და ერთ დღესაც ამ შემაღლებული ადგილიდან ვაგონი რომ გადმოვარდეს, გასაქცევი ადგილი აღარ მაქვს და გამოდის, მატარებელს უნდა შევაკვდე?! როგორც ვიცი, საერთაშორისო სტანდარტით სარკინიგზო ავარიას ას მეტრში სახლების სრული ნგრევის გამოწვევა შეუძლია. მე კი, როგორც მოგახსენეთ, რკინის ხაზიდან 35 მეტრში ვცხოვრობ”, - ამბობს ავჭალის მცხოვრები მარინა ქემერტელიძე.
ადგილობრივებმა, კომპენსაციასტან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე პრობლემა წამოწიეს. ნინო ფხაკაძის თქმით, ბევრს მიწა საჯარო რეესტრში არ ჰქონდა დარეგისტრირებული, რისთვისაც ხარჯი მათ გაიღეს. ზოგიერთი ფაქტობრივად ფლობდა მიწას, მაგრამ არ ჰქონდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. მათ ქონება დაუკანონეს და კომპენსაციის სანაცვლოდ დაათმობინეს მიწა. ჯულიეტა მანუკიანი კი ამბობს, რომ რკინიგზა კომპენსაციით ვერ აკმაყოფილებს, რადგან სახლი გაფორმებული არ აქვს.
"სამი შვილის დედა ვარ, სოციალურად დაუცველი. რკინიგზა კომპენსაციით ვერ მაკმაყოფილებს, მეუბნებიან, რომ სახლი გაფორმებული არ გაქვს, სახელმწიფოს საკუთრებაშია და ფულს ვერ გადაგიხდითო. ჩვენი სახლის ქვეშ გადის წყლის მილები, ამ მილებით ხდება თბილისის სასმელი წყლით მომარაგება, სწორედ ამ მიზეზით წლებია სახლის გადაფორმება ვერ მოვახერხეთ.
დღეს კი, როცა ლიანდაგის გაყვანა იწყება, უფრო მეტი პრობლემა შემექმნა. მივმართე მერიასაც. ავუხსენი, რომ სამი შვილის დედა ვარ, სოციალურად დაუცველი და ვთხოვე, რომ დაგვხმარებოდნენ, მაგრამ ასეთი პასუხით გამომისტუმრეს, - თუ თავი არ გქონდა, სამ შვილს რას აჩენდიო.
კვლავ მივმართე ყველა უწყებას, მაგრამ ყურადღება ისევ არავინ მომაქცია. არადა, აქ ისეთი გამალებული სამუშაოები მიდის, რომ შეიძლება ეს წყლის მილი გასკდეს და მთელი სახლი მაღლა ასწიოს", - ამბობს ჯულიეტა მანუკიანი.
საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. მიუხედავად ამისა, ავჭალაში მიწის ნაკვეთების 140 მეპატრონესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და ტერიტორიის გათავისუფლება ექსპროპრიაციით (სახელმწიფოს მიერ საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა-ანაზღაურებით) მოხდა.
კიდევ უფრო მასშტაბურ პრობლემას აყენებენ ეკოლოგები. გარემოს დამცველებისათვის პრობლემატურია რკინიგზის გატარება თბილისის ზღვასთან ახლოს. თბილისის ზღვა არის სასმელი წყლის რეზერვუარი თბილისისთვის და ის დაახლოებით 700 000 კაცს აწვდის ქალაქში წყალს. შესაბამისად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტებით გადაზიდვებისას, იქ მოხვედრილი ერთი წვეთი ნავთობიც კი უკვე სერიოზულ პრობლემას უქმნის წყლის აუზსს. თუმცა, "ელისეს მინდვრებთან" თბილისელების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რა მოსატანია.
1617
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85