1. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პროცესები მიზანმიმართულად იქითკენ მიჰყავს, რომ შეიცვალოს საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის არსებული მოდელი, ჩამოყალიბდეს საპარლამენტო რესპუბლიკა, თვითონ კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოგვევლინოს და ამ გზით შეინარჩუნოს საკუთარი და ნაციონალური მოძრაობის მმართველობა.
თუკი სააკაშვილი შეძლებს პოლიტიკურ ოპოზიციაში არსებულ წინააღმდეგობათა გაღრმავებას, საზოგადოებრივი აზრის დეზორიენტირებას, ხალხში გამეფებული შიშისა და აპათიის შენარჩუნებას, ამ გზით 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებასა და პარლამენტში მისთვის სასურველი კონფიგურაციის მიღებას, მაშინ გახდება კიდეც პრემიერ-მინისტრი და შეინარჩუნებს ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის სადავეებს. უკანასკნელი საკონსტიტუციო რეფორმა მას საამისოდ რეალურ კონსტიტუციურ გარანტიას უქმნის.
თითოეული ჩვენთაგანისა და ზოგადად ჩვენი საზოგადოების უპირველესი რიგის ამოცანა ამჟამად სწორედ ისაა, ააცდინოს ქვეყანას სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ქვეყნის სათავეში დარჩენის დამანგრეველი საფრთხე - საქართველოს სახელმწიფოებრივი საფუძვლების სრული მოშლა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროანტლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივის დაკარგვა, მოსახლეობის მასობრივი და ტოტალური გაღატაკება, ქვეყნის პუტინიზაცია...
ამგვარ პირობებში ქვეყნისა და მისი მომავლის გადარჩენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
2. საგულისხმოა, რომ ბოლო დროს როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, ისე საზოგადოებაშიც ხდება მნიშვნელოვანი გარდატეხა და დღეს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე ღიად საუბრობენ ის პოლიტიკური ძალები, ცალკეული პოლიტიკოსები თუ მოქალაქეები, რომლებიც მანამდე არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას უპერსპექტივოდ მიიჩნევდნენ. აუცილებელია ამ უაღრესად პოზიტიური ტენდენციის გადაქცევა შეუქცევად პოლიტიკურ პროცესად.
2012 წლის არჩევნები კალენდარული არჩევნებია და იგი მაინც ჩატარდება, სურს ეს ვინმეს თუ არა და მასში საქართველოს მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის გარეშე სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი ადვილად მიაღწევენ მათთვის სასურველ შედეგს და მის ლეგიტიმაციას.
3. აუცილებლად უნდა მოხერხდეს მთელი ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოების გაერთიანება ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნის - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად. „გაერთიანებაში“ ვგულისხმობთ არა მაინცდამაინც მოცემულ ეტაპზე ბლოკების, კოალიციებისა და ა. შ. შექმნას, არამედ ძალისხმევის გაერთიანებას ამ საერთო მიზნის გარშემო. ამისათვის კი თითოეულმა ოპოზიციურმა ძალამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ საზოგადოებრივმა ჯგუფმა დამოუკიდებლად ან მისთვის სასურველ პარტნიორთან კოორდინაციის გზით აქტიურად უნდა იმუშაოს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამოცანის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს ის არსებითი მნიშვნელობის გარემოებაც, რომ საპარლანეტო-საარჩევნო პროცესში არ არის აუცილებელი რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალისა თუ პოლიტიკური ფიგურის ერთპიროვნულად დაწინაურება და საზოგადოების კონსოლიდაცია მის გარშემო. ასეთ პირობებში საფუძველი ეცლება ოპოზიციურ ფლანგზე შიდაკონკურენციას, სამწუხარო ტრადიციად ქცეულ ურთიერთდაპირისპირებას, ძალების გაფანტვასა და, აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის მხრიდან ოპოზიციის მიმართ გაუცხოებისა და უნდობლობის გაღრმავებას.
თუ ქვეყნისათვის ამ კრიტიკულ ვითარებაში ოპოზიციური სპექტრის შემადგენელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ბრძოლის საერთო ვექტორის ჩამოყალიბებას, ქვეყანას აშკარად ემუქრება ნაციონალების ხანგრძლივი და დამანგრეველი ავტორიტარული მმართველობა, რაზეც პასუხისმგებელნი, პირველ რიგში, სწორედ ის ოპოზიციური ძალები იქნებიან, რომლებმაც სათანადოდ ვერ შეაფასეს არსებული ვითარება. შესაბამისად, ყველა ოპოზიციურმა ძალამ აქტიურად და მიზანმიმართულად უნდა იბრძოლოს ზოგადად და განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელშიც მას შეეძლება მეტი ეფექტის მიღწევა, იქნება ეს სამართლებრივი საკითხები, მწვავე საპროტესტო აქციების ორგანიზება, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება და ა. შ.
4. წინასაარჩევნო პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მხარდაჭერას, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი არის და იქნება საქართველოს საზოგადოების აქტიურობა, მიზანდასახული და თანამიმდევრული ბრძოლა, რათა, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაშიც მოხერხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების - თავისუფალი არჩევანის - პრაქტიკული განხორციელება. საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაძლიოს შიში, აპათია და თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი - იხსნას ქვეყანა და მისი მომავალი ნაციონალთა უპასუხისმგებლო, XXI საუკუნეში ანაქრონისტული ავტოკრატიული რეჟიმისაგან. ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი, ეროვნული და პიროვნული სინდისისა და ღირსების საქმეა. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოებამაც მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლების შეცვლა სწორედ ხალხის სურვილი და ნებაა და არა მხოლოდ ოპოზიციისა.
5. დრო გადის. უკანასკნელი პერიოდის მოვლენები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილს უკვე დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია. გამორიცხული არ არის, მან გამოიყენოს აპრობირებული მეთოდი, იპოვოს საამისო საბაბი, 2012 წლის გაზაფხულზე დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიცია ჩააყენოს მწვავე ცაიტნოტის პირობებში და ამ გზით მიაღწიოს მისთვის სასურველ შედეგს. მით უმეტეს, ვადამდელი არჩევნების პირობები და რეგლამენტაციის სისტემა აქამდე არ არის დადგენილი. ამიტომაც აუცილებელია, ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა, ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ გვერდზე გადადონ თავიანთი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები, სასიცოცლო მიზნად დაისახონ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება, გაააქტიურონ მოქმედებები ამ მიმართულებით და მთელი თავიანთი რესურსები სწორედ ამ პოლიტიკურ პროცესს მოახმარონ.
6. უწინარეს ყოვლისა, გადაუდებლად უნდა დაიწყოს მწვავე და მიზანმიმართული მოქმედებები ე. წ. ნაციონალური ტელეარხების (განსაკუთრებით - საზოგადოებრივი მაუწყებლის) გამოსაყვანად ხელისუფლების ტოტალური კონტროლიდან, რათა მოსახლეობა (განსაკუთრებით - რეგიონებში) გათავისუფლდეს ინფორმაციული ვაკუუმისა და იმ „მოდელირებული“ წარმოდგენებისაგან, რომლებსაც ეს ტელეარხები ქმნიან დემაგოგიურ-პროპაგანდისტული ხერხებითა და მეთოდებით.
საქართველოს მოსახლეობას უნდა მიეცეს რეალური ინფორმაციის მიღების, განსხვავებულ შეხედულებათა მოსმენისა და პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვანი ჩართულობის შესაძლებლობა.
7. დაბეჯითებით ვაცხადებთ: დღეს საქართველოს ბედი და მომავალი მისი მოქალაქეების ხელშია. სწორედ ჩვენს საზოგადოებრივ წიაღში უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ ის „წარმატების გასაღები“, რომელიც ქვეყანას, ერსა და მის მომავალს გადაარჩენს სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის არაადეკვატური, სამარცხვინო მმართველობისაგან, დაუბრუნებს ქვეყანას განვითარებისა და ცივილიზებულ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას, ხოლო მის მოქალაქეებს - ღირსეული ცხოვრების პირობებს.
ყოველივე ამის მიღწევა კი დამოკიდებულია ხალხის აქტიურობაზე, თითოეული ამომრჩევლის სახელმწიფოებრივ და მოქალაქეობრივ შეგნებაზე, თანამიმდევრულ და მიზანმიმართულ მუშაობაზე, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ბრძოლისუნარიანობასა და კეთილგონიერებაზე. ან ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი თავი, რომ ეს შეგვიძლია, ან გავწიროთ ქვეყანა მომავალი დამანგრეველი კატაკლიზმებისა და დამამცირებელი, დამთრგუნველი და უღირსებო არსებობისათვის.