მართლდება სპეციალისტთა ვარაუდი იმის შესახებ, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ამდენი კომპანიისთვის ერთობ პატარაა. ამიტომაც უახლოეს მომავალში მათი ნაწილი ბაზრიდან გაქრება, ხოლო საქართველოში ათიოდე მზღვეველი დარჩება. „ვესტის“ აორთქლების შემდეგ, დღის წესრიგში “ჯი–პი–აი ჰოლდინგისა” და “ირაოს” შერწყმის საკითხი დადგა.
ეს ორივე კომპანია უძლიერესი ევროპული სადაზღვევო კომპანიის - “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” შემადგელობაში შედის. კარგა ხანია ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ჯი–პი–აი” და “ირაო” ერთიანდებოდა და ბოლოს და ბოლოს ავსტრიულმა კომპანიამაც დაადასტურა, რომ საქართველოში არსებული აქტივების გაერთიანებას გეგმავს.
“ვენის სადაზღვევო ჯგუფის” სპიკერმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჯედლიკას ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტი განიხილავს საქართველოში არსებული მისი აქტივის - სადაზღვევო კომპანიის “ირაოს” - მეორე აქტივთან - სადაზღვევო კომპანიასთან “ჯი–პი–აი ჰოლდინგთან” გაერთიანების საკითხს.
“ეს “ირაოში” მხოლოდ ფინანსური კუთვნილების სტრუქტურას შეცვლის და ბაზარზე ბრენდი “ირაო” უცვლელად დარჩება და იგი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას”, - აღნიშნა ჯედლიკამ.
“ჯიპიაი ჰოლდინგი” და “ირაო” რომ ერთი ფინანსური ქოლგის ქვეშ იმუშავებენ, ქართულ კომპანიაშიც დაადასტურეს. “ჯი– პი –აის” წარმომადგენელის ინფორმაციით, გადაწყვეტილება “ჯი–პი–აის” და “ირაოს” მფლობელმა “ვენის სადაზღვევო ჯგუფმა” უკვე მიიღო. თუმცა, დაზღვეულებისთვის ამით არაფერი შეიცვლება და ისინი ჩვეულებრივად ითანამშრომლებენ ორივე კომპანიასთან.
ამ დროისთვის ორივე კომპანიის წილი სადაზღვევო ბაზარზე 27%-ს შეადგენს. მთელი ბაზრის ლიდერი კი “ჯი–პი–აი ჰოლდინგია”, რომელმაც წლეულს ლიდერობა დაიბრუნა.
საერთოდ კი, სადაზღვევო სექტორში წლეულს სახარბიელო ბევრი არაფერი ხდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ორი კვარტლის მონაცემებით, 6 ლიდერი სადაზღვევო კომპანიიდან 2011 წელს მოზიდული პრემია მხოლოდ ორმა გაზარდა, დანარჩენი კი ზარალზე გავიდა. სადაზღვევო სექტორმა წლის პირველი ნახევარი 1,7-მილიონიანი ზარალით დაასრულა. მოზიდული პრემიების მოცულობა კი ამავე პერიოდში 16%-ით შემცირდა.
ასეთი ვითარება ექსპერტ ზვიად კანდელაკს მიანიშნებს იმაზე, რომ სადაზღვევო ბაზარზე ამდენი კომპანია “ვეღარ დაეტევა” და დაახლოებით ერთ წელიწადში 15 სადაზღვევო კომპანიიდან ბაზარზე 10-11 დარჩება. მცირე სუბიექტები ან ბიზნესს დახურევენ, ან მსხვილ ბიზნესთან გაერთიანდებიან, - ამბობს ექსპერტი.
“2003 წლის შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა, ამიტომ ხალხი დაზღვევის აუცილებლობას ხედავს, მაგრამ საამისო ფული არ გააჩნიათ. მოსახლეობას მიმდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხარჯების დაფინანსებაც კი უჭირს. არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე კი წვრილ კომპანიებს დიდ კომპანიებთან კონკურენციის გაწევა უჭირთ. ამ ფონზე კი წვრილი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა რთული იქნება, ამიტომ ისინი ბიზნესს საერთოდ გააჩერებენ ან მსხვილ კომპანიებთან გაერთიანდებიან”, - ამბობს კანდელაკი.
სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის, გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, საცალო ბაზარი ასათვისებელია, ამიტომ პრობლემა მოსახლეობის გადახდისუუნარობაა. “მაგალითისთვის, საქართველოში 600 ათასი ავტომობილი დადის, აქედან მხოლოდ 30 ათასია დაზღვეული. ის, რომ კომპანია საქმიანობას წყვეტს, პრობლემის მიზეზად სუსტი მენეჯმენტიც უნდა დავასახელოთ”, - აცხადებს გიგოლაშვილი.
1037
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85