"გასულ კვირას რესპუბლიკელებმა საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია თბილისის ბიუჯეტში საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.
სამწუხაროდ, ჩვენი ვარაუდი ბაღების დაფინანსების მორიგი კლების შესახებ დადასტურდა და ხვალ საკრებულო კენჭს უყრის თბილისში განათლების პროგრამების ბიუჯეტის 5,926,000 ლარით შემცირებას. პროექტში შავით თეთრზე წერია „გათვალისწინებულია ასიგნებების შემცირება: განათლების პროგრამები - 5926.0 ათასი ლარით, საბავშვო ბაგა-ბაღებში დაფინანსების პრინციპის შეცვლასთან დაკავშირებთ“.
რესპუბლიკელები პროტესტს გამოვთქვამთ თბილისის მერიის აღნიშნული პოლიტიკის მიმართ. მიგვაჩნია, რომ საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღება უსამართლო და არაადეკვატურია თბილისის ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამასთანავე, მოვითხოვთ ყველა საბავშვო ბაგა-ბაღმა გააფორმოს სრულყოფილი ხელშეკრულებები მშობლებათან, სადაც დაცული იქნება ბავშვებისა და მშობლების ინტერესები, დეტალურად იქნება გაწერილი პროგრამა და მომსახურების სახეები, რომელსაც მიიღებენ ბაგა-ბაღის აღსაზრდელები, ისევე როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადასახდელი თანხის ოდენობა.
აღნიშნული პირობების იგნორირებით თბილისის მერია და შესაბამისი სააგენტო ქმნიან იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ მომენტში შეცვალონ მომსახურების ღირებულება.
იმ ფონზე, როდესაც თავად ბიუჯეტი 18 მილიონით იზრდება, სრულიად გაუგებარია, არაადკევატური და არალოგიკურია დაფინანსება შეუმცირო ქალაქში მიმდინარე ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ პროგრამას. ბუნებრივია აღნიშნული თანხის დაფარვა, შემდეგი სამი თვის მანძილზე თბილისელების ხარჯზე, მათთვის გაზრდილი ფინანსური ვალდებულების ხარჯზე უნდა განხორციელდეს.
ამასთანავე, ჯერ კიდევ პრობლემურია საბავშვო ბაღებში შემოღებული გადასახადების საკითხი, ვინაიდან მშობლებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებში არსად არის მითითებული გადასახდელი თანხის ოდენობა, და გვხვდება ბუნდოვანი და არაფრისმთქმელი ჩანაწერი „წინასწარ გადაიხადოს მომავალი თვის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა, ინვოისში მითითებულ ვადებში“.
სერიოზულ პრობლემას წარმოდგენს მომსახურება, რომელსაც იღებენ ბავშვები ბაღებში. ხელშეკრულებაში არსად არის მითითებული, რა ტიპის მომსახურება არის გათვალისწინებული და კვების გარდა რას ფარავს აღნიშნული გადასახადი. ფასიანი მომსახურების შემოღების დროს ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ ბავშვებს შეუნარჩუნდებოდათ და უფრო მეტიც, ყველა ბავშვს გაუთანაბრდებოდა მომსახურება, რომლითაც მანამდე მხოლოდ ის ბავშვები სარგებლობდნენ, ვინც წრეებში დამატებით თანხას იხდიდნენ. სამწუხაროდ ეს დაპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა სიცრუე, ვინაიდან ბაღების უმრავლესობაში საერთოდ გაუქმდა დამატებითი წრეები, დაითხოვეს პედაგოგები და ბავშვებს აღარ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ, ცეკვის, სიმღერის, აერობიკის, მეტყველების კულტურის ან პირველადი უცხო ენის შემსწავლელი პროგრამებით."