ადეიშვილის კონსტიტუცია და სააკაშვილის თავსატეხი

ადეიშვილის კონსტიტუცია და სააკაშვილის თავსატეხი

თბილისში ვენეციის კომისიიის ექსპერტთა სტუმრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციაში არაფრის დათმობას არ აპირებს. ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება მაშინ და იმ სახით, როცა და როგორსაც ხელისუფლება მოინდომებს. თუმცა, ჯერ, თავად ხელისუფლებაშიც ვერ ჩამოყალიბებულან, ვის უნდა ემსახუროს ახალი კონსტიტუცია – ძლიერ პრეზიდენტს, ძლიერ პარლამენტს თუ ძლიერ პრემიერ–მინისტრს.

 

არჩევნებამდე არც თუ ცოტა დროა, მაგრამ მმართველი პარტია არჩევნებამდე „იმშობიარებს“ და ალბათ, მიხეილ სააკაშვილის არჩევანიც, რა სურს – პრეზიდენტობა, პრემიერ–მინისტრობა თუ პარლამენტის თავმჯდომარება – მას შემდეგ გამოიკვეთება. მანამდე, სანამ სააკაშვილისთვის ჯერ გაუგებარია რა განაჩენს გამოუტანს მშობელ პარტიას მისი სისხლი და ხორცი  – ახალშობილი ძალა, არჩევანის გაკეთება ნაადრევია. „ახალშობილი“ კი აუცილებლად მოევლინება ქვეყანას და ალბათ, პრეტენზიას განაცხადებს იმაზე, რაზეც თავის დროზე, „მოქალაქეთა კავშირის“ პირმშომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა.

 

თუმცა, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე და ეს გამონაკლისი, ამ შემთხვევაში, ახალი ოპოზიციური სისხლია, რომელმაც შესაძლოა, ახალი სიცოცხლე შთაბეროს ოპოზიციის გახრწნილ გვამს და ამით თავდაყირა დააყენოს სააკაშვილის გეგმები. მაგრამ ამისთვის სასწაული უნდა მოხდეს და ახლა ამ სასწაულის მოლოდინშია  მთელი ქვეყანა გარინდული. ალბათ, ამ სასწაულს უფრთხის სააკაშვილიც, თორემ დემეტრაშვილ–შარმანაშვილი, ბოლოს და ბოლოს, გარკვევით იტყოდნენ, რა ჩაწერეს ასეთი კონსტიტუციაში, რომ მისი წაკითხვა ერთ დღეს ერთგვარად შეიძლება და მეორე დღეს – სხვაგვარად.

 

რატომ იქცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნა და განხილვა მარაზმად, ვისთვის და ვის მიერ იწერება ახალი კონსტიტუცია და როგორ რეალობაში მოუწევს ცხოვრება ქვეყანას – პრესა.გე–ს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.

 

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, ზოგი საარჩევნო გარემოს შეცვლაში ხედავს ქვეყნის ხსნას, ზოგიც ბიომეტრული პასპორტების შემოღებაში, მაგრამ თუ კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილისთვის იწერება, აქვს კი აზრი  ოპოზიციის ბრძოლას საპარლამენტო არჩევებისთვის?  

– ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი თავიდანვე ეფუძნებოდა სიყალბეს, რადგან ქვეყანაში მისი ცვლილების მოთხოვნა არ არსებობდა. იდეა წარმოიშვა 2009 წლის ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისას. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველმა რაუნდმა იმდენად შეაცბუნა ხელისუფლება, რომ უცბად წამოვიდა იდეა – მონახულიყო ოპოზიციასთან სათანამშრომლო ფორმატი – საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

ინტერესი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისადმი, მითუმეტეს იმ შემადგენლობის გათვალისწინებით, რომელიც აღმოჩნდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, რასაკვირველია ნდობის მაღალი ხარისხით არ გამოირჩეოდა და არც რაიმე სიკეთის მოლოდინი არსებობდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ როდესაც კომისიამ დაასრულა მუშაობა და საკონსტიტუციო პროექტი დღის ბოლოს გადააგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მეორე დილას მასალა უკვე პარლამენტში გადაიგზავნა. ანუ, დოკუმენტმა ერთი დღე–ღამეც ვერ გაატარა ავლაბრის რეზიდენციაში, რომ იქნებ ვინმეს გადაეკითხა და რაიმე აზრი დაბადებოდა.

 

თუმცა, არც ისე  მიამიტები ვართ დავიჯეროთ, რომ მთლად უყურადღებოდ იყო დოკუმენტი ავლაბრის რეზიდენციაში და ეს მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ვინც საჭირო იყო, შესანიშნავად იცოდა, რა უნდა ჩაწერილიყო ამ დოკუმენტში.  სახელმწიფო კომისიის ნურცერთი წევრი ნუ დაიბრალებს, რომ მისი შემოქმედების ნაყოფია ის, რისი, თითქოსდა, განხილვა მოხდა – ეს დოკუმენტი, პრაქტიკულად, გახლავთ ზურაბ ადეიშვილის სახელობისა.

 

ჯერჯერობით, მკაფიოდ არ ჩანს, რას ცდილობს ადეიშვილი ამ კონსტიტუციით

– ცდილობს დაარწმუნოს პრეზიდენტი, რომ ის უკვდავია მარად და მარად. სააკაშვილის ნებისმიერი სურვილი – მოინდომებს პრემიერ–მინისტრობას, დარჩება პრეზიდენტად, თუ პარლამენტის თავმჯდომარეობა მოეწონება, ამ დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს. მთავარია, სააკაშვილი იყოს ძალაუფლების მფლობელი პირველი პირი ქვეყანაში.

 

ამ კონსტიტუციის ყველაზე სუსტ მხარედ ის სახელდება, რომ პარლამენტი აბსოლუტურად ქმედუუნარო ხდება. რა მუხლებია ამისთვის ჩადებული კონსტიტიციის პროექტში, რომ პარლამენტი გააცოცხლონ, იმ შემთხვევისთვის, რომ ვაი–და, სააკაშვილი პარლამენტით მოიხიბლოს?

– ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას აქვს უნიკალური უნარი ნებისმიერ ფაქტზე იქონიოს ის აზრი, რომელსაც უკარნახებენ. ალბათ, გინეისის წიგნშია შესატანი ის მოვლენა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილი იქნა სახელმწიფო კომისიის მიერ, რომელიც პრეზიდენტისთვის ძალაუფლების შემცირებას და პარლამენტისთვის უფლებების გაზრდას გულისხმობდა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პოზიტიურად შეფასდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ანაკლიის პლაჟზე სააკაშვილის მიერ გაჟღერდა ფრაზა, რომ მას სურს იხილოს ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი პარლამენტი, მეორე დღიდან პარლამენტის უმრავლესობამ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ტექსტი, რომელიც შექმნა სახელმწიფო კომისიამ, სწორედ ძლიერი პრეზიდენტის და ძლიერი პარლამენტის მისაღებად არის შექმნილი.

 

როგორ არის ეს კონსტიტუცია ისე დაწერილი, რომ ასეც შეიძლება გავიგოთ და ისეც?

– ქოთნისთვის სახელურის ყველა მხრიდან მობმას გარკვეული ტექნიკის ცოდნა უნდა, მაგრამ ტყუილად არ არის ნათქვამი ენას ძვალი არ აქვსო, მითუმეტეს, თუ სინდისის დეფიციტიც სახეზეა. სწორედ ეს არის ჩემი კითხვაც – როგორ შეიძლება დოკუმენტი, რომელიც ერთ დღეს დასუსტებულ პრეზიდენტს სთავაზობს ქვეყანას, ყველანაირი შესწორების გარეშე, ძლიერი პრეზიდენტის მხარდამჭერად გამოცხადდეს. ეს ნიშნავს, რომ არც კონსტიტუცია და არც ქვეყნის ბედი საპარლამენტო უმრავლეობისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ყველანი მხოლოდ საკუთარი სკამის მომავალზე ფიქრებში არიან ჩაფლული.

 

სააკაშვილის განცხადება, რომ ქვეყანას ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება, სიგნალია, რომ იგი პრეზიდენტობის მესამე ვადისთვის ემზადება?

– ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ბატონ მიხეილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი სავარძელი მოირგოს 2013 წელს. ვფიქრობ, ეს ასე დარჩება არჩევნების წინა კვირამდე. არსებული პარლამენტი შუაღამესაც შეიკრიბება და შეიტანს იმ ცვლილეებს, რასაც დაავალებენ და არ გაუჭირდება სამივე მოსმენით 15 წუთში გააკეთოს ეს.

 

თქვენ ზურაბ ადეიშვილი ახსენეთ, მაგრამ ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ერთადერთი ფიგურა არ იქნება, რომელსაც შეეძლება სააკაშვილის ბედის გადაწყვეტა. უკვე იგრძნობა, რომ უმრავლესობის შიგნით ვიღაცეები პოსტ–სააკაშვილისეული ეპოქისთვის ემზადებიან. არ ფიქრობთ, რომ იმ ვიღაცამ შესაძლოა ადეიშვილს აჯობოს, თუნდაც ეს მერაბიშვილი იყოს?

– „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყველა ლიდერს აწყობს ეს კონსტიტუცია თუნდაც საკუთარი თავის თარგზე მოსარგებად. ამიტომ, თავმდაბლობით არავინ გამოირჩევა და დემოკრატიულობის განცდა არ აწუხებთ, უბრალოდ, ძილის სიმშვიდისთვის ესჭიროებათ საკუთარი ძალის განსაკუთრებული კონცენტრაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მათგანს შეხვდება ბედნიერება ქვეყნის ხელმძღვანელობისა.

 

მაინც, რას ნიშნავდა ლევან რამიშვილის კონსტიტუციის მოდელი, რომელიც ძლიერ საპრეზიდენტო მოდელს უჭერდა მხარს. ეს გამორიცხავდა ვერსიას, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი“ სააკაშვილის მმართველობაში დარჩენას ეწინააღმდეგებოდა?

– ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უნდა ვილაპარაკოთ ურთთიერთგამომრიცხავი მიდგომების თანაბრად არსებობის შესაძლებლობაზე. ერთი ვერსია – თუ მიღებული იქნებოდა ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკის შემცველი დოკუმენტი, შემდგომ დაიწყებოდა მსოფლიოს დარწმუნება, რომ მესამე ვადით უნდა იქნას არჩეული სააკაშვილი.

 

და არამც და არამც სხვა კანდიდატი?

– ეს ვერსიაც არსებობდა. ჩემის აზრით, გარკვეული ჯგუფი, რომელთანაც ლევან რამიშვილი ასოცირდება, არ ჩქარობდა ამ გადაწყვეტილებით მიეღო საბოლოო შედეგი სამი წლით ადრე.

 

ამ პროცესების გარძელებად რამდენად შესაძლებელია მივიჩნიოთ შაშკინსა და „თავისუფლების  ინსტიტუტს“ შორის გაჩაღებული ომი? თუ ეს სააკშვილის თამაშია, როცა იგი ცდილობს თავსგასული ვასალების დაბალანსებას?

– არ მგონია ღირდეს ამ ინტრიგის სიღრმეებში ჩაწვდომა, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი სიღრმე არ არსებობს. ყველაფერი ზედაპირზეა და ბევრად უფრო პრიმიტიულია. არ გამოვრიცხავ, რომ შაშკინს არ ჰქონდა დიდი სიმპათიები იმ დირექტორთა საბჭოს მიმართ, სადაც მოიაზრება ქალბატონი თუთბერიძე. ამ შემთხევაში გამიჭირდება შაშკინის გამტყუნება, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რაც პრესიდან ჩანს, მას აქვს გარკვეული პოზიციები დასათმობი თუთბერიძის მოთხოვნების შესაბამისად. მაგრამ ფაქტი ერთია – ვერცერთი მინისტრი ვერ განახორციელებს დამოუკიდებელ პოლიტიკას სფეროში, რომელზეც ის აგებს პასუხს. ჯერჯერობით, რაც შესაძლოა შაშკინმა სიხარულით გააკეთა, ის არის, რომ მანდატურები შეიყვანა სკოლაში, რაც ჩემი აზრით ზიანს მიაყენებს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას.

 

სხვთა შორის, ისეთი სურათი იქმნება, რომ განათლების სისტემაში მერაბიშვილი იკიდებს ფეხს. კვიტაშვილის უნივერსიტეტში გადაყვანა კი, ერთგვარი სიგნალი იყო, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ადეიშვილის ცდილობს პოზიციის გამყარებას.

– შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ დალტონიკი ვარ და ამ ფერებს ვერ ვანსხვავებ.

 

არჩევნებამდე 2 წელია დარჩენილი და შესაძლოა ნადრევია რაიმეს თქმა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, საკმარისია იქნება თუ არა ეს პერიოდი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად?

– უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების, რომელშიც ვიმყოფებით. ალბათ, დროა, რაღაც ფასი შევძინოთ, თუნდაც საკუთარ ხელის ჩამორთმევას. გამიჭირდება რაიმე ტიპის პატივისცემა გამოვხატო, თუნდაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამ აკადემიური საბჭოს მიმართ. როცა ეს საპატიო ორგანო, ერთი კვირის განმავლობაში, რექტორობის მოვალეობის  ორ სხვადასხვა შემსრულებელს ირჩევს ხმების 100%–ით, დარწმუნებული ვარ იქ ოთხფეხაც რომ შეუყვანონ კანდიდატად, ისიც ხმების 100%–ს მიიღებს.