„თავისუფალი დემოკრატებისგან“ მირთმეული ჰიბრიდული ტარო კვეზერელს

„თავისუფალი დემოკრატებისგან“ მირთმეული ჰიბრიდული ტარო კვეზერელს

[თეონა ხარაბაძე]

ხელისუფლება ჰიბრიდული სიმინდის წარმატებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სიმინდის არნახული მოსავალი მივიღეთ. თუმცა, „არნახული მოსავლის“ სადემონსტრაციოდ, გუშინ, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, კონსტანტინე კობახიძეს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა: გია ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა მცირე ზომის სიმინდის განუვითარებელი ტარო და მარცვლები გადასცეს. 

როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, ჰიბრიდული სიმინდის მოსავალთან დაკავშირებით რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემებია. მან მინისტრის მოადგილეს დაზარალებული გლეხებისთვის კომპენსაციის გაცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის მეშვეობით მთავრობამ გლეხები აზარალა და მოატყუა. 

მინისტრის მოადგილემ კი საკუთარი პოზიცია დაიცვა და გაღმით შედავება სცადა: „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, მათ „თბილისი მარიოტში“ არა ამერიკული, არამედ ქართული სიმინდი მოიტანესო.

არადა ის, რომ ამ პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები და სირთულეები არსებობს, შემდეგ ვერც კობახიძემ უარყო და ამას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებებიც ადასტურებს.

კონსტანტინე კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ჰიბრიდულ სიმინდთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს იცნობს. მისი თქმით, სამინისტროს წყალტუბოსა და ხობში სიმინდის მოსავალზე ზუსტი ინფორმაცია აქვს: - „ამ რეგიონში ჰიბრიდული სიმინდის თესლზე გარკვეული პრობლემები ზოგ შემთხვევაში კლიმატური პირობების, ზოგ შემთხვევაში კი არასწორი სამუშაოების გამო იყო“, -  შემდეგ კი დასძინა, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა მომავალი წლისთვის მსგავსი ტიპის პრობლემები აღმოიფხვრას.

პროგრამის წარუმატებლობის გამო განცხადებები კეთდება პარლამენტშიც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობა, რომელიც თავს სწორედ სიმინდის მოსავლით ირჩენდა, წელს ამ მოსავლის გარეშეა დარჩენილი და რაც მთავარია, მათ ბანკის ვალები აქვთ გადასახდელი.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას ჰიბრიდული სიმინდი სწორედ იმ პირობით მისცა, რომ ისინი თესლის ფულს მოსავლის აღების შემდეგ გადაიხდიდნენ. მათ ეს მოსავალი ვერ აიღეს, მაგრამ ფულის გადახდა უწევთ და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენას ეს პრობლემაც ზედ დაემატა.

სწორედ ამიტომ საპარლამენტო ოპოზიცია რამდენიმე დღე ითხვდა პარლამენტში  საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაედგინათ, ვისი ბრალეულობით მოხდა მოსახლეობის შემოსავლის გარეშე დატოვება და ამასთან, მოსახლეობის ვალის გადახდა როგორ უნდა მომხდარიყო, - თუმცა, უშედეგოდ.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბიუროს სხდომაზე უმრავლესობა მოსახლეობის ამ პრობლემას სიცილითა და ირონიით შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა კი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის პროგრამა, არა ჩავარდნილად, არამედ წარმატებულად შეაფასა. 

როგორც ცისკარიშვილმა განაცხადა, „ქრისტიან-დემოკრატებს“ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება სურთ, რადგან ჰიბრდიული სიმინდის პროგრამა წარმატებულია და კომისიის შექმნის მოთხოვნა, არაადექვატური. 

„თქვენ ალბათ სიმინდის საბჭოური წესით მოყვანის ტრადიციის მომხრე ხართ,“ - მიმართა ცისკარიშვილმა „ქრისტიან-დემოკრატებს“. 

პეტრე ცისკარიშვილის მონაცემებით, ამ პროგრამის შედეგად 10 000-ზე მეტ ოჯახს დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდა, 500-ზე მეტი ადამიანი ლოჯისტიკის, სიმინდის გაშრობის და ა.შ სამუშაობში დასაქმდა. 

ამასთან, ცისკარიშვისლვე მონაცემებით, ჰიბრიდული ჯიშის სიმნდის თესლზე მოთხოვნა უკვე 2-ჯერ გაიზარდა. ცისკარიშვილს ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის დამსახურებად მიიჩნევს აგრარულ სექტორში სადაზღვევო კომპანიების შესვლას და ა.შ. 

„თუკი საქართველოს საექსპორტოდ აქამდე 1 კილოგრამი სიმინდიც კი არ გაუტანია, წელს უკვე 100 000 ტონაზე მეტი მარცვლეული გავა,“ - დასძინა ცისკარიშვილმა. 

მისივე განცხადებით, თუ გლეხებს რაიმე პრობლემა შეექმნათ, შეიძლება ეს გამოწვეული იყოს პატარა ნაკვეთებით, სიმინდის თესვის აგროვადების დაუცველობით და ა.შ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩვეულებრივი მოვლენაა. 

ჰიბრიდული სიმნდის პროგრამის კრიტიკა ასევე მიუღებელია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ფრიდონ თოდუასთვის, რომელიც, როგორც თავად თქვა, „ჰიბრიდული სიმინდით არის გაზრდილი“. 

მისი თქმით, ასეთი სიმნდის ვარგისიანობა სათანადოდ არის შესწავლილი და ამაზე მონოგრაფიაც კი არსებობს. თოდუას არსებული პრობლემებსი მიზეზად მხოლოდ ის გარემოება მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ხალხს ეს სიახლე სათანადოდ ვერ აუხსნა.

„ოპოზიცია აქცენტს სწორედ იმაზე აკეთებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროგრამის მოსახლეობამდე მიტანა სათანადოდ ვერ უზრუნველყო და კომისია სწორედ ამ საკითხის შესასწავლად უნდა შეიქმნას“, - მიაჩნია თოდუას.

რაც უნდა ბევრი ილაპარაკონ უმრავლესობს წევრებმა ფაქტი ფაქტად რჩება - დღეს სოფლად მოსახლეობის დიდი ნაწილი ცუდ მდგომარეობაში იმის გამო, რომ მათ  სიმინდის თესლი განვადებით შეიძინეს და დეკემბერში აქვთ ფული გადასახდელი. სანაცვლოდ, თესლიდან ან არაფერი ამოვიდა, ან იმდენი მოსავალი მიიღეს, რომ ვალის დაფარვასაც კი არ ეყოფა. მოსახლეობის განცხადებიდან გამომდინარე დიდი ეჭვები არსებობს, რომ მათ აიძულებდნენ, ეს თესლი შეეძინათ თუ არადა, ძალიან ცუდი ურთიერთობა ექნებოდათ გამგეობებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობებთან. შესაბამისად მივიღეთ ის, რომ ე.წ. ტრადიციულ ჯიშები ათჯერ უკეთეს მოსავალს იძლეოდა, ვიდრე ახლად შემოტანილი სიმინდი.

საბოლოო ჯამში, პრობლემა როგორ მოგვარდება, არავინ იცის. თუმცა, უმრავლესობა აცხადებს, რომ პარასკევს სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ თემებზე დაწვრილებით ისაუბრებს.