ილგარ მამედ–ზადე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

ილგარ მამედ–ზადე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

[ნინო მიქიაშვილი]

რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი ილგარ მამედ–ზადე თანახმაა ექსპერტიზა ჩაიტაროს, მაგრამ ამ პროცესს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე აფერხებს, რომელმაც შესაბამისი თანხმობა უნდა გასცეს. ამასთან, მსჯავრდებული უარყოფს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მიერ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით 19 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, იმაზე, რომ მამედ–ზადეს სხვა პატიმრებთან ჰქონდა პრობლემები და სწორედ ამის გამო, იგი სამარტოო საკანში მოათავსეს. ეს ინფორმაცია „ობიექტივს“ მამედ–ზადეს უფლებების დამცველმა, ადვოკატმა თედო კობახიძემ მოაწოდა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს, რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე და მისი მოადგილე, დავით ბუხრაშვილი, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შესახებაც ჩვენთვის ცნობილი გახდა უშუალოდ მამედ–ზადეს მიერ, სახალხო დამცველის სახელზე დაწერილი 4–გვერდიანი განცხადება–საჩივრიდან, რომელიც მან 16 სექტემბერს ადვოკატ თედო კობახიძეს გადასცა და სთხოვა ადრესატამდე მიეტანა.

მამედ–ზადეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, ზემოხსენებულ საპატიმრო დაწესებულებაში აურ–ზაური მოჰყვა – 21 სექტემბერს პატიმრებმა ის ეგრეთ წოდებული მაყურებლები სცემეს, რომლებმაც დაწერეს, რომ მამედ–ზადემ 15 სექტემბერს თვითდაზიანებები მიიყენა. საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარი არეულობის შესახებ „ობიექტივს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა შეატყობინა, რომელიც 22 სექტემბერს იმყოფებოდა რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში. გელა ნიკოლაიშვილმა გვითხრა ისიც, რომ ის პატიმრები, რომლებმაც „მაყურებლები“ სცემეს, არეულობის შემდეგ პატიმრები სხვადასხვა საპყრობილეებში გადაანაწილეს.

ადვოკატმა თედო კობახიძემ მსჯავრდებულ მამედ–ზადეს მიერ, 27 სექტემბერს, მის სახელზე დაწერილი განცხადების ასლი მოგვაწოდა. მასში პატიმარი ფაქტიურად აღიარებს იმ ფაქტს, რომ 16 სექტემბერს დაწერილი განცხადება–საჩივრის შემდეგ მასზე ზეწოლა განხორციელდა, რის შემდეგაც მან ამ განცხადების შემდგომ მსვლელობაზე უარი თქვა. განცხადებაში პატიმარი მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვასაც ითხოვს:

„16 სექტემბრის განცხადებას, რაც შეეხება (ვინაიდან მაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ განცხადებას თუ მივცემ მსვლელობას, შეიძლება ჩემს ოჯახს შეექმნას საფრთხე), ამ ეტაპზე არ ვაპირებ აღნიშნულ განცხადებას მივცე შემდგომი რეაგირება... მინდა აცნობოთ ქვეყნის პირველ პირს და ყველა შესაბამის უწყებას, რომ დაიცვან ჩემი ოჯახის უსაფრთხოება და ასევე უზრუნველყონ ჩემი უსაფრთხოებაც“.

რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ, 19 სექტემბერს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გაკეთებულ განცხადებას, რომ მამედ–ზადეს სხვა პატიმრებთან პრობლემები ჰქონდა და ამიტომ სამარტოო საკანში მოათავსეს, თავად მამედ– ზადე, 27 სექტემბერს დაწერილ განცხადებაში წერს:

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, გაჟღერდა ინფორმაცია სახალხო დამცველისგან, რომ თიოთქოს მე სხვა პატიმრებთან მქონდა პრობლემები, რაც არ შეესებამება სიმართლეს. როგორც ბოლოდროინდელ მოვლენებამდე, ასევე ახლაც, მაქვს პატიმრებთან ნორმალური ურთიერთობა და არავითარი დაპირისპირება არ მქონია მათთან“.

მამედ–ზადე თავის განცხადებაში წერს იმაზეც, რომ სიცრუე ის, რომ თითქოს მან მიიყენა თვითდაზიანებები:

„მინდა იცოდეთ არ ვაპირებ რაიმე პრობლემა შევუქმნა ჩემს თავს, მივიყენო თვითდაზიანება. სიცრუეა ის, რომ თითქოს მე მივიყენე ის თვითდაზიანებები, რომელიც 16 სექტემბრის განცხადებაშია აღნიშნული“.

განცხადების ბოლოს მსჯავრდებული წერს იმაზე, რომ 5 დღეა არ აძლევენ ოჯახთან და ადვოკატთან დარეკვის უფლებას:

„დაახლოებით 5 დღის განმავლობაში არ მოგვეწოდება პრესა, არ მარეკინებენ, არც ოჯახში და არც ადვოკატთან და არ მეძლევა საშუალება გავიგო თუ როგორ არიან ჩემი ოჯახის წევრები“.