სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტუღუში არ ადასტურებს და აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას ერთდროულად ორი თანამდებობა ეკავა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა.
მისი განმარტებით, საჯარო განცხადება სახალხო დამცველის თანამდებობის დატოვების შესახებ გაკეთებული აქვს, რის საფუძველზეც კანონის მიხედვით, ომბუდსმენის უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა.
„სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში, მე-10 მუხლში პირდაპირაა მითითებული, რა შემთხვევაში უწყდება უფლებამოსილება სახალხო დამცველს. ერთ-ერთ ქვეპუნქტში წერია, რომ ეს ხდება იმ შემთხვევაში - თუ გადადგა ნებაყოფლობით, ან თუ დაიკავა სხვა შეუთავსებელი თანამდებობა. მე საჯარო განცხადება გავაკეთე სექტემბერში, როდესაც მინისტრის თანამდებობაზე დავინიშნე და ვთქვი, რომ ვტოვებ სახალხო დამცველის თანამდებობას", - განაცხადა ტუღუშმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის მორიგ პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების გარდა, შესაძლოა, ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოხდეს.
მისივე ინფორმაციით, გიორგი ტუღუშს, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრია, სახალხო დამცველის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე არც საკუთარი აპარატის და არც პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.
ამიტომ მისივე განმარტებით, ოთხშაბათს იმსჯელებენ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე, რის შესაბამისადაც შესაძლოა, ამ საკითხის გადაწყვეტა ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე მოხდეს.
ამასთან, ამ დრომდე სახალხო დამცველად საინიციატივო ჯგუფებმა რამდენიმე კანდიდატურა დაასახელეს - თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია და დიმიტრი ლორთქიფანიძე.