ჰიბრიდული სიმინდით გამოწვეულმა აურზაურმა ყველაგან შეაღწია - ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, პარლამენტში, პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიცია ხელისუფლებას პასუხს სთხოვს, ხელისუფლება კი ყველა მეთოდით ცდილობს პროგრამის წარმატებულობის დამტკიცებას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ორივე მხარე სიმინდის ტაროებით შეიარაღებული დადის და თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს.
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოში ჰიბრიდულმა სიმინდმა არ გაამართლა და გლეხები დაზარალდნენ. იგი ითხოვს, მთავრობამ დაზარალებული გლეხები ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის თანხის გადახდისგან გაათავისუფლოს.
“ვითხოვთ, რომ პირველ რიგში, არ გადაახდევინონ გადასახადი გლეხებს, ვინც დაზარალდა და მეორე, კომპენსაციის პირობებზე დაიწყონ ფიქრი. თანხა შეიძლება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს”, - აღნიშნა ალასანიამ.
მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” კი ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის დარგის ჩაძირვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ერთადერთმა სოფლის მეურნეობის პროგრამამ “ჰიბრიდულმა სიმინდმა” სრული კრახი განიცადა.
როგორც პარტიის გამეობის წევრი თამარ ჯუღელი აცხადებს, “ამერიკულმა სიმინდმა” ვერ გაამართლა და მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. გლეხებს და ფერმერებს კი იძულების წესით მიაღებინეს მონაწილეობა ამ პროგრამაში.
“დასავლეთ საქართველოში მოსავალი, პრაქტიკულად, არ მოვიდა. გლეხებს რომლებსაც ადგილობრივი ჯიშებიც ჰქონდათ დათესილი, აცხადებენ, რომ “განსხვავება მოსავალს შორის თვალშისაცემია, იქ სადაც ამერიკულმა სიმინდმა ვერ გაამართლა, ჩვენმა ტრადიციულმა ჯიშებმა კარგი მოსავალი მოგვცაო”, - აღნიშნავს თამარ ჯუღელი და დასძენს, რომ “ჰიბრიდული სიმინდის” პროგრამის კრახით დასრულებამ ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ გლეხებს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თავს კიდევ უფრო დიდი უბედურება დაატეხა.
“გლეხებმა და ფერმერებმა არათუ მოსავლის გაორმაგება ან შემოსავლის გაზრდა შეძლეს, არამედ დახარჯული თანხის ამოღებაც კი ვერ მოახერხეს, რომ მომავალ წელს სათესლე მასალა იყიდონ. უფრო მეტიც მათ ვალად ადევთ 20%-იანი სესხი რომელიც თითქმის იძულების წესით ააღებინეს და სანაცვლოდ სახლები და მიწის ნაკვეთები ჩაადებინეს. ამიტომაც ხელისუფლებამ გაითვალისწინოს და იზრუნოს დაზარალებული მოსახლეობის მიერ გადახდილი სიმინდის თესლის საფასურის რესტრუქტურიზაციაზე”, - განაცხადა ჯუღელმა.
საპარლამენტო ოპოზიცია კი პირდაპირ სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. როგორც სხდომაზე დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, სამინიტრომ სიმინდის თესლი რიგ შემთხვევაში ნაჩქარევად, რიგ შემთხვევაში კი იძულებით დაარიგა. ხელისუფლებამ აღიარა, რომ თესვის აგროვადები დაირღვა, რის მიზეზადაც მოსახლეობისათვის სათანადო ინფორმაციის შეუტყობინებლობა დასახელდა.
ვეფხვაძის მოსაზრებით, სიმინდის თესლის ხარისხის შესწავლა საცდელი მეურნეობის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, რომელიც ხელისუფლებამ “გაყიდა”. სიმინდის დათესვამდე კი კონკრეტული ნიადაგისა და მარცვლეულის ჯიშის შესწავლა უნდა მომხდარიყო.
ვეფხვაძემ ხსენებული უწყების საქმიანობის შესასწავლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანა მოითხოვა. თუმცა როგორც მას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განუმარტა, ეს საკითხი დღის წესრიგში რეგლამენტის დარღვევის გამო ვერ მოხვდებოდა. კერძოდ, ამისათვის ფრაქციის მიმართვა იყო საჭირო და არა პეტიცია, რომელიც ვეფხვაძემ ბაქრაძეს ბიუროს სხდომაზე გადასცა.
ჰიბრიდული სიმინდის მოსავალთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრება აქვთ არა მარტო უმრავლესობაში, არამედ იმ კომპანიაში, რომელმაც ქვეყანაში ჰიბრიდული სიმინდის თესლი შემოიტანა. კომპანია “კარტლისი” აცხადებს, რომ “პიონერის” ჯიშის სიმინდის რეკორდული მოსავალი მიიღო და კომპანიის მენეჯმენტის ვარაუდით 2012 წელს სიმინდი 50 000 ჰექტარ ფართობზე დაითესება (ნაცვლად წლევანდელი 35 ათასი ჰექტრისა).
“სახელმწიფომ 2011 წელს გადაწყვიტა, დაეწყო სიმინდის წარმოების ხელშეკრულების პროგრამა და “პიონერისგან” 30 000 ჰექტარის შესაბამისი სათესლე სიმინდი შეისყიდა. 2005 წლიდან დღემდე გამოვცადეთ 25-მდე სხვადასხვა სიმინდის ჰიბრიდი, დეტალურად შევისწავლეთ მოყვანის საერთაშორისო პრაქტიკა. შემდეგ ჩამოვიტანეთ თანამედროვე ტექნიკა, სასუქები, დავამუშავეთ ადგილობრივ პირობებზე მორგებული სიმინდის მოყვანის ტექნოლოგია, შედეგად მივიღეთ სიმინდის მოსავალი 15-16 ტონა ერთ ჰექტარზე”, - აცხადებს კომპანია “კარტლისი”-ს დირექტორი რობერტ რევია.
მისივე განცხადებით, მაღალ მოსავალს, უპირველეს ყოვლისა, “პიონერის” სათესლე მასალა და მოყვანის სწორი ტექნოლოგია განაპირობებს, რომელსაც კომპანია “კარტლის”-ი რეგონული წარმომადგენლების მეშვეობით ნერგავს. “მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყანა თესავს ჰიბრიდულ სიმინდს და აქედან უმეტესობა იყენებს “პიონერის” სათესლე მასალას. “პიონერს” კონკურენციას ვერ უწევს უკრაინიდან, თურქეთიდან და საფრანგეთიდან შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა”, - ამბობს რევია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი კვერს უკრავს “კარტლისის” ხელმძღვანელობას და აცხადებს, რომ “პიონერის” სათესლე მასალით განხორციელებული სამინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა მართლაც წარმატებული აღმოჩნდა.
820
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85