ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ინა გუდავაძე ჟურნალ „ლიბერალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ დროებით, ჰოლდინგის ხელმძღვანელი მისი უფროსი ქალიშვილი ლიკა პატარკაციშვილი იქნება, მისი მოადგილე კი, რეზო საყევარიშვილი.
როგორც გუდავაძე აცხადებს, საყევარიშვილი უკვე შევიდა ტელევიზიაში და სიტუაციას ეცნობა.
„ამ ადამიანს ბევრმა გაუწია რეკომენდაცია, გვირჩიეს, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და მოგვეჩვენა რომ მისი კანდიდატურა სჯობდა, თანაც, ის „იმედის“ ყოფილი თანამშრომელია, სერიოზული ეკონომიკური განათლება აქვს, ძალიან დაბალანსებული ადამიანია, თავისი აზრით, შეხედულებებითა და პრინციპებით, ამასთან, არაპოლიტიკურია. მგონი ეს არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, სად მივდივართ“, - აცხადებს „ლიბერალთან“ საუბარში გუდავაძე.
მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა იქნება, თუმცა, აღნიშნავს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
„უკვე დაიწყეს ლაპრაკი, რომ ჩვენს უკან ვიღაც დგას, თუმცა ვერანაირ ინსინუაციებს ვერ მივიღებთ“, - აცხადებს გუდავაძე.
ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, „მართალია, რომ იმედი მთლიანად გასართობ-შემეცნებითი არხი გახდება დასაინფორმაციო გამოშვებები აღარ აღდგება“, გუდავაძე აცხადებს, რომ მათ საინფორმაციო გამოშვება დროებით შეწყვიტეს, რადგან ძველი სიტუაციის გაგრძელება არ შეიძლებოდა.
„სანამ თავიდან ბოლომდე პროცესს არ გავაკონტროლებთ, გვერჩივნა საინფორმაციო შეგვეჩერებინა“, -აცხადებს გუდავაძე.
მისივე თქმით, ის თანამშრომლების ასეთ დახვედრას არ მოელოდა.
„მე არც კი მეგონა, თუ თანამშრომლები ასეთი აღფრთოვანებით შეგვხვდებოდნენ. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, როგორ მოვქცეულიყავი, ძალიან ემოციური იყო, არც კი მახსოვს, რას ვამბობდი. ახლა ყველაზე რთული ეტაპია, რომ ამდენი იმედი გავამართლოთ და სწორად მოვიქცეთ“,- აცხადებს გუდავაძე „ლიბერალთან“ ინტერვიუში.