ტელეკომპანია „პიკის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე კოტრიკაძის განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „პიკთან“ ხელშეკრულება გააუქმა, რის გამოც „პიკის“ მაუწყებლობა გაჩერდა.
„დონორმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ კონტრაქტი გააუქმა ჩვენთან. ამის გამო ჩვენი მაუწყებლობა ოფიციალურად გაჩერებულია და ეთერში აღარ გავდივართ. ჩვენ წავიკითხეთ მაუწყებლის განცხადება, რომელშიც აღნიშნული რამდენიმე მიზეზი, რა პრეტენზიაც ჩვენთან აქვთ. ჩვენ კი ოფიციალურ, დამოუკიდებელ აუდიტს ვითხოვთ, რათა გაირკვეს პირობის რა მუხლები დავარღვიეთ და რას გვაბრალებენ. თუ რამე პრობლემები იყო რატომ ადრე არ გაგვაგებინეს?“, -განაცხადა ეკატერინე კოტრიკაძემ.
კოტრიკაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონტრაქტი იმის გამოც გააჩერა, რომ „პიკმა“ რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად საინფორმაციო გადაცემაში მდუმარე სიუჟეტები გაუშვა.
მისი განმარტებით, პროტესტის ნიშნად საინფორმაციო გადაცემაში ჟურნალისტები დუმდნენ.
„ეს იყო ჩვენი პროტესტი იმის შესახებ, თუ რატომ შეგვექმნა პრობლემები. თუმცა კონტრაქტის გაუქმება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უფრო ადრე გადაწყვიტა ვიდრე ეს საპროტესტო მდუმარე საინფორმაციო გადაცემა გავიდოდა ეთერში. ჩვენ ვართ ჟურნალისტები, არ ვართ ფაბრიკა და გვაქვს სიტყვის თავისუფლების უფლება“, - განაცხადა ეკატერინე კოტრიკაძემ.
„პიკის“ თანამშრომლები საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ეთერში დაბრუნებას ითხოვენ.