კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები პარლამენტის ხვალ დაგეგმილ მერვე მოწვევის სხდომაზე დასასწრებად დღეს გაემგზავრებიან. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისა და სამგორში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა.
მისი განმარტებით, დღეს ისინი ადაპტაციის პროცესს გაივლიან და ხვალინდელი სხდომისთვის მოემზადებიან.
რაც შეეხება დღის წესრიგს, აბაშიძის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტის სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გახსნის. გამოსვლის შემდეგ ის სიტყვას გადასცემს პარლამენტის უხუცეს წევრს. უხუცესი დეპუტატი, კი შედეგებზე მცირე მოხსენებას გააკეთებს.
მისი მიმართვის დასრულების შემდეგ კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გამოვიდეს, რომელიც არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს.
„ეს არის ფორმალური მხარე. შემდეგ ჩამოყალიბდება უმცირესობა და უმრავლესობა და ამის შემდეგ ჩვენ უკვე ავირჩევთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც პირველი მოადგილის კანდიდატურას და ვიცე სპიკერებს დაასახელებს“, - აღნიშნა აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, ხვალვე შეიქმნება 2 დროებითი კომისია - სამანდატო და საპროცედურო კომისიები და დასახელდება კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები.
„ეს იქნება პირველი სხდომის დღის წესრიგი. რაც შეეხება შემდეგ სხდომებს, ისინიც ქუთაისში გაიმართება, სადაც იმავდროულად მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მოხდება“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, მერვე მოწვევის პირველი სხდომა ქუთაისში, პარლამენტის ახლადაშენებულ შენობაში, ხვალ 13.00 საათზე გაიმართება.