„რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა“ ეროვნულ მუზეუმში

„რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა“ ეროვნულ მუზეუმში

დღეს, 17:00 საათზე ბრიტანეთის საბჭო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით, „რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა.“

გამოფენაზე წარმოდგენილია ბრიტანული მოდის მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენლები: ჰუსეინ ჩალაიანი, პიტერ ჯენსენი, სოფია კოკასალაკი, მარიოს შვაბი, პოლ სმიტი, ვივიენ ვესტვუდი და ოსმან იუსეფზადე. მათთან ერთად, გამოფენის გახსნაზე სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტი საკუთარი ნამუშევრების ჩვენებას გამართავს.

ბრიტანული მოდის მსოფლიოში ცნობილი თითოეული წარმოდგენილი დიზაინერის შემოქმედება ინდივიდუალურია და  ერთმანეთისგან განსხვავდება რელიგიური ნიშნით, ფერებით, ხელწერით, ხალხური არქიტექტურის თუ ახალი ტექნოლოგიების მიმართ დაინტერესების დონით. 

როგორც ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, -„ეს დიზაინერები ცხოვრობენ დიდ ბრიტანეთში, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს კავშირი საკუთარ ეთნიკურ თუ სოციალურ მემკვიდრეობასთან, და ამას ყოველივეს საკუთარ ნამუშევრებში იკვლევენ. გამოფენის მიზანია ამ დიზაინერთა კოლექციების საშუალებით აჩვენოს, რომ მიუხედავად მოდის მჭიდრო კავშირისა პიროვნულ იდენტობასთან, ის ასევე იტევს განსხვავებულ ისტორიებს და კულტურებს, რაც ვლინდება კიდეც თანამედროვე მოდაში.“

„რეკონსტრუქცია“ გვიჩვენებს, რომ მოდა არა მარტო კომერციის სფეროა, არამედ ესაა ხელოვნება - იდეების განხორციელების და მათი გაზიარების საშუალება.