კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის ოჯახის წევრებმა და „უფლებადამცველთა გაერთიანებამ" თორნიკე მოლაშვილის დაპატიმრებამდე 2 თვით ადრე ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაავრცელეს.
ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, თორნიკე მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა და ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
69-წამიანი მასალა მოლაშვილის დაპატიმრებამდე ორი თვით ადრე, 22 მაისს არის გადაღებული, სადაც იგი აცხადებს, რომ რომ ნარკოტიკების მოხმარების, ან იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით უახლოეს დღეებში მისი დაპატიმრებაა მოსალოდნელი.
„დაგეგმილია ჩემი დაკავება რამდენიმე დღეში. შეიძლება დღესაც დამაკავონ. დაკავების საფუძველი იქნება ნარკოტიკული ნივთიერება, ან ცეცხლსასროლი იარაღი. მე არც ნარკოტიკებით ვაპირებ ქუჩაში სიარულს, არც მოხმარებას, არც ცეცხლსასროლი იარაღი გამაჩნია, არც სახლში მაქვს რაიმე კანონსაწინააღმდეგო. თუ დამაკავეს, ქალბატონებო და ბატონებო, იცოდეთ, რომ ეს იყო დაგეგმილი სცენარი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მიერ", - ნათქვამია მოლაშვილის ვიდეომიმართვაში.
თორნიკე მოლაშვილის მამის, თამაზ მოლაშვილის თქმით, აღნიშნული ვიდეომიმართვის არსებობის შესახებ ოჯახმა იცოდა, თუმცა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ბინაში არაერთგზის ჩატარებული ჩხრეკის გამო ფირი დაკარგული ეგონათ. მასალა მეუღლემ რამდენიმე დღის წინ საოჯახო არქივში აღმოაჩინა.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამ მასალის მტკიცებულების სახით სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაგზავნას აპირებს. მისი თქმით, ამის საფუძველზეც როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, საქმის ხელახლა გადახედვაა შესაძლებელი.
თორნიკე მოლაშვილი 2011 წლის 21 ივლისს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული მუხლი ნარკოტიკების შენახვა გადატანას გულისმხობს. რისთვისაც მას რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.