თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამხედრო ომბუდსმენს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება საქართველოში. ამის შესახებ მან "მეცხრე არხის" ეთერში განაცხადა.
ალასანიას განმარტებით, თავდაცვის უწყება წლების განმავლობაში ჩაკეტილი იყო, ამიტომ მისი თქმით, სამხედრო ომბუდსმენის ინიციატივა მოსაწონია.
„სამხედრო ომბუდსმენს დიდი დატვირთვა ექნება საქართველოში, რადგან თავდაცვის უწყება ჩაკეტილი იყო და ასობით არაადამიანური მოპყრობის ფაქტია დაფიქსირებული ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან. დავპირდი საზოგადოებას, რომ ამ საქმეებს ბოლომდე გავარკვევთ და პასუხისგებაში მივცემთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ქმედებებშიც მიუძღვით წვლილი", - განაცხადა ალასანიამ.
ამასთან დაკავშირებით, ალასანიამ სერგო თეთრაძის შემთხვევა გაიხსენა. მისი თქმით, სერგო თეთრაძე წამებით მოკლეს და ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა არც პროკურატურამ და არც ერთმა მაკონტროლებელმა ორგანომ.
„აბსოლუტურად სწორია, რომ ომბუდსმენის დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობდეს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარლამენტთან და თავდაცვის უწყებას მსგავსი ფაქტების აღმოფხვრისთვის მეტ შანსს მისცემს“, - დასძინა მან.