[ნინო მიქიაშვილი]
კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა, მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, დახმარება სთხოვა – კვიპროსის ეკლესია, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე (რომელიც ახლა თურქებს აქვთ მიტაცებული) არსებული ტაძრების საკუთარი სახსრებით შეკეთების უფლებას ითხოვს.
ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორემ და ქრიზოსტომოს მეორემ, 25 სექტემბერს, წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამსახურებით, ერთობლივი წირვა აღასრულეს, რომლის შემდეგაც ეკლესიების მეთაურებმა ერთმანეთს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მიმართეს.
ჩვენ გთავაზობთ კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის მიმართვის სრულ ტექსტს, რომელშიც ქრიზოსტომოს მეორე 1974 წლიდან, ანუ მათ ქვეყანაში თურქეთის შეჭრიდან დღემდე არსებულ პრობლემებზე საუბრობს და დახმარებას საქართველოს პატრიარქს სთხოვს – „ვითხოვთ თქვენს დახმარებას, როგორც ლოცვით, ისე სიტყვიერი მხარდაჭერით, ყველა იმ ორგანიზაციათა ტრიბუნებზე, სადაც კი ამგვარი საკითხები წყდება. ეჭვი არ გვეპარება, რომ საამისოდ თქვენ ძალასა და ენერგიას არ დაიშურებთ“.
ქრიზოსტომოს მეორე: „ჩვენ თავს ღმრთისაგან კურთხეულებად ვთვლით, ვინაიდან ჩემი თანხმლებნი პირნი და მეც, ღირს გვყო ღმერთმა ფეხი დაგვედგა საქართველოს წმინდა მიწაზე, რომელიც ტრადიციის თანახმად წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და თედეოზმა აკურთხეს. ეს მიწა გაპოხილია სინანულის ცრემლებით, ასკეტური ოფლითა და მოწამეობრივი სისხლით, წმინდა მამათა და დედათა, მორწმუნე მეფეთა და მოციქულთა, როგორიცაა წმინდა ნინო და წმინდა მეფე მირიანი.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, ჩვეულებრივ, ეტიკეტით გათვალისწინებული ვიზიტის ჩარჩოებს სცილდება. ღვთის წყალობით, ეს შეხვედრა დასტურია ორი მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელთა ჭეშმარიტი ერთიანობისა და იგი ჩვენი თანამწირველობით გაცხადდა.
ჩამოვედით აქ, რათა აღვფრთოვანდეთ ქართველი ხალხის არაჩვეულებრივი ღვთისმოსაობით, რათა ერთად ვილოცოთ უსამართლობის აღსაგველად ჩვენს ქვეყნებში, მშვიდობის დასამკვიდრებლად მთელს მსოფლიოში. ჩამოვედით და ჩამოგიტანეთ კურთხევა ჩვენი წმინდანებისა, ჩვენი ეკლესიის დამაარსებელი მოციქულებისა: ბარნაბასი, პავლესი და მარკოზისა; ქრისტეს მეგობრის, წმიდა ლაზარესი; წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა, ეპიფანე კონსტანტიელისა, იოანე მოწყალესი და წმიდა ნეოფიტესი.
კვიპროსის ეკლესიას მუდამ მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოს ეკლესიასთან. დასტურდება, რომ ქართველი ბერები, რომლებიც იერუსალიმის სიწმინდეთა მოსალოცად მიდიოდნენ, კვიპროსზე ყოვნდებოდნენ და ჩვენს სიწმინდეებსაც მოილოცავდნენ ხოლმე. თქვენ პირადად ეწვიეთ იმ მონასტრებს, რომლებშიც ადრე ქართველი ბერები იღწვოდნენ.
გასულ საუკუნეებში საქართველოში თურქთაგან დევნილი ბევრი პონტოელი და მცირე აზიელი ბერძენი ჩამოვიდა და დამკვიდრდა. დღეს კი საკმაოდ ბევრმა ქართველმა მოაშურა კვიპროსს.
საერთო რწმენისა და მართლმადიდებლობისათვის ერთობლივი ზრუნვის გარდა, ჩვენს ორ ეკლესიას საერთო ტკივილიც აერთიანებს. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მათ არ დაჰკლებია მტერთა შევიწროება და ეროვნული ტრაგედიები. გასულ საუკუნეში კეთილშობილმა ქართველმა ხალხმა, სხვათაგან თავსმოხვეული რეჟიმის პირობებში, არაერთი პრობლემა და განსაცდელი გადაიტანა. ასეთივე ურიცხვი და მრავალმხრივი იყო ჩვენი სატანჯველიც. კვიპროსი და მისი უძველესი ეკლესია ახლაც დიდი განსაცდელის წინაშე იმყოფება.
1974 წელს თურქეთი ბარბაროსულად შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და ტერიტორიის 37% დაიპყრო. იგი დღესაც განაგრძობს თავის დამპყრობლურ პოლიტიკას – ცდილობს მიიერთოს დაკავებული ტერიტორია და მასთან ერთად მთელი კვიპროსიც; მოახერხა და განახორციელა კვიპროსელ ბერძენთა გენოციდი, დაკავებული ტერიტორიიდან განდევნა ყველა ბერძენი, მათ კერებზე კი ანატოლიიდან ჩამოყვანილი მუსლიმანური ოჯახები დაასახლა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება, რის გამოც მთლიანად შეიცვალა კუნძულის დემოგრაფიული სურათი.
დაკავებულ ტერიტორიაზე არსებული 500 ტაძარი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ზოგიერთი მათგანი საერთოდ დაანგრიეს, ზოგი მეჩეთად გადააკეთეს, ზოგი გასართობ დაწესებულებად, ზოგი კი საჯინიბოებად აქციეს. შერყვნეს ჩვენი ხატები და საეკლესიო წმინდა ჭურჭელი. მათი უმეტესობა გასაყიდად გააქვთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე.
ჩვენმა ეკლესიამ ყოველგვარი პოლიტიკური მოსაზრებებისა და განზრახვების გარეშე ითხოვა ნება მოეცათ ჩვენივე სახსრებით შეგვეკეთებინა ჩვენი ტაძრები, ვინაიდან ამ ტაძრებისთვის მათ სულაც, რომ არაფერი დაეშავებინათ, 37 წელი სავსებით საკმარისი დროა საიმისოდ, რომ უპატრონოდ მიტოვებული ტაძრები და მონასტრები თავისთავად დაზიანებულიყო. თუმცა, ამ თხოვნაზე პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.
თქვენო უნეტარესობავ, მძიმეა ჯვარი ჩვენი. ამიტომ ვითხოვთ თქვენს დახმარებას, როგორც ლოცვით, ისე სიტყვიერი მხარდაჭერით, ყველა იმ ორგანიზაციათა ტრიბუნებზე, სადაც კი ამგვარი საკითხები წყდება. ეჭვი არ გვეპარება, რომ საამისოდ თქვენ ძალასა და ენერგიას არ დაიშურებთ.
მოციქული პავლეც იმას გვასწავლის, რომ სხეულის ერთი ნაწილის დასნეულება სხვა ნაწილების დასნეულებას იწვევს. ანუ როდესაც რომელიმე ადგილობრივი ეკლესია განსაცდელშია, მაშინ სხვა ეკლესიებიც განსაცდელში იმყოფება. ამიტომ, წინასწარ გიხდით მადლობას, თანადგომისთვის.
ჩვენ ვალდებულნი ვართ გავუმკლავდეთ არა მხოლოდ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ეკლესიები დგას, არამედ უნდა გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები იმ პრობლემებისა და შეკითხვების ირგვლივ, რომლებიც დღევანდელ სამყაროს აწუხებს.
დღეს კაცობრიობას აწუხებს არა მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი, არამედ, ეთიკურიც. დღეს არის კრიზისი ღირებულებათა. ხდება გადაფასება სულიერ მონაპოვართა. ბევრი ადამიანი ზედმეტად ამახვილებს ყურადღებას მატერიალურ კეთილდღეობაზე. თანამედროვე ადამიანს, თვალი და ყური მეტწილად ქონების შეძენასა და დროსტარებაზე აქვს მიპყრობილი, ავიწყდება ის ძირითადი მისია, რისთვისაც ის მოწოდებულია, ავიწყდება სული. ამიტომ, არ არის გამორიცხული ცხოვრების გზის რომელიმე მონაკვეთზე ის მას ნამსხვრევებად ექცეს.
დღეს ნათელია რომ ასეთი ადამიანები იმედგაცრუებულები დაეძებენ აზრზს ცხოვრებისას. მილიონი ადამიანი გაფაციცებული ეძებს ხელჩასაჭიდს, რომელიც გაათავისუფლებს მას სიბნელისა და შიშისაგან და ღმერთთან მიიყვანს. ჩვენი ვალია აღვადგინოთ თანამედროვე საზოგადოების ეს ნამსხვრევები, ანუ ვანუგეშოთ დაბნეული ადამიანი, აღუდგინოთ მას შერყეული ღირებულებანი და ვითარცა მართლმადიდებლებმა მივცეთ კაცობრიობას გაკვეთილად სწავლებანი ასკეტური და მისტიკური თეოლოგიიდან; ვუჩვენოთ მას ის ვიწრო ბჭე და საჭირველი გზა, რომელიც ცხონებასთან მიიყვანს.
შესანიშნავად გვესმის ის, რომ ზემოხსენებული ჩვენი მისიის შესასრულებლად მოგვიწევს სვლა გველთა და ღრიანკალთა შორის. თუმცა, ისიც ვიცით, რომ არც უფლის ამქვეყნიური გზა ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. სახარების ის საკითხავი, რომელიც ძველი სტილის მიხედვით დღევანდელ დღეს, ჯვართამაღლების წინა კვირა დღეს იკითხება, იმას გვიამბობს, რომ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავად გაიღო საკუთარი თავი ჯვარზე გასაკვრელად და ეს იყო მისი უანგარო სიყვარულის გამოვლინება კაცობრიობისადმი.
ჩვენც მზად ვართ ამ განსაცდელებით სავსე გზის გასავლელად. ეს ჩვენი მოვალეობაცაა და მისიაც. თქვენო უნეტარესობავ, აღვსილნი მოვალეობის ამგვარი შეგნებითა და განცდით, გამსჭვალულნი პატივისცემის გრძნობით, პირადად თქვენს მიმართ და თქვენი სამწყსოს მიმართ, ვიმყოფებით აქ; შევთხოვთ ღმერთს მოგანიჭოთ ჯანმრთელობა და ძლიერება, ხოლო საქართველოს ეკლესიას სიმტკიცე, არ მოაკლოს მას კურთხევა სრულიად მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ“.