რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ის აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახავს აპირებს და აღნიშნავს, რომ მაქსიმალურად შეეცდება მათ ურთიერთობაში რუსული გავლენა შეამციროს.
„სამწუხაროდ, ამ გავლენებს ბოლომდე ვერ მოვსპობთ. 2006 წლიდან მოყოლებული, სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალიან ღრმა ჩიხში შეგვიყვანა, როცა ჯერ კოდორში შევიდა და ამით დავკარგეთ კოდორი შემდეგ, დიმიტრი სანაკოევის პროექტის შექმნით, აღადგინა სამხრეთ ოსეთი და შემდეგ მთლიანად დავკარგეთ. ეს ტერიტორიები ოკუპირებულია კოდორთან ერთად, მთელი აფხაზეთი და ახალგორთნ ერთად, მთელი სამხრეთ ოსეთი. დღეს, ეს ფაქტია. სააკაშვილმა ერთ ჩიხში კი არ შეგვიყვანა, ჩიხი ჩიხშია. სამწუხაროდ, მან ჩვენ ტერიტორიებზე სრული კონტროლი რუსეთს გადააბარა და გადაულოცა. მადლობა ღმერთს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზებს სხვა არჩევანი არ აქვთ გარდა რუსეთისა და გარდა საქართველოსა. ეს ერთი პლიუსი და მეორე პლიუსი მადლობა ღმერთს, რომ აფხაზებს და არც ოსებს დამოუკიდებლობის არანაირი რესურსები არ გააჩნიათ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მიუხედავად ამ პრობლემებისა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ, ყველაფერი დაკარგული არაა და აღნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობის გასარღმავებლად ყოველდღიური მუშაობაა საჭირო.
„თუ სააკაშვილს ერთადერთი გამოწვევა ჰქონდა, რომ ეს რუსეთი იყო, ჩვენ სულ ცოტა, ოთხი გამოწვევა გვაქვს. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთია, ესაა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ურთიერთობები და რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, შიდა ქართული კონტექსტი. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში არანაკლები მტერია საქართველოსათვის ვიდრე, იგივე რუსეთი. განძრევის საშუალებას არ მოგცემენ, ისინი ნებისმიერ ნაბიჯს, რასაც გადავდგამთ მასირებულად დაბომბავენ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება, აფხაზებისა და ოსების დამოკიდებულებას, კოალიციისადმი, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მათდამი აგრესია არ ჩანს.
„მათთვის უფრო მისაღებია, რაც საქართველოში მოხდა, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ვიდრე ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში იყო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.