ბრიტანეთში მცხოვრებ ქალბატონებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი შვილის მამა 40 ცნობილ ადამიანს შორის თავად შეარჩიონ. შეიძლება ეს იყოს წარმატებული ფეხბურთელი, მსახიობი, მუსიკოსი, ავტომრბოლელი და ა.შ. ფირმა Fame Daddy-ს საიტზე ქალბატონებს სთავაზობენ გააჩინოთ შვილები ცნობილი მამაკაცებისგან. ამ მომსახურეობის ღირებულება კი, მხოლოდ, 24 ათასი დოლარია.
კლიენტები გაივლიან სპეციალურ ონლაინ ტექსტს, რომლის მიხედვითაც მათ სისტემა შესაფერის კანდიდატებს თავად შეთავაზებს. კომპანია უზრუნველყოფს „ვარსკვლავი მამების“ სამედიცინო შემოწმებასა და მომზადებას. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ „სპერმის ბანკში“ უკვე 40 ცნობილი ვარსკვლავის მონაცემები ინახება. თუმცა ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხევით, სპერმის დონორის ვინაობა საზოგადოებისთვის საიდუმლოდ დარჩება.
საიტზე „ცნობილი მამა“ არ არის მითითებული, არც ტელეფონის ნომერი, არც კომპანიის მისამართი და არც სხვა რაიმე სახის საკონტაქტო ინფორმაცია. წარმომადგენლები ამბობენ, რომ კლიენტებთან უშუალო კონტაქტს კლინიკის გახსნისთანავე დაამყარებენ. კითხვა, თუ როგორ შეძლებს კლიენტი, დააზუსტოს ნამდვილად ეკუთვნის თუ, არა სპერმა მის მიერ ბავშვის მამად არჩეულ ვარსკვლავს, ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.
აღსანიშნავია, რომ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში დიდ ბრიტანეთში მუშაობდა კლინიკა, რომელიც კლიენტებს თავაზობდა მაღალინტელექტუალური მამაკაცების სპერმას. ამ დროს, კლინიკაში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, დაახლოებით 600-ამდე ბავშვი დაიბადა. ამ საქმეს შემდგომ დიდი სკანდალი მოჰყვა, რადგანაც გაირკვა, რომ სპერმა არა მაღალინტელექტუალურ მამაკაცებს, არამედ კლინიკის მეპატრონის მეუღლეს ეკუთვნოდა.