რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტების მოგვარებისათვის ისეთი ქვეყანა უნდა შეიქმნას, რომელიც მათთვისაც მისაღები იქნება.
ამის შესახებ ზაქარეიშვილმა For.ge-ს პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მიზანიც სწორედ სათანადო ნაბიჯების გადადგმაა.
მისი განმარტებით, ამ ნაბიჯების გადადგმა უნდა მოხდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათან, ეტაპობრივად. რომელიც პარტნიორებთან და მეგობრებთან იქნება შეთანხმებული. ამასთან, ზაქარეიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ვნახოთ ის რეალური შედეგები, რომელიც მისაღები იქნება როგორც ქართველებისთვის, ისე რუსებისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვისაც, სულ ცოტა 7-8 წელი მაინც დასჭირდება.
„მე მჯერა, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით შევძლებთ მათ დარწმუნებას ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩემი უკვე კონკრეტული ნაბიჯები იქნება დროში გაწერილი, იმისათვის, რომ შეიცვალოს ვითარება და სახელმწიფო.
მე შემიძლია ერთ კვირაში პირობითად, 15 ნაბიჯი გადავდგა ამისათვის და მერე გავჩერდე, მაგრამ მირჩევნია კარგად ავწონ-დავწონო, შევუთანხმო პარტნიორებს, ევროკავშირსა და სხვა სტრუქტურებში ჩემს მეგობრებს და დაველოდო რეაქციას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამასთანავე, ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ეს რეაქცია სავარაუდოდ, ნეიტრალური, ან უარყოფითი იქნება, მაგრამ მისი თქმით, ამ რეაქციების შესახებ ინფორმაციების მიღება სხვადასხვა წყაროების საშუალებით ექნებათ, რის შემდეგაც მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრას აპირებს.
მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ, ნაბიჯები არა რამდენიმე ერთად, არამედ ცალ-ცალკე უნდა გადაიდგას.
„ეს ნაბიჯები ისეთი უნდა იყოს, რომ აფხაზებს და ოსებს მის მიღებაზე უარის თქმა ყოველთვის გაუჭირდეს. თუ არადა უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ეს კი ბუნებრივია, ჩვენს სასარგებლოდ იმეტყველებს“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
აქვე მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რომ აუცილებელია ახალმა ხელისუფლებამ აფხაზებსა და ოსებს აჩვენოს, რომ ეს ნაბიჯები არის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული და არა ვიღაცასთან შეთანხმებული.
„ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე ვაპირებთ პირობის დადებას. ამაში რათქმაუნდა, აფხაზებისა და ოსების ღირსეული ცხოვრებაც იგულისხმება. გარდა ამისა, ჩვენ არ ვაპირებთ მათ თავს მოვახვიოთ ახალი სახელმწიფო, ჩვენ ვაპირებთ მათთან ერთად, ნაბიჯ ნაბიჯ ძლიერი სახელმწიფოს შექმნას. მაგრამ მანამ საჭიროა სიფრთხილე, რომ სულ ცოტა შეცდომები დავუშვათ და უფრო მეტი სწორი ნაბიჯები გადავდგათ“, - დასძინა ზაქარეიშვილმა.