აურზაური პარლამენტში

აურზაური პარლამენტში

[თეონა ხარაბაძე]

უკვე რამდენი წელია, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩხუბი არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში - ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პარლამენტში ბოლოს ჩხუბი 2005 წლის ივნისში, გიგა ბოკერიას და ბერძენიშვილებს შორის მოხდა. ისიც იმის გამო, რომ ბოკერიას რესპუბლიკელებთან გადასული ვალერი გელაშვილის მიერ პრეზიდენტთან დაკავშირებული გამონათქვამები არ მოეწონა, რომელიც პრესაში დაიბეჭდა.

მას შემდეგ კი დაპირისპირებას ასეთი ფორმები აღარ მიუღია, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, როდესაც გია ცაგარეიშვილს უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი იმნაძე ნაცმოძრაობის ბიჭებთან ერთად საცემნელად პარლამენტის გარეთ დახვდა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაზე სასტიკი და სისხლიანი დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილსა და დავით საგანელიძეს შორის ჯერ კიდევ 1998 წლის მოწვევის პარლამენტში მოხდა, როდესაც ცისკარიშვილმა ცისკარიშვილმა საგანელიძის სახეში რკინის კასტეტი ჩაარტყა.

რა თქმა უნდა, საპარლამენტო ჩხუბების ჩამონათვალი ამით არ იწურება, მაგრამ ბოლო დროს არც ერთ დაპირისპირებას ასეთი ფორმა არ მიუღია. დღეს კი პეტრე მამრაძის გამოსვლამ უმრავლესობა ისე გააღიზიანა, რომ რამდენიმე მათგანმა მამრაძის საცემად გაიწია. მამრაძისთვის სახეში გარტყმა კი მხოლოდ აკაკი ბობოხიძემ მოახერხა. მამრაძეს ბობოხიძისთვის ხელი არ შეუბრუნებია, ის მიკროფონთან  ჩუმად იდგა და სიტყვით გამოსვლის გაგრძელებას ცდილობდა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მამრაძემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს „ქართული პროვოკაცია“ უწოდა. იგი სოხუმის დაცემის დღეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სააკაშვილმა სამხედრო ავანტიურის მოწყობის გზით აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთს ჩააბარა“ და დასძინა, რომ „ვიდრე ქვეყნის სათავეში დღევანდელი რეჟიმია, ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა ყოველდღიურად იკარგება“.

„მინდა შევახსენო ყველას, რომ 1992 წლის 12 აგვისტოდან დიდი ავანტიურა დაიწყო, როდესაც თენგიზ კიტოვანი თავის ბანდასთან ერთად აფხაზეთში გაემართა. პირველ დღეეში იქ ძარცვა–გლეჯას ჰქონდა ადგილი, რასაც შემდგომში მოჰყვა ის, რაც 13 თვესა და 13 დღეში მოხდა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილმა, სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის განხორცილებით რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მანქანას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების საშუალება ლანგარზე მიართვა“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ, რომლის ეს სიტყვებიც უმრავლესობის მხრიდან მასთან ფიზიკურად გასწორების საფუძველი გახდა.

თავდაპირველად უმრავლესობის წევრებმა სცადეს, მაგიდაზე ხელის ბრახუნის გზით მისთვის სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ. ყველაზე ხმამაღლა კი ხათუნა გოგორიშვილი აპროტესტებდა მის ნათქვამს. ისიც უნდა ითქვას, რომ მამრაძესთან საჩხუბრად პირველმა შოთა მალაშხიამ გაიწია, მაგრამ ვიდრე იგი მამარაძემდე მიაღწევდა, მას ბობოხიძე მიეჭრა და სახეში სილა გააწნა. თან ძალიან ხმამაღლა და აღელვებული ტონით  „პროვოკატორს, ახვარს, ნაძირალას, ნაგავსა და სირს“ უწოდებდა.

„ნამუსი აღარა გაქვს? შე ნაძირალა, ქართულ პროვოკაციაზე როგორ ლაპარაკობ?“ - უყვიროდა ბობოხიძე მამრაძეს.

მართალია, მამრაძეს მისთვის ხელი არ შეუბრუნებია და გაუნძრევლად იდგა მიკროფონთან, მაგრამ ბობოხიძე დამშვიდებას არ აპირებდა და მამრაძის საცემად იწევდა. მისი შეჩერება კი პარლამენტის მანდატურებმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ბობოხიძეს პარლამენტის ვიცესპიკერები მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელიც აჩერებდნენ და როგორც იქნა, მისი დაშოშმინება მოახერხეს.   

სახეში სილის გაწნის და სხდომათა დარბაზში ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, მამრაძემ გამოსვლა მაინც დაასრულა და განაცხადა, „ეს არაერთხელ ითქვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. დღესვე საჭიროა ინტესიური მუშაობის დაწყება და აფხაზებისა და ოსებისათვის კარის გახსნა. ჩვენი ურთიერთობების და გულების გამთლიანების გარეშე ვერ გამთლიანდება საქართველო. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ ყველამ, განურჩევლათ იმისა, თუ როგორი რეჟიმია საქართველოში“.

ამის მერე კი უმრავლესობამ ბობოხიძეს მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა. ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ „პეტრე მამარაძეს სხვა გზა არ აქვს, რადგან მას რუსეთიდან დაურეკეს“. უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ „დღეს პეტრე მამრაძემ ის გაახმოვანა, რისი დაკვეთაც მოსკოვიდან მიიღო“.

მოგვიანებით მამრაძეს ტელეფონზე დაურეკეს და სხდომათა დარბაზიდან გავიდა. უმრავლესობის წევრებმა დარბაზიდან გასვლის დროს მამრაძეს მიაძახეს: „პუტინი გირეკავს?”

ჩხუბის დასრულების შემდეგ კი საკუთარი ჩხუბის მიზეზი ბობოხიძემ სესიაზევე განმარტა და ისიც განაცხადა, რომ მსგავს განცხადებებს მომავალშიც არავის მოუთმენს.

ბობოხიძის თქმით, დაპირისპირება არ მომხდარა მიხეილ სააკაშვილის ხსენების გამო, რადგან ის ბევრს უხსენებია სხვადასხვა კონტექსტში.

„არასოდეს ილაპარაკოთ, რომ ეს ომები ქართული მხარის ინსპირირებული იყო“, – მიმართა ბობოხიძემ ოპოზიციას და დასძინა, რომ  თუ პარლამენტის დარბაზში მსგავს საკითხებზე საუბარი კიდევ იქნება, ის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს. ან გაითვალისწინონ, რომ იმის მიმართ, ვინც იტყვის, რომ „ომი ქართული მხარის პროვოკაცია და სააკაშვილის ავანტიურა იყო“, იგი „საკუთარ ქმედებაზე პასუხს არ აგებს“. 

„შევარდანაძის ხელისუფლებაში სწორედ მამრაძე იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ქართული მხარის მიერ სოხუმიდან მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანასა და 1993 წლის 27 ივლისის შესაბამის ხელშეკრულებას დაუჭირა მხარი. ჩემთვის დღევანდელი ხელისუფლებისგანაც გაუგებარია ის ფაქტი, რომ რუსეთთან აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, მამრაძის სულიერი ლიდერი დღემდე კრწანისში ზის. ნაკლებად მაღელვებს, ვინ როგორ და რისთვის გააკრიტიკებს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ვინც იტყვის, რომ ომი ქართული მხარის პროვოკაცია და ავანტიურა იყო... ან მომიხსენით უფლებამოსილება და გამიშვით პარლამენტიდან, ან ვაფრთხილებ ყველას, ამ კუთხით აღარ ილაპარაკონ. მე დღეს გადაწყვეტილების მიჯნაზე ვიდექი“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა  ლევან ვეფხვაძემ „ნაციონალუ მოძრაობას“ შეახსენა, რომ დეპუტატი პეტრე მამრაძე მათი სიით მოხვდა პარლამენტში.

ვეფხვაძის თქმით, პრობლემები, რომლებიც მედვედევისა და პუტინის ხელისჩამომრთმეველ ადამიანებს უკავშირდება, არა მხოლოდ მათი, არამედ ხელისუფლების პრობლემაც არის.

მისი თქმით, ის ადამიანი, რომელზეც დღეს უმრავლესობამ გაიწია, ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა პარლამენტში და ისინიც, ვინც პარადს იბარებდნენ პაკლონაია გორაზე, ერთი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მეორე კი პრემიერ – მინისტრი.

„არც მე და არც ქვეყანა არ არის დაზღვეული იმისგან, რომ თქვენს რიგებში ხვალ კიდევ აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მსგავსი საქციელით მოიწონებენ თავს. ამიტომ, ფრთხილად იყავით. როცა სხვების მიმართ ესეთი ფორმით აგრესიულობას იჩენთ, საკუთარ შემადეგნლობაში მოიკითხეთ მსგავსი ცდუნების ადამიანები“, – მიმართა ვეფხვაძემ უმრავლესობას.

ჩხუბის დასრულების შემდგ საგანგებო განცხადებები უკვე უმრავლესობის მხრიდან გაკეთდა.

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ამ მოწვევის პარლამენტში მეხუთე კოლონის ზოგიერთი წარმომადგენელია შემორჩენილი. როგორც მან აღნიშნა, არ ეგონა თუ 1993 წლის სექტემბრის გახსენება მოუწევდა.

„გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც იძულებული გავხდით, ხელშეკრულება დაედო საქართველოს რუსეთის შეუამავლობით. ამ ხელშეკრულებით გაყვანილი უნდა ყოფილიყო ტანკები, მოხსნილიყო ჩამკეტები საარტელერიო დანადგარებიდან. ეს იყო მეორე ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის გარანტიით დადო საქართველომ. მანამდე იყო გაგრის დაცემა. გაგრაც მეხუთე კოლონის დახმარებით დაეცა. შემდეგ იყო 1993 წელი, იყო ღალატი, მხედრიონი, კიტოვანი, დაპირისპირება. იყო ხელჩართული ბრძოლა, რომ სახელმწიფო ჩამოშლილიყო. ამას აკეთებდა რუსეთი მეხუთე კოლონის დახმარებით“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა და დასძინა, რომ, როგორც ჩანს, ამ მეხუთე კოლონიის ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტშიც არის შემორჩენილი.

მისი თქმით, სრულიად გასაგებია, რატომ უნდა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“, წარმოამდგენელი ჰყავდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მაჭავარიანმა მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მათ წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში უკვე ჰყავთ და ეს არის „ედინაია რასია“.

„თქვენ ხალხი გყავთ დელეგაციებში და ჩვენ მათ ვებრძვით და გავიმარჯვებთ. საქართველო გაიმარჯვებს, რადგან თქვენი ძალა სუსტდება. 1993 წელთან შედარებით სუსტდებით“, – მიმართა მაჭავარიანმა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“, რომლის წევრიც არის პეტრე მამრაძე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ვითარება ბობოხიძის ჩხუბამდეც დაიძაბა ლორთქიფანიძის პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობიდან ამოღების გამო.  

პარლამენტმა ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის გია თორთლაძის მიმართვის საფუძველზე ლორთქიფანიძე ეუთო-ს, სუამ-ის და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო დელეგაციიდან გამოიწვიეს.

აღნიშნული საკითხი პლენარული სხდომის დაწყებისას ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისათვის“ წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ დააყენა. მან კოლეგებს სთხოვა, განემარტათ, „რატომ ხდება მათი ფრაქციის შევიწროება, თავდასხმები და რატომ არ აძლევენ კვოტებს როგორც სპიკერატში, ასევე საერთაშორისო დელეგაციებში?“

ბაღათურიას გამოსვლას დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება მოჰყვა, რომელმაც მისი გაწვევა „დაკვეთად“ შეაფასა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული დებატები სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და რომ არა მანდატურების აქტიურობა, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, შესაძლოა, ხელჩართული ჩხუბი დაწყებულიყო.

ლორთქიფანიძე ზურაბ მელიქიშვილს მოუახლოვდა, რომელთანაც დელეგაციებიდან გამოწვევის საკითხს არკვევდა. ორივე დეპუტატი თავიდან საკმაოდ ხმამაღალ ტონში საუბრობდა, ბოლოს კი ლორთქიფანიძემ მელიქიშვილს დაუყვირა: „შენ ხმა ჩაიწყვიტე“.  მელიქიშვილი ადგილიდან არ განძრეულა, უმრავლესობის წევრებმა ლორთქიფანიძეს სიმშვიდისკენ მოუწოდეს.  

ბაქრაძემ კი ლორთქიფანიძეს ზრდილობა  და „აიქიუ“ მას შემდეგ დაუწუნა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განცხადება გააკეთა და სხდომათა დარბაზი დატოვა. ამ დროს კი ბაქრაძე ლორთქიფანიძეს მიკროფონიდან მიმართავდა.

„თუ ჩემი შეფასება გაინტერესებთ, ზედმეტად გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვთ საკუთარ შესაძლებლობაზე და იმაზე, რომ თქვენი ჩამოშორება დელეგაციებიდან, პარლამენტარიზმს დააზიანებს. თუ მომისმენთ კარგი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს უზრდელობაც შემადგენელი ნაწილია თქვენი გადაჭარბებული თავმოყვარეობის“, – მიმართა ბაქრაძემ ლორთქიფანიძეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც პარლამენტის წევრია, უნდა ჰქონდეს ელემენტარული ლოგიკა და მიხვდეს, რომ დელეგაციაში წარმომადგენელი ჰყავს ფრაქციას და არა სხვას.

„ნებისმიერ ადამიანს, რომლის „აიქიუ“  ოდნავ მაინც აღემატება მეორე კლასის მოსწავლის „აიქიუს“, ეს კარგად უნდა ესმოდეს“, – მიმართა  დავით ბაქრაძემ ოპოზიციონერ ლორთქიფანიძეს.

ამ დროს დაპირისპირება ჩხუბში არ გადაზრდილა, მაგრამ უკვე ჩხუბის შემდეგ ამ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თორთლაძის მიერ ფრაქციის „ერთობა სამართლიანობის“ წარმომადგენლის დელეგაციიდან გამოწვევის გამო მოხარულია“.

ამასთან, ბაქრაძემ საპარლამენტო ოპოზიციას ისიც სთხოვა, არ გამოიყენონ მიკროფონები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

„ყველას მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. მაგრამ ისიც მესმის, რომ არსებობს საზღვარი, რასაც არავინ უნდა გადავიდეს. ეს არის სახელმწიფო ინტერესების გადალახვა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, მართლაც რთულია მოსმენა იმისა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ჩამოიშორა მისი ორი სისხლი და ხორცი – აფხაზეთი და სამაჩაბლო.

„ამის მოსმენა ძალიან მძიმეა, მაგრამ მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. ასევე, ნუ გააკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. აკრიტიკეთ ხელისუფლება, მაგრამ ნუ ავნებთ ქვეყანას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ და ოპოზიციას პირობა მისცა, რომ სანამ პარლამენტის თავმჯდომარეა, ხელისუფლების კრიტიკის გამო მიკროფონს არავის გამოურთავს.