საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მოწვევით, თბილისს სარაევოს კინოფესტივალის წარმომადგენლები ეწვევიან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართველ კინემატოგრაფისტებთან შეხვედრებს გამართავენ ფესტივალის დირექტორი - მირსად პურივატრა, ინდუსტრიული სექციის ხელმძღვანელი - იოვან მარიანოვიჩი და ინდუსტრიული პროექტების მენეჯერი - ენა დოზო.
საქართველო სარაევოს კინოფესტივალთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. როგორც კინოცენტრის განცხადებაშია ნათქვამი,- „ვიზიტის მიზანია, ჯგუფმა ქართველ კინემატოგრაფისტებს გააცნოს სარაევოს კინოფესტივალის პროგრამები და გაუწიოს კონსულტაციები მომავალი თანამშრომლობისთვის, რადგან 2012 წლიდან სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პროგრამა ქართველი მონაწილეებისთვის ოფიციალურად გაიხსნა.“
წელს, 4 ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტი „Sarajevo Talent Campus“-ში პირველად მოხვდა. ესენი არიან: ნიკოლოზ მდივანი, ნინო ჯინჭარაძე, პაპუნა მოსიძე და გიორგი ცქვიტინიძე. გასულ წელს კი, ფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში მოხვდა ქეთევან ყაჯრიშვილის ფილმის პროექტი „პატარძლები“.
სარაევოს კინოფესტივალის ორგანიზატორები თბილიში 21-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით დარჩებიან.