ამერიკაში მცხოვრები გია მაისაშვილი ვაშინგტონიდან ქართველ საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს და ქართველ ხალხს მოუწოდებს, რომ ყველამ დაივიწყოს საკუთარი ამბიცია და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს აღმშენებლობის საქმეში გვერდით დაუდგეს. ამ განცხადებას გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„ძმური სიყვარულით მინდა მოვუწოდო ყველას ვინც არ უჭერდა ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, არც მე გახლავართ მისი კოალიციის წევრი, მაგრამ ძმებო, ცხადია,რომ საქართველოსთვის ამ კრიტიკულ ჟამს ამ კაცს დაეკისრა მისია ჩვენი ქვეყნის ამ ბეწვის ხიდზე გამოტარების წინამძღოლობისა.
ვიცი, ეს ადვილი მოსასმენი არ იქნება სხვა ამბიციური პოლიტიკოსებისთვის, ვაღიარებ, არც ჩემთვისაა ეს ადვილი, მე მგონია რომ ჩემზე კარგი სტრატეგია არავის ააქვს ქვეყნის გადარჩენის და ფეხზე დაყენების, ამიტომაც ვებრძოდი საპრეზიდენტო არჩევნებში მიშა სააკაშვილს. მაგრამ ახლა ვინც დიდი კაცია, ვინც დიდსულოვანია, ვისაც საქართველოს ინტერესი უფრო დიდად მიაჩნია, უნდა დაივიწყოს თავისი საკუთარი ამბიცია და მიულოცოს ბიძინას ქართველი ხალხის ეს დიდი გამარჯვება, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა.
ახლა ყველას ერთობის დროა ჩვენი სამშობლოს და ჩვენი შვილების გასამარჯვებლად. ვთხოვ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გადადგან ეს ნაბიჯი. მე, ქართველ ხალხს ვუცხადებ ჩემს უპირობო მხადაჭერას შორეული ვაშინგტონიდან და მზადყოფნას მთელი ჩემი ამდენ წლიანი გამოცდილების და ცოდნის ახალი გუნდის და ბიძინას სამსახურში ჩაყენების ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ. ღმერთი იყოს საქართველოს და ყველა მართალი ადამიანის მფარველი. საქართველოს და ჩვენი შვილების გამარჯვებისა იყოს, ძმებო!“,-ნათქვამია გია მაისაშვილის ღია წერილში.