ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლების ერთობლივი ვიზიტი „არც თუ ისე შემთხვევითი დამთხვევაა“, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ავტორიტეტული ორგანიზაციები კმაყოფილები არიან იმ შედეგით, რაც მათ საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის კუთხით დახვდათ .
როგორც ცისკარიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამ ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ რა წაიღეს ვიზიტორებმა ჩვენი ქვეყნიდან, რადგან ჩამოსვლამდე მათ საქართველოში გაცილებით უფრო მეტი სიახლე ეგულებოდათ, ვიდრე სხვა ტრადიციულ სივრცეში ელოდებიან, სადაც ისინი საქმიანობენ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ვიზიტით საბოლოოდ შეუდგა წყალი იმ ცილისწამებას, რომელიც „ქართული ოცნების“ და საქართველოში მიმდინარე პროცესების პუტინის პროგრამასთან გაიგივებას უკავშირდებოდა.
„რასაკვირველია პირისპირ შეხვედრას ბევრად უფრო მეტი დამაჯერებლობა მოაქვს რაიმე განცხადების და გზავნილის სწორად აღქმის კუთხით. როდესაც ხვდები ახალ გუნდს და ახალ ადამიანებს, რომელთა მიმართ 1 წლის მანძილზე მხოლოდ ბრალდებები ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ქვეყანას უკან დახევენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანენ საქართველოს და ა.შ. გაქარწყლდა. ხოლო ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა და წინსვლა გუშინდელი დღის შემდეგ, კიდევ უფრო სარწმუნო გახდა. ამიტომ მგონი ამ ცილისწამების ავტორებს თუ შერჩათ სირცხვილის რაიმე ელემენტი, გაწითლება მაინც უნდა დაეტყოთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ამასთანავე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ პირადი კონტაქტების გამყარების შემდეგ, ახალი მთავრობის წევრებისთვის გაადვილებული იქნება საუბარი იმ საერთო გეგმაზე, რომელიც განსახორციელებელი იქნება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით.
„ევროპული და ევროატლანტიკური წარმომადგენლობის ასე არც თუ ისე შემთხვევით დამთხვეული ვიზიტები საუბრობს იმაზე, რომ ეს ავტორიტეტული ორგანიზაციები არიან კმაყოფილი იმ შედეგებით რაც მათ ჩვენს ქვეყანაში დახვდათ. ჩვენ გვექნება ახალი მიღწევები, რადგან ამისათვის მოტივირებულია არა ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება, არამედ ევროკავშირიცა და ნატოს წარმომადგენლობაც“, - განაცხადა ექსპერტმა.