კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან კომპანია „თელასის“ ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც აქციას მართავდნენ, კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ფაცაცია შეხვდა.
მისი თქმით, ყველა ადამიანი აუცილებლად დაუბრუნდება სამსახურს და გამოძიება დაადგენს, თუ რა მოხდა რეალურად "თელასში". ამიტომ ფაცაციამ „თელასის“ ყოფილ თანამშრომლებს ურჩია, რომ მათ განცხადებით აუცილებლად მიმართონ პროკურატურას.
ასევე ფაცაცია აცხადებს, რომ „თელასის“ გენერალური დრექტორის ზურაბ არსოშვილის პირადი მოთხოვნით, კომპანიიდნ 150-ე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებით ჩაანაცვლეს.
„პროფესიონალები, რომლებიც „თელასში“ წლებია მუშაობენ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და მათ ნაცვლად, გამოუცდელი ახალგაზრდები დანიშნეს, რომლებიც მიზნობრივად გამოიყენეს. აქ ორი გარემოება ვლინდება. პირველი ეს არის პროფესიონალების გათავისუფლება მათი სამუშაო ადგილებიდან და მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორების „თელასში“ დასაქმებ“, - განაცხადა ფაცაციამ.
ასევე, მისი თქმით, თანხები, რომლებიც მათ ხელფასის სახით ერიცხებოდათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დასახმარებლად უნდა მიმართულიყო და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს გამოძიება და პროკურატურა დაადგენს.
„ყოფილი თანამშრომლების მიმართ სამართლიანობა უნდა აღდგეს და ისინი სამსახურში უნდა დაბრუნდნენ“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
"თელასის" ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს "ქართული ოცნების" ოფისში განცხადება შეიტანეს, სადაც ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ, რომ დაეხმაროს სამართლიანობისა და მათი უფლებების აღდგენაში.
„ქართული ოცნების“ ოფისის წინ „თელასის“ თანამშრომლების აქცია უკვე დასრულებულია. მათ კომპანიის კრწანისის სერვისცენტრთან გადაინაცვლეს, სადაც აქციას მართავენ.
კომპანიის ყოფილი თანამშრომლები „თელასის“ ხელმძღვანელობის შეცვლას და სამსახურებში აღდგენას ითხოვენ.