თავიდანვე აღვნიშნავ: სათაურში მოყვანილი სიტყვა „ნდობა“ ალბათ არასწორია - გადასახადის გადამხდელს ჩვენს ქვეყანაში (ხაზს ვუსვამ „ჩვენს ქვეყანაში“) არასოდეს ჰქონია ფინანსთა სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებული შემოსავლების სამსახურის (საგადასახადო ორგანოს) ნდობა. რატომ?
გადასახადის გადახდა არავის უყვარს, საქართველოში განსაკუთრებით. მითუმეტეს ძნელია შეგიყვარდეს გადასახადის ამკრეფი და პატივი სცე მას. მაგრამ ერთია სიყვარული და მეორეა ნდობა, ურთიერთპატივისცემა. შედით შემოსავლების სამსახურის საიტზე - იგი სავსეა გადამხდელისა და ამ სამსახურის ურთიერთპატივისცემის დამადასტურებელი დოკუმენტებით. მაგრამ როგორც იტყვიან „სიყვარული არ იქნება ძალადა“.
ვარდების რევოლუციის შემდგომ შემოსავლების სამსახურში განხორციელებულმა კარდინალურმა ღონისძიებებმა მოიტანა 3 უმნიშვნელოვანესი ცვლილება:
1.მთლიანად გამოირიცხა კორუფცია;
2. მოხდა ფისკალური შემოსავლების არნახული ზრდა - რეალური შემოსავალი გაიზარდა დაახლოებით 10-12-ჯერ;
3.მთლიანად გამოიცვალა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოვიდა მაღალი ხელფასებით, ავტოტრანსპორტითა და სხვა კომფორტით სრულად უზრუნველყოფილი ახალგაზრდობა, რომელიც შეეცადა ძირეულად შეეცვალა და სამაგალითო გაეხადა ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა.
ალბათ ამ ცვლილებებმა უკარნახა ხელისუფალთ ემტკიცებინა, რომ საქართველოში შექმნილია ისეთი ბიზნეს-გარემო, რომელსაც ინატრებდა მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო. ნამდვილად ასეა ეს? აბა ჰკითხეთ ნებისმიერ გადამხდელს. ალბათ 10-დან 9 გადამხდელი და 10-დან 10 აუდიტორი გეტყვით, რომ ქვეყანაში არსებობს უსამართლო საგადასახადო გარემო.
არავითარი სურვილი არ მაქვს ვაქო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ მაგალითისათვის მჭირდება ასეთი შედარება. ანალოგიური ცვლილებები განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. მთლიანად შეიცვალა პოლიცია და როდესაც დღეს პატრული მაჯარიმებს საგზაო წესების დარღვევისათვის, მე როგორც მძღოლი ვიხდი ამ ჯარიმას, თან ბოდიშსაც ვუხდი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და არავითარი ქვენა გრძნობა არ მიჩნდება იმ პატრულის მიმართ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში(აქაც ხაზს ვუსვამ „უმეტეს შემთხვევაში“) კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას. ანუ მე მისი მჯერა და ვენდობი. მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ იგი უსამართლოდ არ მოექცევა სხვა მძღოლებსაც.
რატომ არ ხდება ასე საგადასახადო სფეროში?
პასუხი მარტივია: გადამხდელთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში მოქმედებს უსამართლო საგადასახადო პოლიტიკა. რადგან:
- საგადასახადო განაკვეთები და სანქციები იყო და არის ძალიან მაღალი და ამიტომ უსამართლო;
- საგადასახადო შემოწმების შედეგები, როგორც წესი, არის არაადექვატური საწარმოში არსებული მდგომარეობისა;
-რაგინდ მართალი არ იყო, საგადასახადო ორგანოსთან დავაში სამართალს ვერ იპოვი.
ძნელია დღეს დაარწმუნო გადამხდელი, რომ ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა გაცილებით ლიბერალურია სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განაკვეთები კი უფროდაბალი. ის მაინც თვლის, რომ განაკვეთები შესამცირებელია. ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა საშემოსავლო გადასახადზე დაუბეგრავი მინიმუმისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დიფერენცირებული გადასახადის შემოღება. ვთქვათ 50 000 ლარამდე წლიური შემოსავლების შემთხვევაში საშემოსავლოს განაკვეთი იყოს 10-12%, 50 000-დან 100 000 ლარამდე - 15%. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებდა საკონტროლო-სალარო აპარატებზე მუდმივი კონტროლის ხარჯებს.
განსაკუთრებული დავის საკითხი იყო და არის საგადასახადო სანქციების ოდენობა. ჩვენი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ძალიან მაგონებს 1937 წლის სტალინის კონსტიტუციას, როცა საკანონმდებლო ბაზა კაცის დაჭერაზე იყო ორიენტირებული. საგადასახადო კოდექსის ამ ჩანაწერით კი თუ გადასახადის გადამხდელს აქვს მოუწესრიგებელი ბუღალტრული აღრიცხვა, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვსგადამხდელს გადასახადი დაარიცხოს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, მაგალითად ფასნამატის მეთოდით, როდესაც ერთ საქონელზე გამოყენებული ფასნამატი ვრცელდება დანარჩენ საქონელზე, დავალიანება იანგარიშება გასული წლების მიხედვით და სანქცია-საურავების გათვალისწინებით გადამხდელი ჯარიმდება ისეთი თანხით, რომელიც შეიძლება რამდენჯერმე აღემატებოდეს მის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას.
საქმე იმაშია, რომ მცირე მეწარმეების უმრავლესობას, რომელთა რეალური მოგების თვიური თანხა დაახლოებით 500-1500 ლარია, არა აქვს შესაძლებლობა დაიქირაოს მცოდნე, გამოცდილი ბუღალტერი და გადაუხადოს მას თვეში 500-800 ლარი. ამიტომ ან თვითონ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას, ან 100-150 ლარად ქირაობს ბუღალტერს, რომელიც ემსახურება 5-8 ასეთ გადამხდელს. ასეთ საწარმოში საგადასახადო შემოწმება, როგორც წესი, გადამხდელისათვის მთავრდებაკატასტროფით. ბუნებრივია დაისმება კითხვა: ნუ დაარღვევს კანონს და არ დაჯარიმდება. პასუხია ასეთია: ყველა მძღოლმა და ფეხით მოსიარულემ იცის, რომ შუქნიშნის წითელ შუქზე ან ქუჩაში ნებადაურთველ ადგილზე გადასვლა არ შეიძლება. მაგრამ ვიცავთ ამ წესს? კი ბატონო, ვინც არ იცავს - ჯარიმდება, მაგრამ შეიძლება ამისათვის ადამიანი გაანადგურო და ვთქვათ 4 წლის გაუშვა ციხეში? მაშინ მთელი საქართველო ციხეში უნდა იჯდეს.
მოვიყვანოთ სხვა მაგალითები. ორიოდე წლის წინათ საგადასახადო კოდექსით დაშვებული იყო გადამხდელის აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობაზე ჯარიმა ამ ფასეულობის საბაზრო ღირებულების 5-მაგი ოდენობით, ხოლო გადამხდელის საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის მეთოდით დაკვირვების შედეგად ჯარიმის ოდენობა განისაზღვრებოდა შემოწმებული პერიოდის და წინა კვირის შემოსავლების სხვაობის 50-მაგი ოდენობით. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქრონომეტრაჟის შედეგად გადამხდელები ჯარიმდებოდნენ 400 000, 800 000 ლარის ოდენობით, ხოლო ერთ-ერთი გადამხდელი დაჯარიმდა 1 240 000 ლარით. არავინ დაობდა იმაზე, რომ ამ ობიექტებში ხდებოდა შემოსავლების დაფარვა, მაგრამ ამ მეთოდით ასეთი თანხების ამოღება იყო არა გადამხდელის ქმედების ადექვატური დასჯა, არამედ უბრალოდ ფულის ძალით წართმევა. ასეთი რამ კი დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს.
მართალია ახლა ეს მუხლები შემსუბუქდა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ათობით და ასობით გადამხდელს, რომლებსაც თუნდაც დაუნომრავი ზედდებულისათვის დაენგრათ ბიზნესი, გაუყიდეს საცხოვრებელი, ან სულაც გაისტუმრეს ციხეში? დიდია ამ საქმეში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და მისი ხელმძღვანელების დავით კეზერაშვილის, რამაზ ნიკოლაიშვილისა და სხვების „დამსახურება“.
ვინ ხელმძღვანელობდა შემოსავლების სამსახურს და რა კადრებით იყო და არის იგი დაკომპლექტებული? პასუხი უკომენტაროდ: შემოსავლების სამსახური იმართებოდა და დღესაც იმართება იუსტიციის სამინისტროს კადრებით.
საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა კადრებმა, რომლებიც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდნენ შემოსავლების სამსახურში, მოიტანეს ასეთი ფსიქოლოგია: „ყველაგადამხდელი მალავს შემოსავლებს, ამიტომ იგი ბიუჯეტის (სახელმწიფოს) და აქედან გამომდინარე, შენი მტერია. ამიტომ მას თვალი არ უნდა მოაცილო, უნდა დასაჯო ნებისმიერ გადაცდენაზე. სასტიკად დასაჯო მაშინაც, როცა მისი კანონდარღვევა საეჭვოა. თუ მაგარი ბიჭია, წავიდეს და იმართლოს თავი. თუ არადა გადაიხადოს“.
და იხდიდნენ, რა ექნათ, შიში ოხერია. და ივსებოდა ბიუჯეტი. ვის ეცალა ურთიერთნდობისა და პატივისცემისათვის.
გავავლებ პარალელს ახლანდელ და გასული საუკუნის 70-იან წლებს შორის, როცა ხელისუფლებაში მოსული ედუარდ შევარდნაძე ცეცხლითა და მახვილით დაერია ბიზნესმენებს და გაავსო ციხეები. რა მოიგო ამით საქართველომ? საქართველომ არაფერი, სამაგიეროდ შევარდნაძემ მიიღო ორდენი.
მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი დამოკიდებულება გადამხდელის მიმართ იყო ხელისუფლების პოლიტიკური დავალება და ალბათ არ შეიძლება დავადანაშაულოთ ის რიგითი ინსპექტორი, რომელიც ასრულებდა ამ დავალებას. არ შეასრულებდა, მინიმუმ სამუშაოს დაკარგავდა, მაქსიმუმ - გადამხდელის ბედს გაიზიარებდა. მე მახსენდება ერთი პერიოდი, როცა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები უარს აცხადებდნენ ასეთი პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე და მასიურად წერდნენ განცხადებებს სამსახურიდან წასვლაზე. ასე დატოვა საგადასახადო ორგანო ბევრმა უმაღლესი რანგის აუდიტმა.
ზოგიერთი ჯიუტი გადამხდელი მაინც არ ისვენებდა და წერდა საჩივრებს, ითხოვდა უსამართლოდ დარიცხული ჯარიმების მოხსნას. და იხილავდნენ საჩივრებს ჯერ შემოსავლების სამსახური, შემდეგ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო და ბოლოს სასამართლო.
აი, სად იყო უსამართლობის აპოთეოზი. დევიზი იყო: „გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის“.
მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგრამ ნუ დავუკარგავთ შთამომავლობას იმათ სახელებს, რომლებმაც გადამხდელების საჩივრებზე გამოიტანეს საეჭვო გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები. აი, საგადასახადო “მსაჯულები“:
რუსუდან კემულარია - ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
გიორგი ცხაკაია - შემოსავლების სამსახურის უფროსი;
ირაკლი სირაძე - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;
პაატა კილაძე - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.
კარგით, ვთქვათ ვერ იპოვა გადამხდელმა სამართალი და უარი ეთქვა საჩივარზე. სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის - ფინანსთა სამინისტრო ჯერ კიდევ დავების განხილვის პროცესში მას სთავაზობს საგადასახადო შეთანხმებას. და აი საგადასახადო კანონმდებლობის კიდევ ერთი სიურპრიზი - კანონში არ არის გაწერილი საგადასახადო შეთანხმების თანხის ოდენობის განსაზღვრის პირობები (რატომ? ვფიქრობ გასაგებია) და მას ერთპიროვნულად და სუბიექტურად (!?) წყვეტს შემოსავლების სამსახურის უფროსი. ვისთან შეთანხმებით? ესეც გასაგებია.
ერთ მაგალითს მოვიყვან. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „კოკა-კოლას“ გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება და 16,4 მლნ.ლარის დავალიანება შეუმცირდა 4,4 მლნ.ლარამდე. საერთოდ საგადასახადო შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბიუჯეტის დავალიანება იმ გადამხდელს ეპატიოს, რომელსაც არა აქვს ამ დავალიანების გადახდის ტოლფასი აქტივები. და თუ ეს ასეა, ისმის მორიგი კითხვა: რატომ აპატიეს შპს „კოკა-კოლას“ 12.0 მლნ.ლარი, მაშინ როდესაც მისი ქონება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენდა. ხომ შეიძლებოდა ამ ქონების დაყადაღება (ეს საქმე კარგად ვიცით) და აუქციონის წესით მთელი ვალის ამოღება? რატომ უთხრა უამრავ მცირე და საშუალო მეწარმეს საგადასახადო შეთანხმებაზე უარი შემოსავლების სამსახურმა, როცა ეს უკანასკნელნი თავისუფლების სანაცვლოდ ყიდდნენ საკუთარ ბინებს და მას სთავაზობდნენ დავალიანების 2/3-ის გადახდას?
შემოსავლების სამსახურის 2011 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ ამ წელს განხორციელებულ ყველაზე დიდ პროექტად ჩაითვალა უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტის შექმნა, რომელსაც ანალოგი არა აქვს მსოფლიოში (როგორ გვიყვარს ეს ფრაზა). აღინიშნა, რომ ამით საგადასახადო ორგანო უშუალოდ გავიდა ყველა გამხდელზე და გაუწოდა მას მეგობრული ხელი. იდეა კარგია, შედეგი - არცთუ მნიშვნელოვანი, რადგან ნდობას და მეგობრობას ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ.როგორც იტყვიან „სიყვარული არ იქნება ძალადა“.