"მიმაჩნია, რომ რასაც ვხედავთ ბათუმში, არის ამსახავი იმის, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში”, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ქალაქ ბათუმის მერთან, ჯემალ ანანიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით სწორედ აქ იგრძნობა ის, რომ ორივე მხარე ავლენს თავის განწყობას, რათა იმუშაოს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ.
„ჩემთვის აშკარაა, რომ ბათუმის მერი განწყობილია, რათა ითანამშრომლოს ყველა სტრუქტურასთან როგორც რეგიონში, ასევე თბილისში ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, იყოს ხელმისაწვდომი ის რესურსები, რაც ხელს შეუწყობდა ბათუმს მომავალი წინსვლისთვის და განვითარებისთვის", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე თქმით, საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობასთან ერთად მნიშვნელოვანია, ტოლერანტობის გამოვლენა უმცირესობების მიმართ.
ნორლანდის განმარტებით, ბათუმი მოიაზრება ერთ-ერთ ფლაგმანად ტოლერანტული განწყობისა და იმედი გამოთქვა, რომ ეს განწყობა გაგრძელდება.
"საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობა ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური რეფორმებით და ინფრასტრუქტურის განვითარებით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, არამედ, ასევე, ტოლერანტობის გამოვლენით, რასობრივი თუ ეთნიკური განსხვავებების პატივისცემით. საქართველოს აქვს რეპუტაცია, როგორც ტოლერანტი ქვეყნისა. ბათუმი მოიაზრება ერთ-ერთ ფლაგმანად ტოლერანტული განწყობისა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს განწყობა გაგრძელდება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.