ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით,პოლიტიკური ცვლილების გამო, ქვეყანაში ეკონომიკური რყევები მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ მან „კურიერთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი განმარტებით საქართველოს ეკონომიკა კვლავ განაგრძობს ზრდას და პროგრესს.
„არანაირი შეფერხება და შენელება ეკონომიკური პროცესების მოსალოდნელი არ არის. ამაზე მიუთითებს ყველა ინდიკატორი. პრაქტიკულად საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას. ჩვენი პროგნოზით, წელს ჩვენ გვექნება 7%-მდე მიახლოებული ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა ქადაგიძემ.
ასევე ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და დინამიურად განვითარებადი სექტორი ქვეყნის ეკონომიკის.
ამასთან ქადაგიძე აცხადებს, რომ მთლიანმა აქტივებმა 15 მილიარდ ლარს, ხოლო ფინანსურმა სიღრმემ მთლიანი შიდა პროდუქტის 52%-ს მიაღწია, რაც მისი განმარტებით, შეუძლებელია არაკონკურენტული გარემოს პირობებში მომხდარიყო.
„სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც ეკონომიკური შენელებით ხასიათდება, საბანკო სექტორში, სამი უმსხვილესი საბანკო ჯგუფი შემოდის საქართველოში. ეს არის უმსხვილესი თურქული "იშ ბანკი"; ეს არის მსხვილი ჩინური ინდუსტრიული ჯგუფი, რომელმაც "ბაზისბანკი" შეიძინა და წლის ბოლომდე ჩვენ ლიცენზიაზე მოგვმართავს აზერბაიჯანული "პაშა ჰოლდინგი". ამ პირობებში კონკურენციის არარსებობაზე საუბარი არგუმენტებს მოკლებულია", - განაცხადა ქადაგიძემ.