ღირსებაშერჩენილმა 200–მა  ადვოკატმა უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართა

ღირსებაშერჩენილმა 200–მა ადვოკატმა უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართა

[ნინო მიქიაშვილი]

უზენაეს სასამართლოსთან ღირსებაშერჩენილმა 200–მა ადვოკატმა აქცია გამართა, სამართლიანი სასამართლოსა და დაპატიმრებული ადვოკატების გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ადვოკატები ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების გადაკვეთასთან შეიკრიბნენ და პლაკატებითა და დაპატიმრებული ადვოკატების სურათებით ხელში უზენაესისკენ ორგანიზებულად დაიძრნენ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს და ადვოკატთა ნაწილს ხელბორკილები ედო, ზოგს ხელში დაპატიმრებული კოლეგების ფოტოები ეჭირა, ზოგს კი პლაკატები, ასეთი წარწერებით: „შეწყდეს ადვოკატებზე ნადირობა“, „სამართლიანი სასამართლო ყველას“, „თავისუფლება ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილს“, „თავისუფლება ადვოკატ მარიანა იველაშვილს“, „მოვითხოვთ კანონის უზენაესობას“, „თავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულ ადვოკატებს“, „მოვითხოვთ სამართლიან მართლმსაჯულებას“,  „თავისუფლება ადვოკატ თამილა ქუთათელაძეს“, „შეწყდეს ადვოკატთა დევნა სააკაშვილის რეჟიმისაგან“, „შეწყვიტეთ გივი ექვთიმიშვილის დევნა“.

უზენაესი სასამართლოს წინ ადვოკატების აქცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინიციატივით გაიმართა. ამ აქციას შემდეგი ორგანიზაციები და უფლებადამცველები შეუერთდნენ: „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ და მისი ლიდერი ეკა ბესელია; „ქართული აკადემიიდან“ თემურ ნანეიშვილი; უფლებადამცველები: ლაშა ჩხარტიშვილი და ალექსანდრე შალამბერიძე; „სამოქალაქო ფრონტიდან“ ჯაბა ჯიშკარიანი, „გადაარჩინე სიცოცხლედან“ ჯამბულ გამცემლიძე, „საზოგადოებრივი დამცველიდან“ ირინა ფუტკარაძე, „ექიმთა დაცვის ლიგიდან“ გოგი ხუციშვილი , „სახალხო კრებიდან“ შალვა ობგაიძე. 

„დღეს ადვოკატთა კორპუსი აქ პროტესტის დასაფიქსირებლად მოვიდა. სააკაშვილის რეჟიმი, ასეთი ბინძური, ასეთი ძალადობრივი და არაადამიანური ვერ იქნება, თუ არა ეს ფეოდალური დაწესებულება, რომელსაც ჰქვია სასამართლო და რომელსაც სააკაშვილის კარის ფეოდალი, ბატონი კუბლაშვილი მართავს. პატარა ფეოდალები, მოსამართლეები სჩადიან უკანონობას, უნამუსობას. რამდენიმე ათეულ ათასობით ადამიანია ციხეში გამომწყვდეული. მათ შორის რამდენიმე ათეული ადვოკატია, რომელთა მიმართ ბოლო 7 წელში გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ იმიტომ დადგა, რომ ისინი ადამიანის უფლებებს იცავდნენ.

საბჭოთა რეჟიმის დროს, 73 წლის განმავლობაში 80–მდე ადვოკატი მისცეს პასუხისგებაში. სააკაშვილის რეჟიმმა, ამ ფეოდალების დახმარებით 122 ადვოკატის მიმართ დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი. ეს შემზარავი ფაქტია, რასაც ადვოკატთა კორპუსი წინ უნდა აღუდგეს. დღეს ჩვენმა კოლეგებმა გამოხატეს პროტესტი, მოვიდნენ აქ, დავდექით ერთად, რათა ჩვენ ვუთხრათ აი, ამ ფეოდალურ სასამართლოს – შორს ხელები ადვოკატთა კორპუსისაგან! ადვოკატთა კორპუსს ყელში ამოუვიდა ის უნამუსობა, რასაც ეს ხალხი აკეთებს. გასულ თვეში აქცია გავმართეთ ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან და ჩვენს პროტესტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ეს აქციები გაგრძელდება და არ დამთავრდება, სანამ უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატები არ გათავისუფლდებიან და ჩვენს სახელმწიფოს არ ეღირსება სამართლიანი სასამართლო.

ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ადვოკატები პროფესიით ვერასდროს იქნებიან ხელისუფლების მხარეს, რადგან ადვოკატი პროფესიით იცავს ხალხს ხელისუფლებისგან და მათი პროფესია ამიტომაცაა ინსტიტუციონალურად ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პროფესია.

ადვოკატ შალვა შავგულიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის მართვის ძალიან მანკიერი გზა აირჩია და დაშინებითა და მოტყუებით ცდილობს მართოს სახელმწიფო. მისივე განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ადვოკატების ასეთი უსამართლო და უკანონო დევნა ხდება, საქმე გვაქვს ადვოკატთა კორპუსის დაშინების მცდელობასთან – „ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა გუნდმა სასამართლო ხელისუფლება ფაქტიურად თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია. პროკურატურა იმთავითვე მათი ნების აღმსრულებელი იყო. სამართალწარმოების სფეროში დარჩა ადვოკატურა და ადვოკატურის ცალკეული ღირსეული წარმომადგენლები წესიერად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას.

ხელისუფლებამ მოახერხა და ადვოკატთა კორპუსშიც გააჩინა ძალიან სერიოზული მეხუთე კოლონა, რომელიც ბრალდების მხარესთან პირდაპირ თანამშრომლობს, რაც დაცვის მხარისთვის მიუღებელია, ვინაიდან აქ უნდა იყოს ჯანსაღი დაპირისპირება და არავითარ შემთხვევაში თანამშრომლობა, მაგრამ ადვოკატთა კორპუსში არიან ღირსეული ადვოკატები, რომლებსაც ძალუძთ თავიანთი წესიერი, პროფესიული შრომით მიაღწიონ შედეგს. სწორედ ასეთი ადვოკატების წინააღმდეგ არის ეს გალაშქრება“.

„ობიექტივის“ კითხვაზე – რატომ მოხვედით აქციაზე, „ქართული აკადემიიდან“ თემურ ნანეიშვილმა მოგვიგო:

„მხარს ვუჭერ ამ ვაჟკაც ადამიანებს, რადგან თუ სამართლიანობა არ იქნა და სასამართლო არ იქნა, დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ყველას დაავიწყდა, რომ ქვეყნისა და თავისი პროფესიის ამ ერთგულმა ხალხმა, 2009 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე საგმირო საქმე ჩაიდინა – ამ ხელისფლებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მოუგო. ხომ გახსოვთ?! – მილიონებს სთავაზობდნენ, მაგრამ არ გაიყიდნენ და გაიმარჯვეს. ახლა იმედი ამქვს, რომ თუ ასეთი თანმიმდევრულები იქნებიან, გაიმარჯვებენ და ამ გზაზე “ქართული აკადემია“ მათ გვერდზე დადგება“.

ადვოკატებთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად, შუახნის ქალბატონი იდგა და ტიროდა. აქციის დასრულების შემდეგ „ობიექტივი“ მას გაესაუბრა. იგი დაპატიმრებული ადვოკატის, ტარიელ მურვანიშვილის მამიდა, იზო ანდიაშვილი აღმოჩნდა:

„ტარიელი ჩვენთან ცხოვრობდა, მას ბავშვობიდან ვიცნობ. ვიცი როგორი კეთილი და წესიერია. ამისთანა ადამიანის დაპატიმრება როგორ შეიძლებოდა, ამ ქვეყანას აბა სამართალი აქვს?! ტარიელს თბილისში, არც სახლი აქვს და არც კარი. სოფელში მისი მოხუცი მშობლები ცხოვრობენ, რომელთაც ტარიელი არჩენდა, საადვოკატო საქმიანობიდან შემოსული მცირე ჰონორარით...“

ტარიელ მურვანიშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 ნოემბერს დაიწყება. გივი ექვთიმიშვილის საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძე 28 სექტემბერს გააგრძელებს. თამილა ქუთათელაძის საქმის არსებით განხილვას კი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე, რომელიც ახლო წარსულში ადვოკატი იყო, 30 სექტემბრს დაიწყებს.