დავით სერგეენკო: მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ სასწრაფო დახმარება მიზნობრივად გამოიყენოს

დავით სერგეენკო: მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ სასწრაფო დახმარება მიზნობრივად გამოიყენოს

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასო არასოდეს ყოფილა, ის ყოველთვის ფასიანი იყო და ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

„იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომელსაც ბოლო პერიოდში საზოგადოება მღელვარებით შეხვდა, რომ სასწრაფო ფასიანი უნდა გახდეს , კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო , რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ყოველთვის ფასიანი იყო და ბიუჯეტიდან ფინანსდებოდ“, -განაცხადა სერგეენკომ.

ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა For.ge -ს პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.

მინისტრობის კანდიდატმა პრეჰოსპიტალური სამედიცინო, ანუ სასწრაფო სამედიცინო მომსახურეობის სიტემური რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიფერენცირებული გამოძახების პრიორიტეტები არ იყო სწორად განსაზღვრული, რის გამოც წნევის გასაზომად გასული სასწრაფო დახმარების ბრიგადა, უმაღლესი პრიორიტეტის შემთხვევის ადგილზე გასვლას ვერ ახერხებდა.

„სასწრაფო დახმარების დისპეჩერები გადიან სპეციალურ მომზადებას, რომ გამოძახების ტიპის მიხედვით გააკეთონ მისი კლასიფიკაცია და აიყვანონ პრიორიტეტში . არის რაღაც, რაზეც მყისიერი რეაგირება უნდა გააკეთო და არის რაღაც, როცა უკვე გამოძახებაზე გასულ ბრიგადას სთხოვო, რომ ერთი საათის განმავლობაში შეიაროს. ეს აქამდე ნაწილობრივ ხორციელდებოდა თბილისში და პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა რეგიონებში . რას ვგულისხმობ კიდევ დავაზუსტებ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ განვმარტო მისი არსი.

ადამიანები გამოძახებას აკეთებენ მაგალითად, გამოზარხოშების სინდრომზე, გამოძახებას აკეთებენ წნევის გასინჯვაზეც დღის საათებში, როდესაც შეუძლიათ მისვლა პოლიკლინიკაში, თუნდაც პოლისით და თუნდაც ეს უფასო იყოს მათთვის . არსებული პოლისით, სასწრაფო დახმარებას უფლება არ აქვს რომ უარი თქვას გამოძახებაზე. ამ დროს ბრიგადა გასულია წნევის გასაზომად ან გამოზარხოშების კაეშანში მყოფი ადამიანის სამკურნალოდ და რეალურად, როცა პირველი უმაღლესი პრიორიტეტის შემთხვევა ხდება, ამისთვის არ არის მანქანა.

მაშინ როდესაც თითოეულ ადამიანს ეცოდინება, რომ მას სასწრაფო დახმარებისთვის გამოყოფილი აქვს კონკრეტული ლიმიტირებული თანხა ის ამ თანხას მოუფრთხილდება და წნევის გაზომვას ან თვითონ ისწავლის, ან მივა მის ოჯახის ექიმთან და ამისთვის არ მოაცდენს სასწრაფოს“, -განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკოს განცხადებით, რადგან დიფერენცირებული არ არის გამოძახებები , ბრიგადების რაოდენობა, რომც გაათმაგდეს , მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის რომ სასწრაფო დახმარება დროულად მივიდეს გამოძახებაზე.

„ეს იწვევს იმას, რომ როდესაც სასწრაფო უნდა მივიდეს ავარიის შემთხვევის ადგილზე, ამ დროს უზომავს ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს წნევას ბინაზე. ეს თანხა პოლისში ჩადებულია. ყველამ იცის, რომ ეს თანხა გამოზომილია და არ ცვივა ციდან. ეს არის ის , რაშიც მომუშავე იხდიდა გადასახადებს და იმ პროცენტიდან გროვდებოდა თანხა მისი და მისი ახლობლების ჯანმრთელობის დაზღვევისთვის და იცის, რომ ეს არის არა განუზომელი რაღაცა, არამედ გამოსაზომი . მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ სასწრაფო დახმარება მიზნობრივად გამოიყენოს და არ შეიძლება, როგორც რაიონებში ხდება, სადღაც იქეიფებენ მანქანით, გამოიძახებენ სასწრაფოს და მას დაჰყვებიან რაიონულ ცენტრში, სწორედ ამაში უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ ფული. რაც შეეხება რეალურ გადაუდებელ მდგომარეობებს, ეს არის ულიმიტო და ამაზე ლიმიტები არ წესდება. რამდენჯერაც დასჭირდება სასწრაფოს დახმარება ადამიანს, იმდენჯერ დაეხმარება. ასეთ შემთხვევებზე გადაიხდის მისი პაკეტიდან და არა ჯიბიდან“, -განაცხადა სერგეენკომ.