ოსტაპ შპენგლერმა „ბესთსელერი“ „ევროპის დაისი“ 1917 წელს დაწერა, მაგრამ დასავლეთმა, რომელიც გერმანელმა ფილოსოფოსმა დამარხა, მეოცე საუკუნის მსოფლიო ომებში გაიმარჯვა, საბჭოთა კავშირი დაამარცხა, თავისი ეკონომიკური მოდელი ჩინეთს თავზე მოახვია, მთელს პლანეტაზე გაავრცელა როკ-კულტურა, ჯინსები, კომპიუტერები, ინტერნეტი, ცხოვრების სტილი.
ის, ვინც იმ დროს, როდესაც ამერიკაში 14 მილიონი უმუშევარია, ხოლო ევროზონა ვალებშია ჩაფლული, შპენგლერისთვის მისი პესიმიზმის გამო სამაგიეროს გადახდას გადაწყვეტს, ათვლის წერტილად ვროცლავის (პოლონეთი) სპექტაკლის არჩევა შეუძლია, სადაც შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი იმისთვის ჩავიდა, რომ ევროზონის ფინანსთა მინისტრები კრიზისთან გამკლავების საქმეში ამეცადინოს. მას შეუვალი გამომეტყველებით მოუწია მისი ავსტრიელი კოლეგის მარია ფექტერის რეპლიკის მოსმენა: „ეკონომიკური საფუძვლების მხრივ, თქვენ, ამერიკელები ჩვენზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდით. არ მესმის, რატომ ჩამოდიხართ ჩვენთვის რჩევების მოსაცემად…“
გაიტნერი საკუთარ თავზე ხშირად ხუმრობს ხოლმე: „მე ვარ მოხუცი ახალგაზრდას სახით“. მართლაც, ის თანაგრძნობას იმსახურებდა, როდესაც მოიხარა, გაწილთდა და ცდილობდა ლოგიკური არგუმენტით დაერწმუნებინა ევროპელები, მოსწავლეები, რომლებიც სკოლის მასწავლებლის მომზადებულ, მაგრამ უწვერო მოადგილეს აუჯანყდნენ. გაიტნერი მოუწოდებდა მათ არ ეკამათათ ევროპის ცენტრალურ ბანკთან ასეთი ვალების ფონზე, რადგან ყველა მთავრობამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და უმალ დაბლოკოს კატასტროფული კრიზისი იმით, რომ კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ქვეყნებს, რაც შეიძლება მეტი ფონდი გამოუყონ.
მორიდებული გაიტნერი თავისი წარუმატებელი ლექციიდან ჯერ გამოსული არ იყო, რომ პროპაგანდის მანქანა ამუშავდა, რათა ევროპაში დაედანაშაულებინათ გაღარიბებული და ვალებში ჩაფლული ამერიკელები, რომლებიც ძველებურად ინარჩუნებენ საკუთარ იმპერიაზე ილუზიას, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბ არისტოკრატებად გადაიქცნენ, როგორც 1956 წელს ინგლისელები, რომლებიც პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა აიძულა უარი ეთქვათ სუეცის არხზე. ლონდონს მაშინ ფუნტი სტერლინგის მხარდაჭერისთვის 1 მილიარდი და 800 მილიონი ფუნტი სჭირდებოდა, როდესაც ეიზენჰაუერმა ხაზინის კანცლერ მაკმილანს უთხრა: „კარგი, ოღონდ სუეცს და ეგვიპტეს თავი დაანაბეთ“. ორი წლით ადრე ვაშინგტონმა უარი უთხრა პარიზს აეროდრომის გამოყენებაზე, რაც გადაარჩენდა დიენბიენფას, ფრანგულ ციხე-სიმაგრეს ვიეტნამში, რომელსაც გენერალმა ზიაპმა ალყა შემოარტყა, რამაც ინდოჩინეთში საფრანგეთის იმპერია დაასრულა. მაშინ მაკმილანმა აღნიშნა: „ორ საუკუნეში ამერიკელები ზუსტად ისეთივე შეურაცხყოფილები იქნებიან, როგორებიც დღეს ვართ ჩვენ“.
ამერიკაში მემარჯვენეების პროპაგანდისტული მანქანა გაიტნერის მარცხზე აქცენტს აკეთებს, მემარცხეენები კი პრეზიდენტ ობამას მოუწოდებენ ერთი დოლარიც კი არ გაიღოს უმადური ევროპელების მხარდასაჭერად (თეთრი სახლი ამ ამოცანას ფედერალურ რეზერვს უტოვებს). მოკლედ, მან, ვინც სათანადოდ ვერ შეაფასა განხეთქილება აშშ-ევროპის კავშირში ერაყის ოკუპაციის წინ, დღეს აცნობიერებს, რომ ატლანტიკურმა ოკეანემ ისინი სამუდამოდ დააშორა, და ამერიკელების და ევროპელების პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, კრიტიკულ სიტუაციაზე ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში, შეხედულებები ნატოს მომავალსა და ჩინეთის აღმასვლაზე, წინააღმდეგობრივი იქნება.
მცოცავ პოპულიზმს, რომელიც ევროპაში ვრცელდება სკანდინავიიდან იტალიის ჩრდილოეთამდე, ანტიამერიკული ხასიათი ქვს, მას არ მოსწონს ამერიკის იდეა ღია ბაზრის შესახებ. ხოლო ამერიკული პოპულიზმი ვერ იტანს ევროპას და ევროკავშირის ტიპის სოციალური სახელმწიფოს ნებისმიერ იდეას.
ზიანი მიყენებულია და ამაში წვლილი პროვინციელ ლიდერებსაც მიუძღვით. ღია დაპირისპირებას და მოულოდნელ დაშორებას ნუ ელოდებით. ეს ქორწინება დასრულდა, სიყვარულის არ არსებობის და განსხვავებული ინტერესების გამო.
ლიბიაში გამარჯვების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, უკანასკნელ ატლანტიკურ ბასტიონში, ჟურნალში „Foreign Affairs“ განაცხადა, რომ ევროპელებმა უნდა გაზარდონ თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ 20%-ით შემცირდა. იმ პერიოდში ევროპა ნატოს ხარჯების მესამედს ფარავდა, დღეს კი მხოლოდ მეხუთედს ფარავს. ამავდროულად, ჩინეთმა სამხედრო ხარჯები გაასამმაგა, ხოლო პაციფისტი განდის მემკვიდრე ინდოეთმა, სამხედრო ბიუჯეტი 59%-ი გაზარდა. ვალებში ჩაფლული ვაშინგტონი და ევროპა, ანუ ის რასაც ადრე „დასავლეთს“ ეძახდნენ, ეკონომიკური ან სამხედრო პრობლემების შემთხვევაში ჩარევის ძალას კარგავს.
ამერიკა და ევროპა განაგრძობენ გაეროში მოლაპარაკებებს და კამათს პალესტინელების მოთხოვნაზე, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფოს შექმნა უნდათ, ხოლო ისრაელი დაბლოკილი კომერციული შეთანხმებების თაობაზე დაობს და „საკითხების მრავალმხრივი განხილვა“ საერთო მხარდაჭერის გარეშე შეჩერდება. ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილია და თურქეთი ხელიდან არ გაუშვებენ ამ შესაძლებლობას, რათა სარგებელი მიიღონ ამ სიტუაციიდან.
დასავლეთი ამაყობს მისი უთანხმოებით და კრიტიკით უნივერსიტეტებსა და ქსელში. გაყრა აშშ-ს და ევროპას შორის ენთუზიაზმი და აჯანყების თრთოლა მოჰყვება. მაგრამ მთელი მსოფლიოს დისიდენტებისთვის, დაწყებული ჩინეთიდან; კონფლიქტებისთვის, რომელიც გადასაჭრელია; რთული საერთაშორისო შეთანხმებებისთვის, ეს გამოუსწორებელი მარცხი იქნება. ძალიან მალე დოლარის და ევროს დაცვისთვის ვაშინგტონს და ბრიუსელს მოუწევთ ჩინეთისთვის და ინდოეთისთვის ანგარიშის გაწევა. ისინი, არა ორ საუკუნეში, როგორც ამას მაკმილანი წინასწარმეტყველებდა, არამედ ათ წელიწადში გააცნობიერებენ დასავლეთის განხეთქილების სიმძიმეს.
შპენგლერი არასწორი იყო: „დასავლეთი“ – ეს არამხოლოდ იმპერიული და ეკონომიკური ძალაუფლების სისტემაა, არამედ ასევე, და განსაკუთრებით, სისტემა ღირებულებების, თავისუფლების, დემოკრატიის, კეთილდღეობის, სამათლიანობის, შემწყნარებლობის. ბოლოს, როდესაც ჯანი ანიელის, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე, ბუშს და ევროპას შორის არსებული განხეთქილების დღეებში, ადვოკატი ამტკიცებდა: „დაწერეთ ევროპისა და შეეერთებული შტატების ერთობაზე. ამ კავშირის დანგრევა ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური უბედურება იქნება. არ დანებდეთ, იბრძოლეთ“. ის რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენ მოგვიწევდა მის წინაშე იმის აღიარება, რომ წავაგეთ ბრძოლა, რომლისკენაც ის მოგვიწოდებდა.
Foreignpress.ge
905
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85