დანიის საპარლამენტო არჩევნები

დანიის საპარლამენტო არჩევნები

15 სექტემბერს დანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვიდან სამი საათის შემდეგ ე.წ  „წითელი ბლოკის“ ლიდერმა, ჰელე ტორნინგ-შმიდტმა (Helle Thorning-Schmidt) ალიანსის გამარჯვება აღნიშნა. იგი გახდება პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი დანიის ისტორიაში, ხოლო ცენტრისტულმა მემარცხენე კოალიციამ, სოციალ დემოკრატიული პარტიის თაოსნობით, დაასრულა ცენტრისტული მემარჯვენე პარტიების მმართველობის 10-წლიანი ხანა დანიის პარლამენტში.

დანიისთვის, რომლის მოსახლეობა 5.5 მილიონს შეადგენს, არჩევნებმა სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც ნაცნობი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩაიარა - დიდი სამთავრობო დეფიციტისა და ნაციონალური ვალის ისტორიულად მაღალი დონით.

დანიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა (Lars Lokke Rasmussen) არჩევნების თარიღი 26 აგვისტოს დაასახელა. არჩევნები პარლამენტის მანდატის ამოწურვამდე სამი კვირით ადრე დაინიშნა, რაც დანიაში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, 2001 წელს არჩევნები ჩატარდა ვადამდე 4 თვით ადრე, 2005 წელს კი - 15 თვით ადრე. „ჩვეულებრივ, დანიაში პრემიერ-მინისტრი აცხადებს არჩევნების თარიღს ისე, რომ ყოველთვის ცდილობს გახადოს ეს მოულოდნელი“ - განაცხადა სორენ რისბერგ ტომსენმა.

ტრადიციულად, საპარლამენტო არჩევნების დღე დანიაში სამშაბათია. გამონაკლისად 1990, 1994 და 2011 წლის არჩევნები გვევლინება. წელს არჩევნები ხუთშაბათს ჩატარდა. 

ფოლკეტინგი (Folketinget) არის ერთპალატიანი პარლამენტი და შედგება 179 წევრისაგან, რომლებიც ირჩევიან ოთხი წლის ვადით პროპორციული წარმომადგენლობის სისტემით. პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პარტიას შეუძლია წარადგნოს კანდიდატების საკუთარი სია ყოველგვარი პირობების გარეშე. არასაპარლამენტო პარტიებმა უნდა შეაგროვონ გარკვეული რაოდენობის ხელმოწერები, რომელიც გაუტოლდება წინა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 1/175-ს.

გრენლადიის და ფარერის კუნძულების პროვინციებს პარლამენტში ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ. დანარჩენი 175 ადგილი სამ რეგიონს შორის ნაწილდება: კოპენჰაგენი, იუტლანდია და კუნძულები. ეს სამი რეგიონი შეიძლება დაიყოს სამ საქალაქო რეგიონად და 7 რაიონად. მათთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, რომლებიც მაცხოვრებელთა რაოდენობის პროპორციულია, ყოველ 5 წელიწადში კორექტირდება.

პარლამენტში ადგილების გადანაწილება ხდება ორ ეტაპად. თავიდან - პარტიებს, ხოლო შემდეგ - კანდიდატებს შორის. 175-დან 135 საპარლამენტო მანდატი ნაწილდება პარტიების მიერ მიღებული შედეგების შესაბამისად. დარჩენილი 40 ადგილი განსაზღვრულია საკომპენსაციოდ და უზრუნველყოფს მცირე პარტიების წარმომადგენლობას  ნაციონალურ პარლამენტში. იმისთვის, რომ საკომპენსაციო ადგილები მიიღოს, პარტიამ უნდა მოიპოვოს ხმათა რაოდენობა, მეტი ან ტოლი იმ რაოდენობისა, რომელიც საჭიროა ადგილის მისაღებად ქვეყნის მინიმუმ ორ რეგიონში სამიდან, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხმათა 2% ნაციონალურ დონეზე.

საპარლამენტო არჩევნების ორგანიზების პრონციპები ჩადებულია დანიის კონსტიტუციაში (1953 წ.) და ცვლილებებს არ ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დაფინანსებასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

არჩევნებამდე ფოლკენტინგში რვა პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი:

·         ლიბერალური პარტია, რომლის სათავეშიც პრემიერ მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენია (Lars Lokke Rasmussen). პარტია დაარსდა 1870 წელს და 2007 წლის მოწვევის პარლამენტში  46 წარმომადგენელი ჰყავდა.

სოციალ-დემოკრატიული პარტია - მთავარი ოპოზიციური პარტია, რომლის სათავეშიც 2005 წლიდან ჰელ ტორნინგ-შმიდტია (Helle Thorning-Schmidt). პარტიას პარლამენტში 45 ადგილი ეკავა. დანიის სახალხო პარტია - მემარჯვენე პოპულისტური პარტია. დაარსდა 1995 წელს, მის სათავეში პია ჰერსფორია. ეს პარტია მმართველი საპარლამენტო კოალიციის წევრად გვევლინებოდა და პარლამენტში წარმოდგენილი იყო 25 დეპუტატით.

·         სოციალისტური სახალხო პარტია - ოპოზიციური პარტია. დაარსდა 1959 წელს დანიის კომუნისტური პარტიის ყოფილი პრეზიდენტის მიერ, რომელიც უნგრეთში საბჭოთა ინტერვენციის კრიტიკის გამო 1956 წელს გაირიცხა პარლამენტიდან. პარტია აერთიანებს სოციალისტებს და გარემოს დამცველებს და მას სათავეში უდგას ვილი სოვნდალი. 2007 წელს პარტიამ პარლამენტში 23 ადგილის მოპოვება შეძლო.

·         კონსერვატორული პარტია - დაარსდა 1915 წელს, მმართველი კოალიციის წევრი. პარტიის ლიდერია ლარს ბარფოედი. წინა მოწვევის პარლამენტში პარტია 18 ადგილით იყო წარმოდგენილი.

·         სოციალ-ლიბერალური პარტია - ოპოზიციური პარტია, რომელიც დაარსდა 1905 წელს. სათავეშია მარგარეტ ვესტაგერი. ეკავა 9 ადგილი.

·         ახალი ალიანსი (ლიბერალური ალიანსი), დაარსდა 2007 წელს სოციალ-ლიბერალური და კონსერვატორული პარტიიდან წამოსული წევრებისგან. ლიდერია ანდერს სამუელსენი და პარლამენტში მხოლოდ 5 დეპუტატით იყო წარმოდგენილი.

საერთო სია - კომუნისტური პარტიის, სოციალისტური მუშათა პარტიის და მემარცხენე სოციალისტების კავშირი. მას არ ჰყავს ლიდერი, პარტიის სათავეში აღმასრულებელი კომიტეტია, რომელიც 25 წევრისგან შედგება, პარლამენტში პარტიის ინტერესებს 4 დეპუტატი წარადგენდა.

წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი  2011 წლის დასაწყისში აიღო.

ეკონომიკური საკითხები - ეკონომიკური ზრდის გააქტიურება და ფინანსური კონსოლიდაცია იყო ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო კამპანიაში. „ეს არჩევნები იქნება მიძღვნილი პასუხის ძიებას კითხვაზე, თუ როგორ უნდა განახლდეს ეკონომიკის ზრდა და შემცირდეს უმუშევრობის დონე. არჩევნებზე ასევე წამოიწევა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განმტკიცდეს სოციალური სახელმწიფო“ - აცხადებდა ლარს ანდერსენი, მუშათა მოძრაობის ეკონომიკური საბჭოს დირექტორი.

არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე ოპოზიციამ და მთავრობამ  ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად საკუთარი გეგმები წარმოადგინეს. 23 აგვისტორ პრემიერმა, ლარს ლოკე რასმუსენმა წარმოადგინა „მდგრადი ზრდის გეგმა“, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებაზე ორი წლის განმავლობაში. „როდესაც სიტუაცია მსოფლიოში ასეთი არაპროგნოზირებადია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი გზა წინ“ - განაცხადა პრემიერმა.

21 აგვისტოს მემარცხენე ოპოზიციამაც წარადგინა საკუთარი გეგმა ეკონომიკის აღსადგენად. ეს გეგმა მოიცავს ხარჯებს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ყველა მიმართულებით. სოციალ დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო ტორნინგ შმიდტის დაპირებებზე - მოქალაქეებისთვის უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის ინსტიტუციების შეთავაზების შესახებ და, ასევე - დანიის ბანკებითვის გადასახადების გაზრდის ინიციატივაზე.

არჩევნებამდე, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ ე.წ  „წითელ კოალიციას“, რომელიც აერთიანებს ოპოზიციურ პარტიებს (სოციალ-დემოკრატები, სახალხო სოციალიტური პარტია, სოციალ ლიბერაური პარტია და გაერთიანებული სია).

საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევა, რომელიც მეგაფონის სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარდა და 26 აგვისტოს გამოქვეყნდა, მემარცხენე ოპოზიციას უწინასწარმეტყველებდა ხმათა 52.2%-ს და 90 ადგილს პარლამენტში, ანუ - უმრავლესობას. გამოკითხვის თანახმად, მმართველ კოალიციას და მის საპარლამენტო მოკავშირეს, სახალხო პარტიას, ხმათა 47.8% და 85 ადგილი უნდა მიეღო. ვოხმატერის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული  კვლევა მემარცხენე ოპოზიციას 96 მანდატს უწინასწარმეტყველებდა, ხოლო მემარჯვენე კოალიციას, პია კერსგორის თაოსნობით - 79 ადგილს. „გამოკითხვები ნათელ უპირატესობას ანიჭებს ოპოზიციას. იმისთვის, რომ მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვოს, რაღაც ექსტრაორდინალური უნდა მოხდეს“- აღნიშნავდა ჰეტრ ჰოლმა - Geelmuyden.Kiese-ის ანალიტიკოსი.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია კარგავს თავის პოზიციას, Ramboell-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი თანამემამულეების მიერ ყველაზე სანდო ლიდერად მიიჩნევა. ათიდან დაახლოებით  ორმა დანიელმა (19.4%) გამოკითხვაში ქვეყნის სასურველ მმართველად სწორედ იგი დაასახელა; 16.4% პრემიერად ისურვებდა მარგარეტ ვესტაგერს (Marghrethe Vestager) - სოციალურ-ლიბერალური პარტიის ლიდერს; 14.2% - სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელს, ჰელ ტორნინგ-შმიდტს (Helle Thorning-Schmidt).

 „დანიელები დაიღალენ, ჰყავდეთ ისეთი მთავრობებით, როგორებიც იყო უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. მათ რაღაც სხვა სურთ. ქვეყანაში ასეთი ტრადიცია გვაქვს: მმართველობა 10 წლის განმავლობაში გრძელდება. ახლა, რაღაც პერიოდი სათავეში სოციალ-დემოკრატები გვეყოლება“ - განაცხადა არჩევნებამდე სვენინგ დელგაარდმა (Svenning Dalgaard), TV2-ის პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა.

შედეგები:

ლიბერალური პარტია - 47 მანდატი (46 მანდატი 2007 წელს)

სოციალ-დემოკრატიული პარტია - 44 (45)

დანიის სახალხო პარტია - 22 (25)

სოციალ-ლიბერალური პარტია - 17 (9)

სოციალისტური-სახალხო პარტია - 16 (23)

წითელ-მწვანეთა ალიანსი - 12 (4)

ლიბერალური ალიანსი - 9 (5)

კონსერვატიული პარტია - 8 (18)

ამომრჩეველთა აქტივობა - 87.7% (86.5%)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსპერტთა წინასაარჩევნო შეფასებები და საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები გამართლდა და გამარჯვება ოპოზიციურმა ალიანსმა მოიპოვა. „წითელმა ბლოკმა“ პარლამენტში უმრავლესობა ხუთი ადგილის უპირატესობით მიიღო. იგი დაიკავებს 89 ადგილს, ხოლო ყოფილი სამთავრობო ალიანსი მხოლოდ 86 მანდატს დასჯერდება.

დანიაში ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. 4,079,910 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებზე წასვლა 3,579,671  (87.7%) გადაწყვიტა.  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გრენლანდიიდან და ფარერის კუნძულებიდან პარლამენტში 2-2 წარმომადგენელი ხვდება.

ფარერებზე სულ 35.044 რეგისტრირებული ამომრჩეველია, ხოლო აქტივობა საკმაოდ დაბალი, 59.8% დაფიქსირდა. პარლამენტში თითო მანდატის მოპოვება შეძლეს უნიონისტურმა პარტიამ (30.8%) და სოციალ-დემოკრატებმა (21%).

რაც შეეხება გრენლანდიას, 40.935 ამომრჩევლიდან საარჩევნო ყუთებთან 57.5% გამოცხადდა. აქ გამარჯვება მოიპოვეს ესკიმოსთა გაერთიანების (42.7%) და პარტია „წინ“-ის (37.1%) კანდიდატებმა (თითო მანდატი).

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ნაციონალური მასშტაბით გამარჯვებისა, სოციალ-დემოკრატებმა პარლამენტში 2007 წელთან შედარებით ერთი ადგილით ნაკლები მოიპოვეეს. ტორნინგ-შმიდტის პარტია, რასმუსენის ლიბერალების შემდეგ, სიდიდით მეორე იქნება.

„ჩვენ ეს გავაკეთეთ... დღეს ჩვენ დავწერეთ ისტორია“ - განაცხადა ჰელ ტორნინგ-შმიდტმა შედეგების გამოცხადების შემდეგ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი გახდება პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი დანიის პარლამენტის ისტორიაში.

ყოფილმა პრემიერმა, რასმუსენმა აღნიშნა, რომ მან მიულოცა გამარჯვება როტნინგ-შმიდტს, თუმცა დასძინა: „დღეს მე გადავეცი პრემიერის ოფისის გასაღები ჰელს, მხოლოდ ვთხოვ ყურადღებით მოექცეს, იგი ხომ მხოლოდ თხოულობს მას“.

დანიის სახალხო პარტიამ, რომელიც მესამე მსხვილ ბლოკს წარმოადგენდა წინა მოწვევის პარლამენტში, 2007 წელთან შედარებით სამი ადგილით ნაკლები მიიღო. იგი ამჯერადაც ოპოზიციურ პარტიად მოგვევლინება. როგორც პარტიის ლიდერმა, პია კჟაერსგაარდმა განაცხადა, პარტიის წევრები ყველა ღონეს იხმარენ, რათა არ შესუსტდეს ყურადღება იმიგრაციის პრობლემის მიმართ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, საკმაოდ რთული იქნება ახალი მთავრობის ფორმირება, ვინაიდან არჩევნებში გამარჯვებული ორი მსხვილი პარტია - მემარცხენე წითლებისა და მწვანეების ალიანსი და ცენტრისტული - სოციალ-ლიბერალები არიან.

„ეს პოლიტიკური გამოწვევაა - განაცხანა აურჰუსის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა იორჰენ ელკლირმა - მთავრობის ფორმირება საკმაოდ დიდ დროს წაიღებს“.

ექსპერტთა შეფასებით, ეკონომიკა ახალი მმართველობის პირობებშიც ყველაზე აქტუალური საკითხი იქნება, ვინაიდან დანია ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ემზადება, რაც 2012 წლის იანვრში მოხდება.

როტნინგ-შმიდტს  ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ჯერსი ბუსეკმაც მიულოცა და განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ დანიას ეყოლება პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი. ვიმედოვნებ, რომ იგი გახდება კონტრუქციული პრო-ევროპელი პარტნიორი და ბევრს გააკეთებს ახალ მთავრობასთან ერთად“.

ევროპელი სოციალისტების პარტიის გენერალურმა მდივანმა, ფილიპ კორდერიმ (Philip Cordery) აღნიშნა, რომ შედეგები დანიაში იყო საკმაოდ დიდი მოვლენა PES-ის (Party of European Socialists)  წევრი ქვეყნებისთვის. „ვინაიდან ჩვენ 2012 წელს გველოდება არჩევნები საფრანგეთში, იტალიასა და, შესაძლოა, გერმანიაშიც, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ დანიის მსგავსად, PES-ის წევრი ქვეყნები არ დაიშურებენ ძალისხმევას, რომ ევროპა კვლავ პროგრესული გახადონ “ - განაცხადა კორდერიმ.