"პროტესტის ანატომია-2“-ის ფილმის კადრებმა , სადაც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის და რუსეთის ოპოზიციის ლიდერის სერგეი უდალცოვის მიერ რუსეთის ხელისუფლების „გადატრიალების მცდელობა“ იგეგმებოდა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია რუსულ მედიაში. რუსი პოლიტიკოსები სერგეი უდალცოვის დაპატიმრებას მოითხოვენ, რუსი ჟურნალისტების ნაწილი კი ამ ფილმს „ფაბრიკაციას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე წლის წინ გივი თარგამაძის მონაწილეობით, მსგავსი კადრები გავრცელდა უკრაინასა და ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
„ვისთან ერთად აპირებდა სერგეი უდალცოვი რევოლუციის მოხდენას და კრემლის აღებას? სააკაშვილის თანამოაზრესა და უახლოეს მეგობართან ერთად. გასაგებია, რუსი მაყურებელი ამ „სიმართლეს მიიღებს“, რადგან მიშიკო ბოროტია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეშმაკი დეტალებში იმალება, რომელიც ამ დეტექტიურ ფილმს კომედიად აქცევს“,-წერს ჟურნალისტი პაველ შერემეტი თავის ბლოგში „ეხო მოსკვიზე“ და კითხვას სვამს- ეს ის გივი თრგამაძე ხომ არ არის, რომელიც ძალიან ცნობილია ბელორუსიაში, უკრაინაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ასევე „ხელისუფლების გადატრიალებას“ აპირებდა.
„რუსმა სცენარისტებმა ნამდვილად კარიკატურული პერსონაჟი აირჩიეს.
რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი , „ვარდების რევოლუციის“ აქტიური მონაწილე, მოქეიფე და მექალთანე. თარგამაძე რამდენჯერმე აჩვენეს ანალოგიურ ფილმებში, მხოლოდ სცენარი იქ უკრაინასა და მინსკში მიმდინარეობდა.
2006 წელს ბელორუსიის ტელევიზიებში კადრები გავიდა- ერთ-ერთ რესტორანში თარგამაძე ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერს ანატოლი ლებედკოს ხვდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სადაც დაიგეგმა როგორ მოხდებოდა ტერაქტების მოწყობა მინსკში, როგორ გადაუხდიდნენ ბოევიკებს ფულს და როგორ გადააყენებდნენ ლუკაშენკოს.
უკვე 2010 წელი. ამჯერად სცენა უკრაინაში მიმდინარეობს...საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი და ისევ გივი თარგამაძე, რომელსაც 2000 (!) ბოევიკი ჩაჰყავს დონეცკში, რათა სიტუაცია იულია ტიმოშჩენკოს სასარგებლოდ და ვიქტორ იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ შემოაბრუნოს. ამ კადრებსაც უკრაინის სახელისუფლო ტელევიზია უშვებს.
ჩაივლის არჩევნები უკრაინასა და ბელორუსიაში და გივი და მისი ბოევიკები ყველას ავიწყდება. ყველას ესმის, რომ ეს შავი პიარის ნაწილი იყო და არსად არ ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რუსეთის გარდა. ყველა ამ სცენარისტს კი ერთი სკოლა აქვს დამთავრებული- კგბ-ს სკოლა.
სხვათაშორის, გივი თარგამაძეს დღესაც ძალიან ხშირად ხედავენ უკრაინასა და ბელორუსიაში, სხვათაშორის ლუკაშენკოს გარემოცვაში. საუბრობენ იმაზეც, რომ გივი თარგამაძეს ბელორუსიასა და უკრაინაში კაზინოს ბიზეს-ინტერესები გააჩნია, მოსკოვში კი კიდევ ერთი „დანაშაულებრივი ბლოგბასტერის შექმნა“ კრახით დამთავრდა“,-წერს შერემეტი.