[თეონა ხარაბაძე]
საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარეს ქსნის ციხეში პატიმარ რონი ფუქსის მონახულების უფლებას სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ ებრაელი ბიზნესმენები გასულ წელს, ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7,5 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ლორთქიფანიძის თქმით, მას ხელთ აქვს რონი ფუქსის წერილი, სადაც საუბრობს ბოლო დროს ციხეში მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლაზე. ამასთან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ საგანგებო წერილით მიმართა ხელისუფლებას, რომ მოახდინოს რეაგირება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არანარი პასუხი არ დაფიქსირებულა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე შიშობს, რომ ამის გამო, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბოს და პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
რა მასალა არსებობს რონი ფუქსის წამებასთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება ამ ფაქტმა საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე იმოქმედოს, ამ საკითხებთან დაკავშირებით პრესაჯი.ტვ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
- რონი ფუქსის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ბატონი არჩილ კბილაშვილი იმყოფებოდა ქსნის ნომერ მუთხუთმეტე დაწესებულებაში, სადაც რონი ფუქსია მოთავსებული და პირადად მოუყვა იმის შესახებ, თუ მის მიმართ რა ზეწოლა ხორციელდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზევ ფრენკელი რამდენიმე დღის წინ გეგუთის ციხეში გადაიყვანეს და, როგორც ჩანს, მათი განშორების შემდეგ რონი ფუქსზე განსაკუთრებული ზეწოლა ხორციელდება.
ზევ ფრენკული გეგუთში რატომ გადაიყვანეს?
- მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ განაჩენი გამოუტანა, ისინი სასჯელს ერთ დაწესებულებაში იხდიდნენ და, როგორც ჩანს, სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც, ალბათ, სასჯელაღსრულების მინისტრის კაბინეტშია გადაწყვეტილი და უფრო ზემოთაც, ეს ორი ადამიანი ერთმანეთს დააცილეს.
ეს ორივე დაწესებულება ნახევრად ღია ტიპისაა და რეჟიმის თვალსაზრისით თანაბარად ითვლება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი გადაყვანა მოხდა იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის უფრო მეტ ავტორიტეტს რონი ფუქსი წარმოადგენს და მისმა მარტოობამ უნდა უზრუნველყოს იმ პირობის შესრულება, რისთვისაც აღსრულდა ეს უკანონო მართლმსაჯულება.
თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, მასზე რა სახის ზეწოლა ხორციელდება?
- შავნიღბიანი და შავ ფორმაში გამოწყობილი პირების მიერ ხდება ამ ადამიანზე ზეწოლა. ისინი ღამის საათებში უვარდებიან მას საკანში, აღვიძებენ და ჩხრეკის ჩატარების მოტივით აიძულებენ, რომ პირით კედლისკენ დადგეს, ხელები ასწიოს და აგინებენ დედის მისამართით. უსველებენ წყლით საწოლს და ამის გამო შემდეგ დაწოლას ვეღარ ახერხებს.
ამასთან, აშინებენ მას სასჯელის დამატებით მისგან მართლსაწინააღმდეგო ნივთის „ამოღების“ საშუალებით და ამ შემთხვევაში საუბარია ნარკოტიკებზე.
თქვენ ამის შესახებ საიდან გაქვთ ინფორმაცია?
- ამას მოგვითხრობს თავად ბატონი რონი ფუქსი იმ ჩანაწერებში, რომელიც თავის ინტერესების დამცველ ადვოკატს გამოატანა და აქ აღწერილი არის 14 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მასზე განხორციელებული ყველა ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ. ეს ვლინდება პატიმრისთვის დადგენილი გასეირნების საყოველთაო უფლების შეზღუდვაში, ზარის განხორციელების შეზღუდვაში, მას აწუხებს კბილის აუტანელი ტკივილები და მიუხედავად ამისა, რომ არაერთგზის ითხოვა სტომატოლოგის მისვლა, ციხის ადმინისტრაციას მასთან ექიმი არ მიჰყავს. ამ ყველაფერს კი ემატება შავნიღბიანების ღამეული შევარდნები, რომლებიც ჩხრეკის ჩატარების საბაბით აწიოკებენ ამ ადამიანს. მაგალითად, 18-19 სექტემბრის ჩანაწერებში აღწერილი აქვს ეს ყველაფერი.
იგი ამ ჩანაწერებში ამბობს, რომ ღამის პირველი საათიდან დილის ხუთ საათამდე სიტემატურად შერბოდნენ ეს ადამიანები და ხუთ-ხუთ წუთიან ფსიქოლოგიური ტერორის აქტებს უტარებდნენ მას.
ამის შემდეგ მან თავისი ადვოკატის დახმარებით მიმართა ისრაელის საელჩოს და 19 სექტემბერს მასთან იმყოფებოდა ისრაელის კონსული და სწორედ ამის შემდეგ გააკეთა საელჩომ საპროტესტო განცხადება და მოითხოვა, რომ პატიმრის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა შეწყდეს და გამოძიებული იქნას ეს საქმე.
თქვენ რას აპირებთ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ამითი არ უნდა შემოვიფარგლოთ. მას შემდეგ, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა ამ წერილის შესახებ, მე მივმართე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლაშა თორდიას, რომ პარლამენტის რეგლამენტის მე-17 მუხლის თანახმად მოახდინოს ჩემი წარდგინება, რათა პარლამენტის თავმჯდომარემ მომცეს მე ამ პატიმრის მონახულების უფლება და საშუალება მომეცეს, გამოვიტანო იქიდან ობიექტური ინფორმაცია.
ბატონი რონი ფუქსი გახლავთ ისრაელის მოქალაქე და ისრაელის საელჩო აღშფოთებულია იმ ფაქტებით, რასაც ადგილი აქვს ქსნის ციხეში. ამ ყველაფერმა კი, შესაძლოა, სახელმწიფოთა შორისი სკანდალი გამოიწვიოს, რისი საფუძველი არსებობს და ამის წინაპირობები გამოიკვეთა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ დროულია, საქართველოს პარლამენტის და ამ შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდეს ციხეში და მოინახულოს მსჯავრდებული. პირადად მისგან მოისმინოს იმ ყველაფერის შესახებ, რაც ამჟამად წერილობით არის ცნობილი.
აქამდე არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერ დეპუტატს ციხეში შესვლის უფლებას არ აძლევდა. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება?
- ეს არის ჩემი პრინციპული მოთხოვნა და სხვა საკითხია, მომცემს თუ არა ბაქრაძე უფლებას. უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატთა შორის ერთადერთი პირი, ვისაც პენიტენციალურ სისტემაში 24 საათის განმავლობაში აქვს შესვლის უფლება, არის პარლამენტის თავმჯდომარე, ან მისგან ამ უფლებით დელეგირებული პარლამენტის რომელიმე წევრი.
დღევანდელი მდგომარეობით ამ უფლებით საქართველოს პარლამენტში არავინ არ სარგებლობს და მხოლოდ ბაქრაძე რჩება იმ პირად, ვისაც ციხეში უპრობლემოდ შესვლის უფლება აქვს და ამიტომ ვითხოვ, რომ ეს უფლება მკაცრად განსაზღვრული ვადით მომცეს. ეს არ არის პოლიტიკური მოთხოვნა და აქ არის მხოლოდ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით შესვლის უფლების მონიჭება. მე ამას ვითხოვ პარლამენტის რეგლამენტით და ბაქრაძეს არ აქვს არავითარი საფუძველი, რომ არ ენდოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს. თუ იგი უარს იტყვის, გამოდის, რომ ამით, ფაქტობრივად, უარს ეუბნება პარლამენტარიზმს. ეს იქნება პირდაპირი განაცხადი იმაზე, რომ ნაცმოძრაობა და მისი ლიდერები ხელს აფარებენ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელსაც ადგილი აქვს, ამ შემთხვევაში, პენიტენციალურ სისტემაში.
ასე რომ, მე ვფიქრობ, თუკი იგი უარს იტყვის ასეთი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობაზე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ეს იქნება მისთვის წამგებიანი ნაბიჯი.
ამ კონკრეტული პატიმრის მიმართ ასეთ მოქცევას რითი ხსნით? ხელისუფლების ინტერესში შედის ისრაელთან ურთიერთობის დაძაბვა?
- რონი ფუქსი თავის დეტალურ ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ დღეს, როდესაც მასთან შავნიღბიანები შევარდნენ, ისინი ახსენებდნენ ას მილიონს. ასევე არაერთხელ უხსენებიათ საარბიტრაჟო სასამართლო და, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ეს ფული უფრო მნიშვნელოვანია და იყენებენ იმ უმდაბლეს ეშელონებს ციხის ადმინისტრაციის სახით, რათა გავლენა მოახდინონ რონი ფუქსზე.
მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ილუზიაში, რომ ეს არ არის ვიღაც ბადრაგების და ციხის ადმინისტრაციის იდეის ნაყოფი. რა თქმა უნდა, ეს არის ინსპირირებული ზემოდან და სწორედ უმაღლეს ეშელონებში არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ კონკრეტული ფსიქოლოგიური ინსტრუმენტის გამოყენებით მოხდეს რონი ფუქსის თავისუფალი ნების დათრგუნვა და მიღებულ იქნას მისგან გადაწყვეტილება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით დათმოს 100 მილიონი აშშ დოლარის მიღების უფლება.
მან ეს ფული რომც დათმოს, ხომ იქნება იმის დადასტურება, რომ ეს მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო მოხდა და ეს ხელისუფლებას რაში სჭირდება?
- იქიდან გამომდინარე, რომ პენიტენციალური სისტემა არის დახურული და იქიდან არანაირი ინფორმაცია არ ჟონავს და ამის დასტური არის ის მწირი მონიტორინგის შესაძლებლობა, რომელსაც მხოლოდ „წამების საწინააღმდეგო ეროვნული მექანიზმის“ ფორმატში ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი, ხელისუფლება სარგებლობს ამ ბნელი ღამით და ახორციელებს ამ ფსიქოლოგიურ ტერორს იმის იმედით, რომ მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ სუბიექტურ პრეტენზიად შეიძლება დარჩეს იქიდან გამომავალი ხმა.
თუმცა, ეს ნამდვილად არ არის ასე და ამის მანიშნებელია ისრაელის საელჩოს გააქტიურება. ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება და როგორც იცით, ისრაელი თავის მოქალაქეებს გასაჭირში არ ტოვებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამიტომაც, თუკი ამ შემთხვევაში დიპლომატიური არხებით არ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, ისრაელი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს გაატარებს.
ერთია ის მართლმსაჯულება, რაც რონი ფუქსის მიმართ განხორციელდა და რომელსაც ეს ადმიანი და მისი ინტერესების დამცველები, მათ შორის ისრაელის იუსტიცია არ ეთანხმებიან და მეორეა მისი მოთავსების პირობები, რომელიც გაიგივებულია არაადამიანურ მოპყრობასთან და საქართველოს მთავარ პროკურატურას აქვს ვალდებულება, ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს სასწრაფო გამოძიება.
ჩვენ პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყების მზაობის შესახებ არანაირი განცხადება არ მოგვისმენია და ეს კიდევ უფრო გვიმყარებს ეჭვს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხასიათის ზეწოლა ამ პირის მიმართ გაგრძელდება.
საელჩოს განცხადებას ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. ამ ყველაფრის უარყოფაც კი არ მომხდარა და ამ ყველაფერს თქვენ როგორ ახსნით?
- გეთანხმებით, რომ ხელისუფლების ასეთი დუმილი კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ ეჭვებს. როგორც მინიმუმ, საგარეო უწყება მაინც იყო ვალდებული, რომ გარკვეული დიპლომატიური რევერანსი გაეკეთებინა ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ან იუსტიციის სამინისტროს ეთქვა, რომ გამოძიებას დაუყოვნებლივ დაიწყებდა და მასალებს წარუდგენდა დაინტერესებულ მხარეებს. მაგრამ მსგავსი განცხადებები არც ერთი უწყების მხრიდან არ მოგვისმენია და, სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის იმედად ვრჩებით, რასაც მე არასაკმარისად მივიჩნევ ობიექტური რეალობის დასადგენად ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.
რატომ ფიქრობთ, რომ ამას სახალხო დამცველის აპარატი ვერ შეძლებს?
- მონიტორინგს ახორციელებს არა პირადად სახალხო დამცველი, არამედ ერთი მცირე ჯგუფი, რომელსაც, სამწუხაროდ, არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია ციხის თანამშრომელთა მიმართაც კი. აქედან გამომდინარე ვაცხადებ, რომ ასეთი მონიტორინგი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს შეიძლება ატარებდეს და ეს არის საგანგაშო ინფორმაცია და ვფიქრობ, პარლამენტი არის ვალდებული, განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული ფუნქცია და მოახდინოს მონიტორინგი აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულ შტოზე.