ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა საქართველოს სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლომდე გადმოეცემა.
აღნიშნულის შესახებ პეტრიაშვილმა დღეს for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
პეტრიაშვილის თქმით, მოლოდინი, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკება 2013 წლის ბოლომდე დასრულდება, ძველი ხელისუფლების მიერ, წინასაარჩევნო რეჟიმში გაკეთებული საპიარო განცხადება იყო და ხალხს გადაჭარბებული მოლოდინი შეუქმნეს.
„მე არ ვარ სკეპტიკოსი, თუმცა ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს, ვიზა ლიბერალიზაციის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ქვეყანას უნდა გადაეცეს სამოქმედო გეგმა, მაგალითად ასეთი გეგმა მოლდოვამ 2 წლის წინ მიიღო, რომელიც 29-გვერდიანი იყო და იმ საშინაო დავალებებს შეიცავდა, რაც ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე უნდა გაკეთდეს. მოლდოვაში ინტენსიური მუშაობა დღესაც მიმდინარეობს, ჩვენ კი ასეთი სამოქმედო გეგმა არ გადმოგვცემია, ამიტომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ვადებზე საუბარი სახიფათო და სარისკოა“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს სამოქმედო გეგმა სავარაუდოდ შემოდგომის ბოლომდე გადმოეცემა.
თავის მხრივ, პეტრიაშვილი პირობას დებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს სამოქმედო გეგმაში მოცემული დავალებები სწრაფად შეასრულონ.
„თუმცა წინა ხელისუფლების ის განცხადება, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე მოლაპარაკებები 2013 წლის ბოლომდე დასრულდებოდა, არარეალისტური იყო“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მომავალ წელს სერიოზული პროგრესი იქნება.
მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ამ ეტაპზე კარგ სტადიაზეა.
„სამუშაოს დიდი ნაწილი ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა უკვე შეასრულეს და სერიოზული და შრომატევადი სამუშაო გაწიეს, ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილი თვით ევროკავშირის წარმომადგენლები. ასე, რომ, ამ მიმართულებით მომავალ წელს ვიმოდევნებთ, რომ სერიოზული პროგრესი იქნება და ქართველ ხალხს გავახარებთ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.