ჭიათურის მაღაროებში მესამე დღეა მუშაობა პარალიზებულია - თინათინ ხიდაშელი მდგომარეობას ხვალ ადგილზე გაეცნობა

ჭიათურის მაღაროებში მესამე დღეა მუშაობა პარალიზებულია - თინათინ ხიდაშელი მდგომარეობას ხვალ ადგილზე გაეცნობა

ჭიათურის მაღაროებში მესამე დღეა მუშაობა პარალიზებულია. მუშები ხელფასის გაორმაგების, სამედიცინო დაზღვევის, სამუშაო პირობებისა  და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ და სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ.

მაღაროელებმა ხელმძღვანელობას მოთხოვნების 15-პუნქტიანი ნუსხა უკვე გადასცეს,  მენეჯმენტმა კი,  ხელფასების მხოლოდ 10%-ით გაზრდაზე განაცხადა თანხმობა, რაზეც მუშები არ თანხმდებიან.

ჭიათურაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ წერეთლის განცხადებით, მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით, ის კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს დავით უსუფაშვილს და თინა ხიდაშელს შეხვდა, რომლებიც მაღაროელების შესახებ, ბიძინა ივანიშვილს ინფორმაციას მიაწვდიან.

წერეთლის თქმით, ხვალ, თინათინ ხიდაშელი კომპეტენტურ პიროვნებებთან ერთად, ჭიათურაში ჩავა და მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.

„ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვები გრძელდება. დღეს მუშაობა ყველა მაღარომ და ქარხანამ შეწყვიტა. მათ მუშაობა მას  შემდეგ შეაჩერეს, რაც გუშინ ადმინისტრაციის შენობასთან ინციდენტი მოხდა. კერძოდ,  აქციის მონაწილეები შეეცადნენ შენობაში შეჭრას, რის გამოც  შენობის მინები დაიმსხვრა. გუშინ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შედგა შეხვედრა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. დღეს კი, ჩემი ინფორმაციით, ხელმძღვანელებმა ქალაქი დატოვეს. ისინი მუშებს აღარ შეხვედრიან. ხვალ, თინათინ ხიდაშელი კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად, ჭიათურაში ჩამოვა და შეხვედრებს, როგორც მუშებთან ასევე ხელმძღვანელებთან გამართავს“, - განაცხდა წერეთელმა.