საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს.
ამასთან დაკავშირებით, პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ისინი კომბინატში სამართლიანობის აღდგენას, ხელფასების ზრდას, შრომის უსაფრთხო პირობების შექმნას 2010 წლიდან ცდილობდნენ, რისთვისაც ტარდებოდა შეხვედრები დასაქმებულებთან, თუმცა მათი ინფორმაციით, პროფკავშირის აქტივისტების ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს, ზოგის მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებაც კი განხორციელდა.
„ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენერალური მენეჯერი აკაკი გურჯიძე პირადად აშინებდა იმ ხალხს, რომლებიც დამოუკიდებელ პროფკავშირში წევრიანდებოდა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მუშების სამართლიანი მოთხოვნები განხილვის საგანი არ გამხდარიყო. საწარმოში დღემდე არსებობს აკაკი გურჯიძის მიერ შექმნილი "ყვითელი" პროფკავშირი "სამთოელი", რომლის საშუალებითაც მაღაროელებს წლების განმავლობაში ატყუებდნენ და აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, 2010 წლის აპრილ-მაისში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 3 დღიანი გაფიცვის შედეგად მოვახერხეთ ჭიათურელი მაღაროელებისა და ზესტაფონელი მეტალურგებისთვის ხელფასების 15%-იანი მატება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენლობის ცნობით, მათი იურისტები და ეკონომისტები, მზად არიან, ადმინისტრაციასთან ერთად გააანალიზონ კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები და მაღაროელების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს სამართლიანად და ღირსეულად, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საწარმოს სტაბილური ფუნქციონირების აღდგენას, მის განვითარებას და იქ დასაქმებულთათვის ღირსეული შრომის პირობების შექმნას.
თუმცა პროფკავშირის განცხადების თანახმად, იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული პროცესები დაიწყოს წარმატებულად და წარიმართოს საქმიან და კონსტრუქციულ გარემოში, აუცილებელია ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენერალური მენეჯერის აკაკი გურჯიძისა და მისი გარემოცვის დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ ჩამოშორება და ისეთი ახალი ადმინისტრაციის დანიშვნა, რომელიც სარგებლობს ჭიათურელების ნდობით.
„ვთვლით, რომ ბიზნესსა და დასაქმებულთა ორგანიზაციას შორის სოციალური დიალოგი არის საუკეთესო გზა კოლექტიური შრომითი დავების გადაჭრისათვის და მოვუწოდებთ ყველა ბიზნესმენს, ქვეყანაში უზრუნველყონ სოციალური დიალოგი, რაც იქნება გარანტია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და დასაქმებულთა ოჯახების კეთილდღეობისთვის", - აღნიშნულია პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.