„იმედი“ საინფორმაციო გამოშვებებს დროებით წყვეტს

„იმედი“ საინფორმაციო გამოშვებებს დროებით წყვეტს

ტელეკომპანია „იმედი“ საინფორმაციო გამოშვებებს დროებით წყვეტს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „იმედმა“ საკუთარ ეთერში გაავრცელა. განცხადების ტექსტი ტელეკომპანიის წამყვანმა წაიკითხა.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება არხის ახალმა მენეჯმენტმა მიიღო, რომელიც ტელევიზიაში ერთი საათის წინ შემოვიდა.

„გადაწყვეტილება არხის ახალმა მენეჯმენტმა მიიღო. ერთი საათის წინ,  ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები ახალი ამბების სამსახურს შეხვდნენ და განმარტეს, რომ გადაბარების პროცესის  დასრულებამდე საინფორმაციო პროგრამები ეთერში აღარ გავა.

ახალი მენეჯმენტის წარმომადგენელთა განცხადებით „ქრონიკა“ პირდაპირ  რეჟიმს უახლოეს მომავალში,  გადაბარების პროცესის დასრულებისთანავე დაუბრუნდება  და საინფორმაციო მაუწყებლობის შეწყვეტა მხოლოდ დროებითი პროცესია“, - ნათქვამია „იმედის“- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია და რადიო „იმედის“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის  გადაცემისთვის პროცედურები  დაწყებულია.

დღეს „იმედის“ მმართველი კომპანიის „ჯორჯიან მედია ფროდაქშენგრიფის“  ხელმძღვანელი გიორგი არველაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შეხვდა.