„ქართული ოცნება“ პარლამენტის ახალი შენობის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ საუბრობს

„ქართული ოცნება“ პარლამენტის ახალი შენობის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ საუბრობს

კოალიცია „ქართულ ოცნებაში" ქუთაისის პარლამენტის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებაც იმსჯელეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

მისი თქმით, ქუთაისელები, ადგილობრივი საკრებულო და ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტს რაში გამოიყენოს ეს შენობა, რომელიც ხიდაშელის ინფორმაციით, ხელისუფლებას 340 მილიონი ლარი დაუჯდა.

„საუბარი იყო პარლამენტის შენობის უნივერსიტეტისთვის გადაცემაზე. ამ პროცესის განხორციელებას კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები აქვს და ჩვენ შესაბამისად ამ პროცედურებს დავიწყებთ ისე, როგორც პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, კანონით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს არანორმალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტობრივად სრულყოფილ და სრულმოქმედ რეჟიმში 150 დეპუტატის ქუთაისში ცხოვრებაზე, რომელთაგანაც 99%-ს იქ საცხოვრებელი არ აქვს, თუმცა აუცილებელია ეს ხარჯები დაიფაროს. ჩვენი ამოცაა ეს ხარჯები საერთოდ აღარ არსებობდეს“, - დასძინა ხიდაშელმა.