აკადემიკოსი და საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე, რომ არ მოეკლათ, დღეს, 17 ოქტომბერს დაბადებიდან 72 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ გურამ შარაძის ბიოგრაფიულ დეტალებს, რომელიც ოჯახისა და მისივე სახელობის საზოგადოების ძალისხმევით შექმნილი ვებგვერდიდან http://guramsharadze.wordpress.com/ გადმოვიწერეთ:
გურამ შარაძე დაიბადა 1940 წლის 17 ოქტომბერს ოზურგეთის (ყოფილი მახარაძის) რაიონის სოფელ გურიანთაში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა მახარაძის N3 საშუალო სკოლა და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იგივე თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1963 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით.
1966 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1975 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1967 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერი თანამშრომლისა და სწავლული მდივნის თანამდებობებიდან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელამდე.
1991-1992 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1994 წლიდან თსუ-ში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი.
1997 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ამას გარდა, იყო საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და რამდენიმე სხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის და პარიზის ეროვნული საბჭოს წევრი.
გურამ შარაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: წლების მანძილზე იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების პრეზიდენტი, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე, სრულიად საქართველოს ივანე მაჩაბლის სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე.
1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ ზვაიდ გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ, გურამ შარაძემ მხარი დაუჭირა საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს – ზვიად გამსახურდიას. ამავე პერიოდში შარაძე იყო კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების კოლხური კოშკისა და არქივების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო გროზნოდან 1992 წელს გამოგზავნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე გახდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი.
1992-1993 წლებში გურამ შარაძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის - ასლან აბაშიძის მრჩეველი მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დარგში.
1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ. ამასთან, ამ პერიოდში იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.წ.) სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1996-1997 წლებში განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. 1999 წელს მეორედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ.
1999 წელს გურამ შარაძემ შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ხოლო 2001 წელს მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოება”.
გურამ შარაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით და უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით “უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”.
2004 და 2006 წლებში “ვარდების“ ხელისფლებამ გურამ შარაძე “ხულიგნობისთვის” ორჯერ დააპატიმრა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის 2-2 კვირა სასჯელს მხოლოდ თავისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო იხდიდა.
2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე თბილისის ცენტრში, მილიქიშვილის გამზირზე მოკლეს.
გურამ შარაძის სამი შვილიდან უფროსი - ლაშა, 1998 წლის 15 მაისს მოკლულ იქნა საკუთარ ლოგინში, მძინარე მდგომარეობაში, ხოლო შუათანა - გიორგი გარდაიცვალა 2009 წლის 30 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად.
გურამ შარაძეს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული წიგნი და გამოკვლევა. მათ შორის: თეიმურაზ ბაგრატიონი, ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია სამ ტომად), თბ., 1972-1974 წწ; არქეოგრაფიული ძიებანი, თბ., 1973; მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, თბ., 1978; პლატონ იოსელიანი - რუსთველოლოგი, თბ., 1980; ბელა ვიკარი - “ვეფხისტყაოსნის” უნგრულად მთარგმნელი, თბ., 1981; დავით ჩუბინაშვილი - რუსთველოლოგი, თბ., 1982; მიკლოშ კიში ტოტფალუში და ქართული სტამბა, თბ., 1982; მარი ბროსე და ვეფხისტყაოსანი, თბ., 1983; ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე (უორდროპები და საქართველო), თბ., 1984; საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე, თბ., 1986; პეტრე დიდიდან ლევ ტოლსტოიმდე, თბ., 1986; ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია ორ ტომად), თბ., 1987-1990 წწ;
უცხოეთის ცის ქვეშ (ქართული ემიგრაციის ისტორია), სამ ტომად, თბ., 1991-1993 წწ; მემედ აბაშიძე, თბილისი-ბათუმი, 1995; ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება, თბ., 1995; ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება, თბ., 1998; ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა, თბ., 1998; ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი I, თბ., 2001; ტომი II, თბ., 2001; ტომი III, თბ., 2003; ტომი IV, თბ., 2003; ტომი V, თბ., 2004; ტომი VI, თბ.; 2005; ტომი VII, თბ., 2005; ტომი VIII, თბ., 2005; ისტორიული რელიკვიების დაბრუნება, თბ., 2001; ასე იწყებოდა წმ. ექვთიმე ღვთისკაცი – თაყაიშვილი, თბ., 2005; აკაკი წერეთელი, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ტომი I, თბ., 2006; აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, თბ., 2006. აკაკის იუბილე, თბ., 2006; აკაკის სიკვდილი და დასაფლავება, თბ., 2007.
მრავალფეროვანია გურამ შარაძის მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობის სფერო:
ძველი ქართული მწერლობა და რუსთველოლოგია, ახალი ქართული მწერლობა, ქართული ემიგრანტული მწერლობა, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკა, კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობანი (ქართულ-უნგრული, ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული, ქართულ-რუსული), ბიბლიოგრაფია, რედაქტორულ-საგამომცემლო, პედაგოგიური (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სალექციო კურსი, ასპირანტების ხელმძღვანელობა – მისი ხელმძღავნელობით და მეცნიერული კონსულტანტობით მომზადდა ათეულობით სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია), იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი.