ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია.
აღნიშნულის შესახებ, პეტრიაშვილმა დღეს, for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
პეტრიაშვილის თქმით, შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და საქართველოს ევროპასა და ნატოში ინტეგრაცია ერთი სიჩქარით ვერ მიდიოდეს, რადგან ევროპასთან და ნატოსთან თანამშრომლობა საკმაოდ მაღალ დონეზეა და ბუნებრივია, ამ სიჩქარის შეჩერებას არავინ აპირებს, თუმცა ორივე პროცესი პარალელურად უნდა წარიმართოს.
მისივე თქმით, რუსეთმა ძალიან მკაფიოდ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი და ორიენტაცია შეუქცევადია.
„ბუნებრივია, არავის აქვს იმის იმედი, რომ ისინი საქართველოს მიერ გაცხადებული კურსის გაგრძელებას, რომ ნატოსა და ევროკავშირში უნდა გავწევრიანდეთ ზარზეიმითა და სიხარულით შეხვდებიან, მაგრამ დიალოგი დასაწყებია. დიალოგი აუცილებელია პირველ რიგში კი, იმისათვის, რომ ურთიერთობებში არსებული დაძაბულობების მოხსნა მოხდეს, რათა ახალი შესაძლო სამხედრო თუ პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციის შესაძლებლობა ყოველმხივ გამოირიცხოს. ეს პროცესები პარალელურად უნდა წარიმართოს. რუსეთთან ჩვენ კეთილმეზობლური, ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული თანამშრომლობა გვინდა. დარწმუნებული ვარ, რუსეთს ნამდვილად არ უნდა უქმნიდეს კომფორტს ის ვითარება, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე, იქნება ეს ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ეუთოს თუ გაეროს გენერალური ასამბლეის ფორუმები, მუდმივად დგას კრიტიკა იმასათვის, რომ მათი შეიარაღებული ძალების მიერ, ჩვენი ქვეყნის 20 %-ზე მეტი ოკუპირებულია“, - განაცხადა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, შედეგი რაც მიიღეს, ცალკეულ წრეებში დიდ გამარჯვებადაც აღიქვეს.
პეტრიაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისოდ აღიარებული წესებისადმი დაქვემდებარება აუცილებლად მოუწევს, თუმცა მისივე თქმით, უბრალოდ ამას, ნაბიჯ-ნაბიჯ მოლაპარაკებები სჭირდება.
„ეს ურთულესი მოლაპარაკებები იქნება. არაერთხელ მითქვამს, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში მათ გაცილებით უკეთესი სასტარტო პოზიცია ჰქონდათ, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.