თბილისი ძველი “მარშრუტკების” ანაბარა დარჩება

თბილისი ძველი “მარშრუტკების” ანაბარა დარჩება



4 თვის შემდეგ იანვრამდე დედაქალაქში არც ერთი ძველი სამარშრუტო ტაქსი არ უნდა მოძრაობდეს. ტენდერის პირობების თანახმად, იმ დროისთვის “თბილისის მიკროავტობუსმა” 3 078 ახალი მანქანა უნდა შემოიყვანოს. ჯერჯერობით კი შემოყვანილია საჭირო ტრანსპორტის 10-15%. საკრებულოში ეჭვი ეპარებათ, რომ “თბილისის მიკროავტობუსი” ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანას მოახერხებს.

“თბილისის მიკროავტობუსის” 353 ერთეული ახალი ყვითელი “მარშრუტკა” დედაქალაქში 15 ივლისს გამოჩნდა. მას შემდეგ კომპანიას არც ერთი მანქანა არ შემოუყვანია. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი პარტია უახლოეს დღეებში ჩამოვა, ხოლო 2012 წლის იანვარში ყველა ხაზზე ახალი მანქანა ივლის.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯაბა სამუშიას ეჭვობს, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანა მოესწრება და “თბილისის მიკროავტობუსი” გაძვირებული მგზავრობის შესაბამისი კომფორტის შექმნას 2012 წლის განმავლობაშიც ვერ მოახერხებს. 
 
“როგორც აღმოჩნდა, იმ თურქულ კომპანიას, რომელსაც “ფორდის” მარკის მიკროვატობუსები შეუკვეთეს, ასეთი რაოდენობის მოთხოვნის შესრულება არ შეუძლია. არ მგონია, ამ პრობლემის მოგვარება 2012 წლის ბოლომდე შეძლონ და, ალბათ, ეს პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდება. ფასი კი მომატებულია და იმის მაგიერ, რომ სამარშუტო ტაქსების რეფორმით მოსახლეობას შეღავათი მიეღო, პირიქით, უკიდურესად მძიმე მდგომარობაში აღმოჩნდა - მიიღო 70 პროცენტით გაზრდილი მგზავრობის საფასური და კომფორტის ნაცვლად, გაუარესებული პირობები.

სამარშრუტო ხაზებზე მიკროვატობუსების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად, მათი რაოდენობა შემცირდა. თუ იყო ერთ ხაზზე 30-მდე მიკროავტობუსი, 20-მდე შეამცირეს. ეს იმ პირობებში, როდესაც სამარშრუტო ტაქსები გადავსებული იყო და ხალხს ფეხზე დგომა უწევდა. გაზრდილია მათი მოძრაობის ინტერვალიც. 

რაოდენობის შემცირებამ ინტერვალის გაზრდაც გამოიწვია, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა და ხალხს რა პირობეებში უწევს მგზავრობა”, - განაცხადა სამუშიამ.

ინტერვალის გაზრდაზე და გაჩერებებზე ხანგრძლივ ლოდინზე მგზავრებიც საუბრობენ. ისინი კარგა ხანია ჩივიან, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსები დიდი ინტერვალით დადიან და თანაც ისეთი გადაჭედილები, რომ ხშირად რიგით მე-3 მანქანაშიც რის ვაი-ვაგლახით ახერხებენ ასვლას. მოსახლეობის პრეტენზიებს მძღოლებიც იზიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ ინტერვალების გაზრდა მათი ბრალი არ არის და მას კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” არეგულირებს.
“8-10-წუთიანი ინტერვალებით იმიტომ დავდივართ, რომ საკმარისი მანქანები არ არის. ადრე ბევრი “მარშრუტკა” იყო და 3-5 წუთში ერთხელ გავდიოდით ბოლო გაჩერებებიდან, მაგრამ ახლა ასე არაა და ინტერვალებიც გაიზარდა. ამიტომაცაა, რომ პიკის საათებში ჩვენი ხაზის ყველა მანქანა გადაჭედილია. ვიდრე მანქანებს არ დაამატებენ, ინტერვალების შემცირება არ მოხდება, ეს კი ჩვენი, რიგითი მძღოლების პრეროგატივა ნამდვილად არ არის”, - აცხადებენ სამარშუტო ტაქსის მძღოლები.

ჯაბა სამუშია კი აღნიშნავს, რომ “თბილისის მიკროავტბუსმა” მიკროავტობუსების შემოყვანა ვერ მოახერხა და ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროს მართვას, როგორც სამარშრუტო ტაქსების ბიზნესია, მით უმეტეს ვერ შეძლებს. ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია აღნიშნულ კომპანიას მხოლოდ რამდენიმე ლოტი დაუტოვონ და დანარჩენ ლოტებზე უფლება ინდმეწარმეებმა მოიპოვონ.

“სტანდარტებით გათვალისწინებული მიკროავტუბუსების ყოლის შემთხვევაში ინდმეწარმეებს უფლება უნდა მიეცეთ ლოტები მოიპოვენ. ასეთ შემთხვევაში კონკურენცია იქნება და ფასები თვითონ დარეგულირდება. როგორც ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგულირდებოდა. საწვავის ფასის ზრდის მიუხედავად, ბოლო 10 წელია სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა არ გაძვირებულა, სანამ მერიის მაღალჩინოსნებმა ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება არ მოისურვეს. სიტუაციიდან გამოსავალი მერიის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული,” - აღნიშნა სამუშიამ.

სატენდერო პირობების თანახმად კი “თბილისის მიკროავტობუსმა” 2012 წლის 15 იანვრამდე სულ 3 078 ახალ მიკროავტობუსი უნდა შემოიყვანოს. სწორედ იმ პერიოდისთვის უნდა მოხდეს ავტოპარკის განახლება და ყველა ძველი მანქანის ახლით შეცვლა. ტენდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში კი, როგორც მინიმუმ, ის უნდა გადაიხედოს.