გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ცალკეულ სამინიტროებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩამოერთმევათ და საქართველოს რეგიონალურ ადმინისტრაციებსა და თვითმმართველ ერთეულებს გადაეცემათ.
From.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა.
როგორც დეპარტამენტის უფროსმა თეა ბოლქვაძემ განაცხადა, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მანქანა წაიყვანეს და მძღოლმა გასაღები უკვე ჩააბარა.
„მე, ზუსტად არ ვიცი, ვის მიერ ხორციელდება ეს, მაგრამ პირადად, შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მანქანა წაიყვანეს და მძღოლმა გასაღები უკვე ჩააბარა. ჩვენ ვიცით, რომ ავტომანქანები მიჰყავთ, ხოლო ის, თუ სად მიჰყავთ, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება“, - განაცხადა ბოლქვაძემ.
From.ge საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსაც დაუკავშირდა.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ.
„მსგავსი რამ ჩვენს სამინისტროში არ ხდება. ამ ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ“, - განაცხდა ეკა გულუამ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის პრეზიდენტს აღნიშნულის თაობაზე ნორმატიული აქტი გამოცემული არ აქვს. შესაბამისი სახის დოკუმენტი არც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება და არც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.