ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროპისა და ნატოსკენ სვლა, ენერგიული, დინამიური, პრაგმატული იქნება და არა პიარზე ორიენტირებული.
აღნიშნულის შესახებ, პეტრიაშვილმა დღეს for.ge - ს პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
პეტრიაშვილის თქმით, ამჟამად, ევრო ინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშა ურთიერთობები და კონსულტაციები მიმდინარეობს და აღნიშნავს, რომ დიპლომატიურ კორპუსთან და იმ წამყვან მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უშუალოდ მონაწილეობენ, თავიანთი დილმოპატიური გამოცდილებით, გარკვეული ურთიერთობები აქვთ.
„ზოგიერთთან ახლოსაც ვმეგობრობთ და ბუნებრივია, ურთიერთობები ძალიან სწრაფად აეწყობა. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს შეფერხება იმ პროცესებში, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. უკვე ჩვენი საქმიანობით, უშუალოდ, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს დავარწმუნებთ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციისკენ ენერგიული, დინამიური, პრაგმატული სვლა იქნება და არა პიარზე ორიენტირებული.
ჩვენ ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რასაც ჰქვია, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და შესაბამისი პროცედურების სამართლებრივი, თუ სხვა ტიპის დროულად და სწრაფად მოგვარება, რათა წელგამართული ვიყოთ ევროკავშირის და ნატოს წინაშე, სრულყოფილ მზაობაში, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მიღებულ იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება, გავხდეთ ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის წევრნი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სვლის გზა საქართველოსთვის მარტივი არ იქნება, თუმცა აღნიშნავს, რომ მარტივი ამ ქვეყანაში ბევრი რამ არაა.
„ყველა ღონეს მოვიხმართ, იმასათვის, რომ ეს პროცესი აქტიური და რეალური იყოს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.