საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის საპატრიარქოს სამშობიარო სახლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ საპატრიარქოს აღნიშნული შენობის ნაცვლად, შესთავაზა ორთაჭალაში გორგასლის ქ. #95-ში მდებარე შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი და მისი ტერიტორია, რაზეც საპატრიარქომ თანხმობა განაცხადა.
„ორი დღეა მასმედიის საშუალებებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია კობის, იგივე თარხნიშვილის ქუჩა #2-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით, სადაც ბოლო დრომდე განთავსებული იყო შპს წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის საპატრიარქოს სამშობიარო სახლი. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ: აღნიშნული სამშობიარო საქართველოს საპატრიარქოს გადმოეცა 2000 წელს და ეს მოხდა არა ჩვენი ინიციატივით, არამედ ამ საავადმყოფოს კოლექტივის მრავალგზის თხოვნის და სახელმწიფოს თანხმობის შედეგად. თუმცა შენობა კვლავ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად დარჩა და იგი უვადო უზუფრუქტის სახით გაფორმდა საპატრიარქოს სახელზე. როგორც ცნობილია, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის დადგენილებით, ლიცენზიის მიღებისთვის სავალდებულო გახდა ძველი საავადმყოფოების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახლების აშენება და მოწყობა. ეს მოთხოვნა შეეხო საქართველოს საპატრიარქოსაც და რომ აღნიშნული განხორციელებულიყო, სახელმწიფომ შემოგვთავაზა ორთაჭალაში გორგასლის ქ. #95-ში მდებარე შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი და მისი ტერიტორია, სადაც განთავსდებოდა როგორც აღნიშნული ჰოსპიტალი, ისე წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის სამშობიარო სახლი. საქართველოს საპატრიარქომ მისაღებად მიიჩნია დაეთმო თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე უზუფრუქტით გადმოცემული შენობა (6200მ2) და მიწის ფართი (3854მ2) და მის ნაცვლად საკუთრებაში აეღო ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარნოვის ჰოსპიტალის ტერიტორია და ნაგებობები (მიწის ნაკვეთის ფართი 18043მ2, ხოლო შენობების 9000მ2). ეს მოხდა 2007 წელს", - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებით, ინვესტორად შეირჩა მანანა შარაშიძე, რომელმაც ჩამოაყალიბა შპს MGI და ამ შპს-ს საშუალებით განახორციელა ორთაჭალის ჰოსპიტალის ძველი შენობის სრული რეკონსტრუქცია და სრულიად ახალი შენობის აგებაც, რისთვისაც საპატრიარქო მას მადლობასაც უხდის.
"საერთო ჯამში, მან გაარემონტა და სათანადო აპარატურით აღჭურვა 6500 მ2 ფართი ნაცვლად მისთვის სავალდებულო 80 საწოლიანი საავადმყოფოსი, ანუ 3200მ2. აღნიშნულ შენობაში 2012 წლის 2 ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო საპატრიარქოს მრავალპროფილიანმა სამედიცინო ცენტრმა. შევნიშნავთ იმასაც, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინვესტორს შეექმნა ფინანსური პრობლემები და იგი იძულებული გახდა გაეყიდა კობის, იგივე თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა, რათა ვალი დაეფარა. ახალი მესაკუთრის გეგმები კი ჩვენთვის უცნობია. ასე რომ, 2007 წლიდან კობის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრე არის შპს MGI და მას ამ დროიდან თავისუფლად შეეძლო თავისი სურვილისამებრ განეკარგა ეს ქონება. მიუხედავად ამისა, ქ-ნმა მანანა შარაშიძემ შეძლო სამშენებლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ საერთოდ არ შეწყვეტილიყო არც შპს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამშობიარო სახლის და არც შპს ნიკოლოზ ბარნოვის ჰოსპიტალის თავ-თავის ადგილზე ფუნქციონირება. ყოველივე ამის გამო იგი ჩვენგან მადლიერებას იმსახურებს", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქო ასევე აკეთებს განცხადებას მერაბ ხიდაშელთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მას თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში საპატრიარქოს საავადმყოფოს ადმინისტრაციის კეთილი ნებით გამოყოფილი ქონდა დაახლოებით 50 მ2 აბორტსაწინააღმდეგო ცენტრისთვის, თუმცა ეს ფართი მის საკუთრებას არასოდეს შეადგენდა.
„ამდენად, მისი პრეტენზია ვინმეს მიმართ ფართის გამოყოფის შესახებ არ იქნება სამართლიანი", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.