არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „თბილისის განვითარების ფონდის” ლიკვიდაციის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობდნენ და კითხვებს სვამდნენ როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სხვადასხვა ფონდების, მათ შორის თბილისის განვითარების ფონდის, გაუმჭვირვალე საქმიანობის, ასევე ფონდის გეგმებისა და მისი ფინანსების საჯაროობასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ კითხებზე პასუხის გაცემისგან ქალაქ თბილისის მერია და ფონდის ხელმძღვანელობა, როგორც წესი, თავს იკავებდა, რაც მათი თქმით, ეჭვის საბაბს აჩენდა.
„აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ფონდი ქალაქში მინდინარე რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის უდიდეს ნაწილს განაგებდა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდის დამფუძნებელიც იყო, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ გაუქმდა და თავისი ქონება თბილისის განვითარების ფონდს გადააბარა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„საერთაშოსრისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს თბილისის მერიას, რომ ფონდის ლიკვიდაცია გამჭვირვალედ განხორციელდეს. მათი განმარტებით, პირველ რიგში სასურველი იქნება თბილისის მერიამ საზოგადოებას აცნობოს რატომ დადგა დღის წესრიგში ფონდის ლიკვიდაციის საკითხი.
„ვფიქრობთ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და კონკრეტულად რა პროექტებისთვის იხარჯებოდა ქალაქის მთავრობის მიერ ფონდში გადარიცხული საბიუჯეტო თანხები. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ქონების მფლობელი იყო ფონდი ლიკვიდაციის პერიოდში და როგორ მოხდება მისი განკარგვა. იმის გამო, რომ ფონდს კონკრეტული ვალდებულებები (კეძოდ, საცხოვრებელით უზრუნველყოფის ვალდებულება) აქვს მოქალაქეთა ერთი ნაწილის მიმართ და მშენებლობა/რეაბილიტაცია გარკვეულ ობიექტებზე ჯერაც არ არის დასრულებული, აუცილებელია თბილისის მერიამ უახლოეს პერიოდში აცნობოს ამ მოქალაქეებს თავისი გეგმებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.