ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლის ნათია კაპანაძის შეფასებით, ტელეკომპანია „იმედის“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნება და გიორგი არველაძის მიერ, პოსტის დატოვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „იმედთან“ დაკავშირებით, სასამართლოს მიერ, მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ უნდა გადაიხედოს.
„ამ ქონებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდებოდა. ხშირ შემთხვევაში, თვითონ ოჯახი აკეთებდა განმარტებებს, მაგრამ მთლიანობაში აღმოჩნდა, რომ წილებს, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი ფლობდა, საერთოდ დაკარგეს.
სასამართლო პროცესები, რომლებიც ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით გაიმართა, როგორც ვიცით, საბოლოოდ დასრულდა ისე, რომ ტელეკომპანიის წილს გიორგი არველაძე ფლობდა.
გუშინდელი განცხადების შემდეგ და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ მხარეები მოლაპარაკებაზე წავიდნენ და მათ გადაწყვტს ტელეკომპანიის წილები პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაებრუნებინათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ უნდა გადაიხედოს და კიდევ ერთხელ, უნდა გადაისინჯოს ამ საკითხთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებები და სამართლებრივად რა ნაბიჯები იქნა მიღებული. საბოლოოდ, დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ამ საკითხის სამართლებრივი შეფასება ხელახლა უნდა მოხდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.
რაც შეეხება მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებმაც თავის დროზე, გარკვეულწილად უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღეს, კაპანაძე აცხადებს, რომ თავდაპირველად ტელეკომპანიასთან დაკავშირებული საქმეები უნდა გადაიხედოს და ამ საკითხზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება.
„ჯერ აუცილებელია, გადაიხედოს, თუ რა ეტაპები გაირა საქმემ, ვინ იყო ჩართული მასში, რა პრეტენზიები ჰქონდათ მხარეებს და აშ. სასამართლო შეაფასებს რამდენად მიუძღვის, ან აქვს თუ არა ვინმეს ბრალეული მოქმედებები ჩადენილი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მას შემდეგ მოხდება“, - განაცხადა კაპანაძემ.