"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ტელეკომპანია „იმედის“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის გადაცემა და გიორგი არველაძის მიერ, პოსტის დატოვება გარეგნულად ძალიან ცუდად ჩანს.
„ეს ფაქტი გარეგნულად ძალიან ცუდად ჩანს, მაგრამ შიგნით რა ხდება არ ვიცი. ვერ ვხვდები, თუ კანონიერად იყო პროცესები წარმართული, მაშინ ეს დაბრუნება რას ნიშნავს და თუ არ იყო კანონიერად ყველაფერი, ძალიან ცუდი. სამართლიანობამ, თუ იზეიმა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც რაღაც გაუგებრად ხდება“, - განაცხადა ბობოხიძემ.
კითხვის პასუხად, ტელეკომპანიის მფლობელებისთვის გადაცემა, პასუხს ხომ არ სცემს პასუხგაუცემელ კითხვებს და ხომ არ ადასტურებს, რომ სამართლიანობამ იზეიმა, ბობოხიძე აცხადებს, რომ ამას თავის მეგობრებში მოიკითხავს.
„ამას მოვიკითხავ ჩემს მეგობრებში, რომლებმაც თავის დროზე, მიიღეს გადაწყვეტილება და არ ვიცი როგორ გახდნენ მეპატრონეები და დღეს, მიიღეს გადაწყვეტილება , რომ ვიღაცას რაღაცას უბრუნებენ. არ მესმის ან დაპატრონება რას ნიშნავდა და ან უკან დაბრუნება რას ნიშნავს“, - განაცხადა ბობოხიძემ.