[თეონა ხარაბაძე]
„მარტვილში სრული განუკითხაობა და ძალადობაა. არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ჩვენთან ადამიანს სიცოცხლის საშუალებას არ აძლევენ. ხალხს ნაკვეთებში უვარდებიან და ართმევენ. ჩვენს მიწებს ხომ ყიდიან, მაგრამ ჩვენ შესყიდვის უფლებასაც არ გვაძლევენ“, - ამბობს მარტვილის რაიონში მცხოვრები ზურაბ ყურუა.
მისი თქმით, ხელისუფლება მიწებს მარტვილის რაიონის ხუთი სოფლის, - ვედითკარი, მუხუჩა, ლეფოჩხუა, მახათი და ორთაშის მოსახლეობას ართმევენ და ასხვისებენ.
ამის შესახებ მარტვილელებმა განცხადება გუშინ პარლამენტში, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარის, გია ცაგარეიშვილის დახმარებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
პარლამენტში ოცამდე მარტვილელი იყო მოსული და დახმარებას იმის გამო ითხოვდნენ, რომ საარსებო მიწის გარეშე რჩებიან. მარტვილელი გლეხების თქმით, მიწებთან დაკავშირებით რამდენიმე სახის პრობლემა აქვთ. პირველი ეს არის ის, რომ მარტვილის რაიონის რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლებს ართმევენ საკარმიდამო მიწას.
„შევარდნაძემ თავის დროზე ბრძანება გამოსცა, რომ საკარმიდამოდ 1200 კვადრატული მიწა გვერგებოდა, მაგრამ მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამდენის დაკანონების საშუალება არ მოგვცა და დიდხანს ვდაობდით იმაზე, რომ 1000 კვადრატულამდე მაინც დაეკანონებინათ და როგორც იქნა, ამას მივაღწიეთ. ახლა კი მოვიდნენ და გამოგვიცხადეს, რომ ამდენი არ გეკუთვნითო და ჩამოგვაჭრეს. ესაა სამართალი? ეს ჩვენთვის საარსებო წყაროა და გვითხრან, რითი ვიცხოვროთ“, - ამბობს ზურაბ ყურუა.
მეორე პრობლემა ეხება ამ სოფლების საძოვრების გაყიდვას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე პირობებს უფრო მეტად უმძიმებს.
„42 ჰექტარი საძოვარი უკვე შემოღობეს და ამბობენ, რომ გაყიდულია და ჩვენ ამ ტერიტორიაზე აღარანაირი უფლება არ გვქონია. რა ვქნათ, სად ვაძოვოთ საქონელი? მიწა ჩვენ არ დაგვიტოვეს და ახლა საქონლის ყოლის პირობებსაც გვართმევენ. გვითხარით, როგორ ვიცხოვროთ. ისეთი გამწარებულები ვართ, რომ არ ვიცით, რას ვიზამთ. გლეხი თუ გამწარდა, ცოფიან ძაღლზე უარესი იქნება“, - ამბობს მაყვალა რურუა.
იგი იმაზეც ჩივის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ მათ პრობლემას არაფრად აგდებენ და ამას იმით ხსნის, რომ მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლება თავად ყოფილა ამ მიწების ბიზნესით დაინტერესებული.
„თვითონ მაძღრები არიან და ჩვენ არსებობის საშუალებას არ გვაძლევენ. ლობიოს და მჭადის ჭამის საშუალება არ გვაქვს და თვითონ რა ენაღვლებათ? მთელი მიწები მაგათ ხელშია და ჩვენ არავის ვადარდებთ. პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა სამეგრელოში, მასთან შეხვედრა ვითხოვე, მაგრამ არ მიმაკარეს. სამაგიეროდ, ვინც ფეხებში უვარდება, ხომ მიუშვეს?“ - ამბობს მაყვალა რურუა.
მესამე პრობლემა კი უკვე თავის დროზე იჯარით გაცემულ მიწებს შეეხება. როგორც კონსტანტინე ესვანჯია ამბობს, მას იჯარით ჰქონია მიწა აღებული. მაგრამ ეს მიწა ხელისუფლებას მაინც გაუყიდია და ახლა გაყიდულ მიწაზე გადასახადს და საურავებს არიცხავენ.
მისი თქმით, მას 2002 წელს 49 წლიანი იჯარით ჰქონდა მიწა აღებული. 2008 წელს კი, როდესაც მისი შესყიდვა სურდა და ადგილობრივ თვითმმართველობას მიაკითხა, განუმარტეს, რომ მიწა ე.წ. „ფერეროსთვის“ მიუყიდიათ და, შესაბამისად, მას აღარ ეკუთვნოდა. თუმცა, როგორც ამბობს, 2009 წელს მას გადასახადი მაინც დაეკისრა და რადგან მისთვის ჩამორთმეულ მიწაზე გადასახადი აღარ გადაიხადა, საურავებიც დაემატა.
მარტვილელმა გლეხმა საკითხი სასამართლოშიც გაასაჩივრა, თუმცა საქმე მის წინააღმდეგ გადაწყდა. გლეხის თქმით, ამბობდნენ, მოსამართლე ზეწოლას განიცდის და შეიძლება სამართლიანი გადაწყვეტილება, ქუთაისის სასამართლო მაინც მიიღოსო.
„ქუთაისის სასამართლომ კი გადაწყვეტილება არ შეცვალა, უზენაესმა სასამართლომ კი თქვა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია“, - დასძინა ესვანჯიამ.
ამასთან, მარტვილელები იმასაც ამბობენ, რომ ესვანჯიას მსგავსად, ადგილობრივ გლეხებს იჯარით აღებული მიწების შესყიდვის საშუალება არ მისცეს და ისინი გლეხების ინფორმირების გარეშე გაყიდეს.
გლეხები ამბობენ, რომ მიწების შესყიდვის შესაძლებლობა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს მიეცათ. კერძოდ, მარტვილელების თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაჟორიტარ დეპუტატს ნაული ჯანაშიას, გუბერნატორ ზაზა გოროზიას ძმას ზაალ გოროზიას და ყოფილ დეპუტატს, რომან რურუას, ასეულობით ჰექტარი მიწა აქვთ შეძენილი.
მარტვილელები სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც მიწებს ხელახლა აზომავს და ინვესტორებთან ერთად, მიწები გლეხებსაც შეხვდებათ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი მარტვილის რაიონში მიწების უკანონოდ გასხვისებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
მისი თქმით, ადგილობრივების განცხადებას, რომელსაც ხელს 477 ადამიანი აწერს, პროკურატურას დღესვე გადაუგზავნის. ცაგარეიშვილის განცხადებითვე, მარტვილის რაიონში მიწების უკანონო გასხვისებას აწარმოებენ გამგებელი მამუკა დანელია და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია, რომელიც გუბერნატორ ზაზა გოროზიას ძმაა. თუმცა, ეს ადამიანები გლეხებთან საუბრისას მიწების გასხვისებაში ეკონომიკის სამინისტროს ადანაშაულებენ და გლეხებს ურჩევენ საქმე ინვესტორთან გაარკვიონ.
„გლეხებს სამინისტროში ვინ რას ეტყვის? მოჯადოებული წრეა შექმნილი ნაციონალური მოძრაობის მიერ. ინვესტიციების წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ ეს ქართველი გლეხების ულუკმაპუროდ დარჩენის ხარჯზე არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა და მარტვილის ხელისუფლებას მიმართა, დღეს თბილისში ჩამოსულ გლეხებს „თმის ღერი არ ჩამოვარდეთ“.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მარტვილელები თბილისში აპირებდნენ ჩამოსვლას, ადგილობრივმა ძალოვნებმა გზების გაკონტროლება და მათთვის ხელისშეშლა დაიწყეს, თუმცა ვერ მოახერხეს.