[მარიამ ლოლაშვილი]
არჩევნებისა და პოლიტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორს კახა კახიშვილს გაჰკვირვებია იმ ოპოზიციის, რომელსაც არ მოსწონს საარჩევნო გარემო, მაგრამ მის შესაცვლელად ხალხთან ერთად არ იბრძვის.
საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. იყვნენ ამის კატეგორიული მოწინააღმდეგენიც, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ხელისუფლებასთან არანაირი მოლაპარაკებები არ შეიძლებოდა. ამ გადასახედიდან რომელმა გზამ გაამართლა?
- ამ კითხვაზე გლობალური პასუხის გაცემაა საჭირო. ვფიქრობ, იმ მხარემ, რომელიც იძახდა, რომ არჩევნებზე მოლაპარაკებების პროცესი შედეგს არ გამოიღებდა, მე მგონი, თვითონაც იწვნია ამ გზის საბოლოო შედეგი. რაც შეეხება მეორე მხარეს, რომლებიც არჩევნებით აპირებდნენ შედეგის მიღწევას, მათზე შეფასებას ვერ გავაკეთებთ, რადგან ჯერჯერობით, არჩევნები არ დანიშნულა. თუმცა, ფაქტია, მათი შეცდომა იყო სამოქალაქო აქტიურობის გარეშე ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გამართვაზე დათანხმება. ყოველ შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ იმ მხარემაც, რომელმაც ჩათვალა, რომ რადიკალური გზით არჩევნების გარეშე შესაძლებელია ამ ხელისუფლების სახლში გაშვება, შეცდომა დაუშვა; დაუგეგმავი და სპონტანური აქციებით ამ ზაფხულს ხელისუფლებას სრული კარტბლანში მისცა, რაც შემდგომში განხორციელდა აბსურდულ საკანონმდებლო ინიციატივაში.
დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ზაფხული ძალიან მშვენივრად გამოიყენა ხელისუფლებამ სხვადასხვა კანონებში სერიოზული ცვლილებების შესატანად: მათ შორისაა მიტინგებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებების შეტანა, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ აძლევს ადამიანს საშუალებას, გამოხატოს სიტყვის თავისუფლება, დემონტრაციისა და მანიფესტაციის მეშვეობით; სისხლის სამართალში შეტანილი ბუნდოვანი განმარტებებით, ხელისუფლების წარმომადგენელზე ან პოლიციის თანამშრომელზე ძალადობის შემთხვევაში, უვადო თავისუფლების აღკვეთის პირობები; ნაგვის გადასახადის დენზე მიბმა. დღეს მივიღეთ კიდევ ერთი ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი.
ვფიქრობ, ორივე მხარემ შეცდომა დაუშვა, როგორც ე.წ. რადიკალურმა მხარემ, ისე იმ მხარემაც, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებასთან ბევრად უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლა და ეს პროცესი ბევრად უფრო საჯარო ყოფილიყო.
ოპოზიციას მოლაპარაკებების პროცესში რომც ჩაერთო საზოგადოება, შედეგს მიიღებდა? ეს ხომ ის საზოგადოებაა, რომელსაც ხელისუფლება პატივს რომ სცემდეს, საარჩევნო კოდესში აქამდეც შეიტანდა ცვლილებებს?
- შესაძლოა, ხელისუფლება პატივს არ სცემს საზოგადოებას, მაგრამ, ამავდროულად, როდესაც ხედავს, რომ საზოგადოება გასულია ქუჩაში, მათ მიმართ გარკვეული შიში უჩნდება. 9 აპრილის აქციების შედეგად ხელისუფლება სერიოზულ დათმობაზე მოდიოდა. მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა და არ არჩია მოლაპარაკების გზა, ფიქრობდნენ, ასე უფრო ადვილად გაუშვებდნენ სახლში ხელისუფლებას. იმავე 7 ნოემბრის აქციების შემდეგ ხელისუფლებამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ანუ, როდესაც ხელისუფლება ხედავს, რომ გარეთ გამოსულია კრიტიკული მასა, მაშინ იმის განცდა აქვს, რომ რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეს. ხოლო, როდესაც ხელისუფლება ხედავს, რომ დაუგეგმავია აქცია არაფრის მომტანი არაა ასეთ აქციას უმოწყალოდ ექცევა ხოლმე, რაც დავინახეთ 26 მაისს.
ამ საარჩევნო კოდექსის გამოსწორების მიზნით პარალელურ რეჟიმში აქციების მოწყობა ძალიან დაგვიანდა? ირაკლი ალასანიაც ხომ ამას პროგნოზირებდა?
- მიკვირს „ექვსიანის“, მათ პირველად განაცხადეს, რომ ის ცვლილებები არ აკმაყოფილებთ, რა ცვლილებებიც ხელისუფლებამ დაუდო ამ ათთვიანი მოლაპარაკების შედეგად. თუ არ გაკმაყოფილებს შედეგი, ალბათ რაღაც მოძრაობაცაა საჭირო, რასაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ. არ ვიცი, რა ტაქტიკა აქვთ შემუშავებული, მაგრამ უმოქმედობით შედეგი დგება მხოლოდ სისხლის სამართლის სივრცეში და ისიც არასასურველი. დანარჩენ შემთხვევაში, აუცილებელია მოქმედება.
მაგრამ ყოფილ „რვიანში“ დაბნეულობა იმანაც ხომ არ შეიტანა, რომ მათ გამოეყვნენ „ახალი მემარჯვენეები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“? ამან ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი?
- ამ ორმა პარტიამ ჩათვალა, რომ ამაზე მეტს ხელისუფლება არ დათმობდა. ამით ხსნიან ამ გადაწყვეტილებას. თუმცა შეგვიძლია, მათ კითხვა დავუსვათ, ხელისუფლების შეთავაზებულს პირველებმა რაღა თქვენ მოაწერეთ ხელი? ჯერ სხვებს მოეწერათ და თქვენ გებრძოლათ. რაზეც შეთანხმდა ოპოზიციური სპექტრის ნაწილი (ახლები, ქდმ, მრეწველები, ედპ), ის 12 პუნქტიანი შეთანხმება ახლაც ძალაშია. ხელისუფლება არ უარყოფს და იძახის, კი ბატონო, მოვდივარ ამაზე. ფაქტია, იძახიან, მაგრამ ჯერჯერობით არ გვინახავს დაწერილი, როგორ აისახება ეს კოდექსში. სხვა საქმეა, რამდენად ქმედითი იქნება ეს კომისიები. ერთია, როდესაც კომისია მუშაობს, მაგრამ მეორეა, როცა კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულოა. ასე, თვითმმართველობის არჩევნების დროს იყო უწყებათაშორისო კომისია, რომელიც სწავლობდა ადმინისტრაციულ რესურსთა გამოყენების ფაქტს, მაგრამ ფაქტობრივად, არანაირი შედეგი არ დადო. თუ კომისიებს კონკრეტული, დამრღვევი თანამდებობის პირების მიმართ ადმინისტრაციული ზემოქმედების მიღების თაობაზე გარკვეული ბერკეტი ექნებათ, მაშინ შესაძლებელია, ეს კომისიები ქმედითი აღმოჩნდეს. თუ ცვლილებები დარჩა მხოლოდ კანონში და რეალურად არცერთ კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების შანსი არ მიეცა, რა თქმა უნდა, წინგადადგმულ ნაბიჯად არ ჩაითვლება.
კარგა ხანია, ოპოზიციისგან გვესმის, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დასავლეთი ხელისუფლებაზე ზეწოლას ახდენს. თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, დასავლეთი თვალს ხუჭავს არჩევნების შედეგებზე. ნამდვილად ახდენს ხელისუფლებაზე ზეწოლას დასავლეთი?
- დასავლეთის ზეწოლა მე ვნახე 2003 წელს, როდესაც შევარდნაძისდროინდელ ხელისუფლებას დასავლეთი „აწვებოდა“ და დაათმობინა კიდეც ძალაუფლება. როდესაც დასავლეთმა საჭიროდ ჩათვალა ძირეული რეფორმები საარჩევნო ადმინისტრაციაში, ჩამოვიდა ბეიკერი, ჩამოიტანა პაკეტი, რომელიც გადასცა შევარდნაძეს და უთხრა, ეს უნდა მიიღო, თუ შემდგომში თანამშრომლობა გსურს შეერთებულ შტატებთანო. ამავდროულად, 2003 წლამდე დასავლეთი სერიოზულად აფინანსებდა სამოქალაქო სექტორს. ალბათ გახსოვთ, აძლიერებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელისუფლებას ეუბნებოდა, ამ ორგანიზაციებთან კონფლიქტში ნუ შედიხართ. ანუ შებოჭა ხელისუფლება იმ კუთხით, რომ არასამთავრობოების მიმართ რეპრესიული მანქანა ამოქმედებულიყო. გზა გაუხსნა არასამთავრობო სექტორს. ეს შეეხო, ასევე, მედიაგანვითარებას, რეგიონალური ტელევიზიები საბოლოოდ მონსტრებად გადაიქცნენ. ამას ერქვა დასავლეთის მხარდაჭერა. დღეს ასეთი ეტაპები და პროცესები ვერ შევნიშნე. ის, რომ დასავლეთს ინფორმაცია არ აქვს, ამის არ მჯერა. თუ ჩვენს „ემ-ვე-დე“-ს აქვს ის მოწყობილობა, რომ ყველას უსმენს, მაშინ დასავლეთსაც უნდა ჰქონდეს და, ალბათ, დასავლეთს ნამდვილად აქვს ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთისგან ჯერჯერობით რეაგირება არ ჩანს.
არც ვენეციის კომისიის დასკვნაა დიდად მნიშვნელოვანი?
- ჩვენ როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც არეგულირებს ჩვენი
ცხოვრების წესებს, ჩვენ თვითნვე უნდა მოგვწონდეს ეს კანონები. პირველ რიგში,
საერთაშორისო ინსტიტუტები ყოველთვის ელოდებიან ადგილობრივ რეაქციას. თუ ადგილობრივი
რეაქცია არ არის მყარი და მყისიერი, ისინიც „ლაითად“ უყურებენ პროცესებს.
დავით ბაქრაძემ „ფეისბუკის“ მეგობრებთან ერთად უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციას მინდობილი ხალხი გავა არჩევნებზე?
- ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება არჩევნებზე სერიოზულ წარმატებას აღწევს, ეს დამოკიდებულია იმ ფორმულაზე, რომ არჩევნების შედეგთა შეჯამება მისულ ამომრჩეველთა რაოდენობით განისაზღვრება. დავუშვათ, თუ მივიდა 500 ათასი კაცი და მათგან 400 ათასი ნაციონალების მხარდამჭერი იყო, ხოლო ოპოზიციამ მარტო 100 ათასის მიყვანა მოახერხა, რა თქმა უნდა, ნაციონალებს მეტი შედეგი ექნებათ. ხელისუფლების ზრუნვის საგანი ისაა, რომ თანამდებობაზე ყოფნა გაიხანგრძლივოს, მაქსიმალურად მიიყვანოს თავისი მხარდამჭერები და ეცადოს, საარჩევნო ყუთთან ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არ მივიდეს. ამიტომაც ხელისუფლება მოსახლეობაში ნიჰილიზმის განწყობას თესავს ოპოზიციის მიმართ, რაც გამოიხატება სხვადასხვა შავი პიარის აგორებაში.
სხვათაშორის, ოპოზიციური პარტიები ზოგჯერ ეხმარებიან ხელისუფლებას იმაში, რომ ერთმანეთს ლანძღავენ. ამავდროულად, ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ბევრი ოპოზიციური პარტიის ჩართვა არჩევნებში, რათა მათი ხმები გახლიჩოს. ამას ხელისუფლება ახერხებს. ახლა ოპოზიციის ამოცანაა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან მაქსიმალურად მიიზიდოს ისე, რომ ნაკლებად გახლიჩოს მათი ხმები. მოახერხებს თუ არა ამას ოპოზიცია, არ ვიცი.
როგორი უნდა იყოს საარჩევნო კოდექსი, მარკირების შემდეგ ახლა ბიომეტრიულ სიებზეც საუბრობენ.
- ჩვენმა ხელისუფლებამ მარკირების პროცედურა საერთოდ ამოიღო დღევანდელი კანონპროექტიდან. პრინციპში, მარკირების ინსტიტუტმა არ გამართლა, რადგან 2003 წლიდან მარკირება ისე არ მუშაობდა, როგორც უნდა ემუშავა. რაც იყო მარკირების არსი - კარუსელების აღკვეთა, აღარ მუშაობდა, რადგან ოპოზიციამაც მოადუნა ყურადღება. არავინ იცის, სად ყიდულობდა ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ სითხეს, საერთოდ, რა სითხე იყო, იშლებოდა თუ არა. ამავდროულად, მარკირების შესამჩნევ ძალიან იაფფასიან აპარატურას იყენებდნენ - ჩინურ ფანარს, რომელიც აშუქებდა, გავლილი ჰქონდა თუ არა ადამიანს მარკირება. ეს პროცესი არ იყო ეფექტური, რათა კარუსელი არ განხორციელებულიყო. ამასთან დაკავშირებით ბევრი საჩივარი იწერებოდა საარჩევნო უბნებზე, რადგან ზოგ შემთხვევაში, ფანარი არ მუშაობდა, ზოგჯერ სითხე არ გადმოდიოდა სინჯარიდან. ამიტომ ხელისუფლებამ მარტივად გადაწყვიტა, ამოეღო მარკირების პროცედურა და შემდგომში ნაკლები საჩივარი იქნებოდა.
რაც შეეხება ბიომეტრიულ სიებს, ამაზე ხელისუფლება არ დათანხმდა. უბრალოდ, შეთანხმდნენ, რომ იქნება კომისია, რომელიც საარჩევნო სიების დაზუსტების კუთხით იმუშავებს. ამ დროს კი თუნდაც სურათიანი საარჩევნო სიის დადება შეიძლებოდა, საარჩევნო სიის გამოკვრა უნდა ყოფილიყო არა ანბანის მიხედვით, არამედ დამისამართებით; ანუ გეცოდინებოდათ, რომ ამ სახლში ცხოვრობს ხუთი კაცი, ეს ხუთი კაცი პირდაპირ გამოჩნდებოდა. დღეს კი არ ჩანს, რადგან ანბანურადაა დაწყობილი საარჩევნო სია. თუ ხელისუფლებას ექნება ნება, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები, ეს დღევანდელი კოდექსითაც შესანიშნავად შეიძლება. ამავე კოდექსით, თუ ოპოზიციას ექნება საიმისო ძალა, რომ მიიყვანოს თავისი ამომრჩეველი ყუთთან, არ გახლიჩონ და წინასწარ არ დაიწყონ ერთმანეთის ლანძღვა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ასეთ შემთხვევაშიც, შესაძლებელია არჩევნების მოგება. გაიხსენეთ, თბილისში რა შედეგით დამთავრდა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. იმავე კოდექსით, იმავე სახელისუფლო მანქანის პირობებში, ძალიან სერიოზული შედეგები აიღო ოპოზიციურმა კანდიდატმა. ამიტომ ამას სჭირდება მოქმედება და თითოეული ნაბიჯის სტრატეგიულად დაგეგმვა და არა გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმა.
ბიომეტრიულ პირადობის მოწმობებზე გადასვლა დღევანდელ სისტემაში, როდესაც ეს არ არის ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების თანმხვედრი ინტერესი, სახიფათოა. ეს რომ ყოფილიყო ერთობლივი ინტერესი, იტყოდი, კი ბატონო, ორივე მხარე გააკონტროლებდა, რაიმე შეცდომა არ გაპარულიყო; მაგრამ, როდესაც ხელისუფლებას ეს არ უნდა და ამის გადამოწმების მექანიზმი ისევ ხელისუფლებას აქვს, რა თქმა უნდა, ვერ იმუშავებს. ვინ გაიგებს, ადამიანს ჩიპში რა ინფორმაციას ჩაუმონტაჟებენ? ამის წამკითხველი აპარატურა ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. გარდა ამისა, დანაშულია, რომ ახალი კანონპროექტით, ხელოვნურად ზრდიან პარლამენტის წევრთა რაოდენობას. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან 2003 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგები კანონიერ ძალაშია შესული. რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრების ვადებიც გასულია.
დღეს რომ ამბობენ, არასწორად ჩატარდა რეფერენდუმიო, თუ არასწორად ჩატარდა, უნდა გაესაჩივრებინათ, მაგრამ ვერ ასაჩივრებენ, რადგან ვადები გასულია.